ექსკლუზიური ინტერვიუ ტოჩინოშინთან

 ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ივლისში, ნაგოია ბაშოზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო – ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ფეხი ცუდად დადგა დოჰიოზე და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. თავდაპირველი პროგნოზით, ლევანს დაახლოებით 5-6 თვე გაუცდებოდა. თუმცა, მას შემდეგ პრესაში არავითარი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა ტოჩინოშინის ჯანმრთელობის შესახებ.

ლევანს იაპონიაში შევეხმიანეთ და საუბარიც სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ.

–         ლევან, მოგესალმები! თავდაპირველად გვითხარი, როგორ ხარ? როგორ გაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი?

–         მოგესალმებით! ამ დროისათვის უკვე არა მიშავს, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. უკვე მსუბუქი ვარჯიშიც დავიწყე, თუმცა ჯერ დოჰიოზე დაბრუნებამდე კიდევ შორია.

2 თვე საავადმყოფოში ვიწექი – ოპერაციის გაკეთება ტრავმის მიღებისთანავე შეუძლებელი იყო, რადგან მუხლი გასიებული მქონდა და სანამ არ დაცხრებოდა, მანამდე ვერ კიდებდნენ ქირურგები ხელს. დაახლოებით ერთ თვეზე ცოტა მეტი დაჭირდა გასიებული მუხლის დაცხრომას და 21 აგვისტოს გამიკეთეს ოპერაცია. ოპერაციიდან პირველი ორი დღე გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, ლამის კედლებზე გავდიოდი. თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა იკლო ტკივილმა და ახლა უკვე, როგორც გითხარით, მსუბუქი ვარჯიშიც დავიწყე. დილაობით ძუნძუნლით დავრბივარ, გარკვეული სახის ვარჯიშებსაც ვაკეთებ და ვცდილობ, რაც შეიძლება მალე დავიბრუნო ძველი ფორმა. არადა, ნაგოია (ივლისის) ბაშოსთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და მინიმუმ 10-12 მოგებას მაინც ვგეგმავდი. მაგრამ მოხდა ასეთი მოულოდნელი რამ და ახლა ფაქტიურად ყველაფრის ნულიდან დაწყება მიწევს.

–         ლევან, როგორც ვხვდები, შენი გამოსვლა მოახლოებულ კიუშუ (ნოემბრის) ბაშოზე გამორიცხულია. როდის უნდა ველოდოთ შენს დაბრუნებას დოჰიოზე?

–         როგორც ექიმები მეუბნებიან, მარტის ბაშომდე შეუძლებელია ჩემი ფორმაში ჩადგომა იმ დონემდე, რომ დოჰიოზე გასვლა შევძლო. თუმცა, მე პირადად ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ იანვრის ბაშოსთვის აღვიდგინო ძალები და ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გავიდე.

ამჟამად ჯურიოს (რანგით მე-2) დივიზიონის მე-14 ნომერი ვარ. იანვარში ალბათ მაკუშიტას (მე-3 დივიზიონი) მე-15 / მე-20 ნომერი ვიქნები. აი იანვრის ბაშოც თუ გამოვტოვე, მაშინ უკვე დიდი შანსია, რომ სანდანმეს (რანგით მე-4) დივიზიონამდე დამაქვეითონ და ალბათ იცით, რამდენი დრო ჭირდება მერე იქედან ელიტაში დაბრუნებას. ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რომ იანვარში ტოკიოში დოჰიოზე გავიდე.

–         ლევან, ასეთ მდგომარეობაში სპორტსმენებს ხშირად ემართებათ დეპრესია და ბევრი მათგანი კარიერასაც ასრულებს. შენს შემთხვევაში თუ იყო რაიმე მსგავსი განცდები?

–         კი, არ დაგიმალავთ, ერთი ხანობა მეც სერიოზულად დავფიქრდი კარიერის დასრულებაზე – ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ყველაფერი თითქმის ნულიდან უნდა დამეწყო. თუმცა, შემდეგ შევძელი საკუთარ თავში ძალების გამონახვა და ვთქვი: “მოდი, კიდევ ერთხელ გავიჭირვებ, კიდევ ერთხელ შევუტევ!”

–         არადა, ჯერ მხოლოდ 26 წლის ხარ, ლევან…

–         კი, მაგრამ იცით რა მომენტია? როდესაც ტრავმის შემდეგ გადიხარ დოჰიოზე, ქვეცნობიერი შიში მოგყვება ძველი ტრავმის გამეორებისა და უწინდებური შემართებით ვეღარ იბრძვი.

თან მე, გარდა ამ ჯვარედინი მყესებისა, ორივე მკლავზე გაწყვეტილი მაქვს კუნთები. თუ დაკვირვებიხართ, ბოლო პერიოდში მკლავებზე სპეციალური სახვევებით გამოვდივარ მუდმივად საბრძოლოდ. მკლავის კუნთის გაწყვეტა ისეთი რამეა, რომ ეგრევე გიქვეითდება ძალა. ექიმები კი ოპერაციის გაკეთებას ამ კუნთების აღდგენაზე არ გვირჩევენ, რადგანაც ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იგივე კუნთების განმეორებით გაწყვეტისა, რაც უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

სხვათა შორის, ამ იძულებითი პაუზით ვისარგებლე და კიდევ ერთი ოპერაცია გავიკეთე იდაყვზე.

–         იდაყვის ტრავმა როდის მიიღე, ლევან?

–         აქ ცოტა სხვა მდგომარეობაა და შეიძლება ამას ტრავმა არც ვუწოდოთ. როდესაც სუმოისტები ერთმანეთს ვეჯახებით, იდაყვის ძვლები დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა იმსხვრევა. ამ ნამსხვრევებზე ჩნდება მარილები და წარმოიშობა ერთგვარი ხრტილები, რომლებიც გაწუხებს და უსიამოვნო ტკივილს იწვევს პერიოდულად. სწორედ ორი ცალი ასეთი ხრტილი ამომიღეს იდაყვიდან ამ ოპერაციით, რომელთაგან ერთ-ერთის სიგრძე სანტიმეტრნახევარი გახლდათ. თავად განსაჯეთ, როგორი ტკივილის გამოწვევა შეეძლო ამხელა უცხო სხეულს იდაყვის არეში.

–         ლევან, მოდი ცოტა სხვა თემებსაც შევეხოთ. მაინტერესებს, საქართველოში როდის იყავი ბოლოს და უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებ ჩამოსვლას?

–         ბოლოს საქართველოში ვიყავი დაახლოებით 2 წლის წინ, საშობაო არდადეგებზე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება საქართველო და როგორი ნოსტალგია მაქვს მაქაურობის. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ შემიძლია ჩამოსვლა, რადგან ტრავმირებულ სუმოისტს კლუბის დატოვების უფლება არა აქვს და რეაბილიტაციის პროცესი აქაური ექიმების მეთვალყურეობით უნდა გავიარო.

თან, გარდა ამისა, იცით ალბათ, რომ ძალიან მკაცრი პრეზიდენტი ყავს ჩემ კლუბს, ოიაკატა კასუგანოს სახით, რომელიც ძალიან ბევრ შეზღუდვას გვიწესებს და ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვას განეკუთვნება შვებულებით სამშობლოში გამგზავრება.

სხვათა შორის, გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად იაპონიაში არსებულ სუმოს 50-მდე კლუბს შორის ჩვენს კლუბში ყველაზე დიდი სიმკაცრე და ყველაზე მძიმე პირობებია.

–         ლევან, მოდი, რახან ამ თემას შევეხეთ, გკითხავ ბარემ იმ გახმაურებული სკანდალის შესახებ, რომელიც შენსა და კლუბის პრეზიდენტს შორის მოხდა, ორი წლის წინ. მართალია, რომ ოიაკატა კასუგანომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა?

–         კი, მართალია. მოგიყვებით ყველაფერს, რა არის დასამალი…

ორი წლის წინ, გასვლითი შეკრება გვქონდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში. 13 ოქტომბერს, ჩემს ორ ქვედალიგელ თანაგუნდელთან ერთად, წავედით რესტორანში და ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ. საღამოს, დაახლოებით 12 საათისთვის, სასტუმროში ცოტა შეზარხოშებულები დავბრუნდით და სასტუმროს კარი დაგვხდა დაკეტილი. თურმე, 10 საათზე სასტუმროს კარი იკეტებოდა და უცხო პირი ვეღარ შევიდოდა შიგნით. ჩვენ კი საშვები და საბუთები სასტუმროში გვქონდა დატოვებული და ვერ შევდიოდით. თანაც, კარებს რომ მივუახლოვდით, ჩაირთო გამაყრუებელი სიგნალიზაცია. ამაზე გამოვარდა დაცვა, მოგვთხოვა საბუთები, დაგვიწყო დაკითხვა, ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით, სასტუმროში რა გვინდოდა და მოკლედ, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით. ამ ხმაურზე და საქმის გარჩევაზე გამოვიდა ჩვენი კლუბის მენეჯერი, რომელმაც დაცვას უთხრა, რომ ამ სასტუმროში ვცხოვრობდით და შიგნით შეგვიყვანა. მაგრამ, მეორე დღეს ამბავი მივიდა კლუბის პრეზიდენტთან, რომ ჩვენ სამმა დავარღვიეთ კლუბის შინაგანაწესი და სასტუმროში შუაღამისას ნასვამები მივედით. კლუბის პრეზიდენტმა დაგვიბარა თავისთან და იქ მოხდა, რაც მოხდა – კაცი ცეცხლებს ყრიდა პირიდან, ისეთი გაცოფებული იყო. იქვე საიდანღაც გოლფის ჯოხი მოხვდა ხელში, აიღო და სამივეს მაგრად მოგვცხო – თან ისე მაგრად, რომ ერთ-ერთი თითიც კი ამოუვარდა თავად. მერე, სხვათა შორის, ჩვენ გვაბრალებდა იმ თითის ამოგდებასაც…

მოკლედ, ეს ამბავი მალევე გახმაურდა და დაგვიბარეს პოლიციაში. დაგვკითხეს სამივე სუმოისტი და მოგვაყოლეს ყველაფერი დეტალურად. ბოლოს გვკითხეს, შევიტანდით თუ არა სარჩელს სასამართლოში კასუგანოს წინააღმდეგ. სამივემ უარი განვაცხადეთ ჩივილზე და ინციდენტის ამოწურულობა დავადასტურეთ. არადა, ერთ-ერთ ჩვენგანს რომ მაინც ეჩივლა, კასუგანოს ეგრევე მოხსნიდნენ კლუბის პრეზიდენტობიდან, სუმოს ასოციაციიდანაც გარიცხავდნენ და სერიოზული სანქციებიც დაეკისრებოდა.

საბოლოოდ კი ჩვენს პრეზიდენტს საჯაროდ, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით, მოახდევინეს ბოდიში ჩვენს წინაშე და პირობაც დაადებინეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდებოდა.

ისე, სხვათა შორის, ბოლო ერთი წელი იქნება დაახლოებით, რაც ცოტათი შეიცვალა და მოლბა ჩვენი კასუგანო. თორემ, ადრე ისეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, რომ სიტყვას ვერ ამოიღებდი მასთან ზედმეტად.

–         ლევან, მინდა გკითხო შენს შიკონაზეც (მეტსახელი). სხვადასხვა ვერსიებით ტოჩინოშინს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. გვითხარი, როგორ ითარგმნება ქართულად ტოჩინოშინი?

–         თუ დაკვირვებიხართ, ჩვენი კლუბის ყველა სუმოისტის შიკონა იწყება სიტყვა “ტოჩი”-თ. ეს არის კასუგანოს სკოლის სუმოისტთა ერთგვარი თავსართი.
იაპონიაში არის ასეთი მხარე, სახელად ტოჩიგიიამა, საიდანაც წარმოშობით გახლდათ ჩვენი კლუბის პირველი პრეზიდენტი – ოიაკატა, რომელმაც დააარსა ეს სკოლა. სწორედ მისი გადაწყვეტილებით, ყველა სუმოისტს, რომელიც მოხვდება ჩვენს კლუბში, შიკონის თავსართად ეძლევა სიტყვა “ტოჩი”. რაც შეეხება ჩემი შიკონის მეორე ნაწილს, “შინ” იაპონურად ნიშნავს გულს, ხოლო “ნო” არის მორფოლოგიური კავშირი.

ჩემს შიკონას ასევე თან სდევს სიტყვა “ცუიოში” (სრული შიკონა არის ტოჩინოშინ ცუიოში), რაც იაპონურად ნიშნავს ძლიერს. ანუ სიტყვა-სიტყვით თუ შევეცდებით ჩემი შიკონის თარგმნას გამოვა ტოჩის ძლიერი გული, ან უბრალოდ ძლიერი გული.

–         ლევან, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი მაინტერესებს. როგორც ცნობილია, იაპონიაში ყოველ კლუბს თითო უცხოელზე მეტის ყოლის უფლება არა აქვს. თქვენ კი არცთუ დიდი ხნის წინ შემოგიერთდათ ბულგარელი სუმოისტი აოიამა. როგორ მოხდა ეს?

–         საქმე რაშია იცით? ის კლუბი, რომელშიც ბულგარელი ირიცხებოდა, დაიშალა და როდესაც კლუბი იშლება, მასში არსებულ სუმოისტებს ნებისმიერ კლუბში შეუძლიათ გადასვლა. ანუ, მეორე უცხოელის აყვანა მაშინ ეკრძალება სკოლას, როცა უკვე ერთი უცხოელი ირიცხება მის რიგებში, ხოლო ეს მეორე ახალბედაა. შეზღუდვა იხსნება იმ შემთხვევაში, როცა უცხოელი კლუბის დაშლის მიზეზით იცვლის ნავსაყუდელს.

სხვათა შორის, ის სკოლა (ტაგონოურა), რომელშიც აოიამა ირიცხებოდა, ითვლებოდა კასუგანოს სკოლის მონათესავედ – იაპონურ სუმოში არსებობს სკოლების განაყარი (იაპონურად დევაიჩი), სადაც მონათესავე სკოლები ერთიანდებიან. ამიტომაც ბულგარელი სუმოისტი უპრობლემოდ გადმოვიდა მონათესავე კლუბიდან ჩვენს კლუბში.

–         ისე, ცოტა ხნის წინ შანსი იყო, რომ კიდევ ერთი უცხოელი დაგმატებოდათ კლუბში, რუსი არანის სახით…

–         კი, არანის სკოლაც დაიშალა, და ისიც ჩვენთან უნდა გადმოსულიყო წინა თვეში. მაგრამ მან მოულოდნელად სუმოდან წასვლა გადაწყვიტა და ჩვენი თანაგუნდელობა აღარ შედგა. არადა, არანთან საკმაოდ ახლოს ვმეგობრობდი და ძალიან დამწყდა გული მისი წასვლით.

–         ლევან, შენს პოტენციალს მინდა შევეხო, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ფასდება ქართველ გულშემატკივარში. ბევრი ფიქრობს, რომ შენ თავისუფლად შეგიძლია ოძეკის ტიტულის მოპოვება. თუმცა, ჯერ-ჯერობით მაქსიმუმი რასაც მიაღწიე, ეს არის კომუსუბის წოდება, რომელსაც 3-ჯერ ფლობდი კარიერაში. შენს განვლილ გზას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ ერთ ნიშანდობლივ ფაქტს: დადებითი ბალანსით დასრულებულ ბაშოს თითქმის ყოველთვის მოსდევს უარყოფითი ბალანსით დასრულებული ბაშო და პირიქით. რით არის ეს განპირობებული? არასათანადო ფსიქოლოგიური მომზადებით თუ სხვა ფაქტორებით?

–         მემგონი, ალბათ ისევ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მაქვს საქმე… როდესაც ბაშოს წაგებით ვიწყებ, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს განწყობაზე. და თუ რამოდენიმე მარცხი მიყვა სტარტზე ზედიზედ, მერე უკვე გული მიცრუვდება და მობილიზებასაც ვკარგავ. ვერაფრით ვერ მოვახერხე იმ ფსიქოლოგიური ბალანსის დაჭერა, რომლითაც სტაბილურობას შევინარჩუნებდი. არადა, თუ თავიდანვე წამივიდა მოგებები, მერე პირიქით, მიორმგდება ენერგია და ბრძოლებზეც ბევრად უფრო კონცენტრირებული გავდივარ. სხვათა შორის, ერთი რამის მწამს და მჯერა: ყველა ადამიანი და მათ შორის სპოტსმენიც ცხოვრებაში იღებს იმ ტიტულს, ან იპყრობს იმ მწვევრვალს, რასაც იმსახურებს – დაუმსახურებლად არაფერი არ მოდის. ალბათ მეც ჯერ-ჯერობით მეტი არ მეკუთვნის და ამიტომაც რასაც მივაღწიე კანონზომიერია.

–         ლევან, საბრძოლო სტილზეც გკითხავ. შენი ერთ-ერთი დიდი პლიუსი არის ტექნიკა და მავაშიზე კარგად მუშაობის უნარი. თუმცა, ბოლო პერიოდში, რატომღაც უარს ამბობ იმ შენ მთავარ კოზირზე, რომელიც მეტოქის მავაშის დაჭერასა და შემდეგ ილეთის შესრულებაში გქონდა. რა არის ამის მიზეზი და რატომ შეიცვალა შენი საბრძოლო სტილი?

–         ერთ-ერთი მიზეზი მაგისა არის ჩემი გაწყვეტილი კუნთები, რომელმაც ძალა დამიქვეითა და უწინდებურად ვეღარ ვაკეთებ მავაშიში ჩავლებას. ამის გამო ჩემმა პრეზიდენტმა დავალება მომცა, რომ ბრძოლის სტილი შემეცვალა და ცუპარებზე გადავსულიყავი.

თან, გარდა ამისა, სუმოისტების უმრავლესობა უკვე იმდენი ხანია რაც ელიტაში ვართ, რომ ერთმანეთს იდელაურად ვიცნობთ – შესწავლილი გვაქვს ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეები და ვცდილობთ ყოველთვის მათ გამოყენებას. და როგორც მე ვიცი სხვისი მინუსები, ასევე იციან მათაც ჩემი მინუსები და აქედან გამომდინარე, ძნელია ერთი და იგივე ტაქტიკით ფონს გასვლა დიდი ხნით.

–         ლევან, ამჟამად რომელ ქალაქში იმყოფები?

–         ახლა ფუკუოკაში ვარ, კლუბის წევრებთან ერთად, რომლებიც კიუშუ ბაშოსთვის ემზადებიან.

–         აპირებ დაესწრო ბაშოს და დარბაზიდან უყურო ორთაბრძოლებს?

–         არა, სხვათა შორის, არც მაგის უფლება არ გვაქვს სუმოისტებს. აქ ასეთი წესია: თუ ტრავმირებული ხარ, უნდა იყო ან საავადმყოფოში, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. დარბაზში ჯდომა და იქედან ორთაბრძოლების ცქერა ცოტა მიუღებელი და ულამაზოა.

–         ლევან, ჩვენი საუბარი ბოლოსკენ მიდის და მინდა, პირველ რიგში გამოჯანმრთელება გისურვო ძალიან მალე… გისურვო, მალე დაბრუნებოდე დოჰიოს და ისევ ის ძველი ტოჩინოშინი გვეხილოს, რომელიც ერთ დროს გვხიბლავდა თავისი ლამაზი გამარჯვებებით!
ასევე მინდა, ქართველ გულშემატკივართა სახელით, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო იმ საქმისათვის, რომელსაც ეწევი შორეულ იაპონიაში და იმისთვის, რომ ასე იცავ ჩვენი ქვეყნის სახელს საზღვარგარეთ! დიდი მადლობა, ლევან!

–         უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის, გაიხარეთ!

 

ავტორი: ამირან ურუშაძე

 Tochi 1

Tochi 3

Tochi 2

სუმოისტების რეიტინგი განახლდა

იაპონური სუმოს ასოციაციამ მოახოლებული ნოემბრის ბაშოს წინ სუმოისტთა განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. წლის დასკვნით სუპერტურნირს 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრი უმასპინძლებს, კუნძულ კიუშუზე (საბჭოთა პერიოდში ამ კუნძულს დამახინჯებულად კიუსიუს ეძახდნენ). იაპონელები ამ ტურნირს კიუშუ ბაშოს უწოდებენ და ჩვენც ამგვარად მოვიხსენიოთ.

კიუშუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს გაგა ჯუღელი. გაგამარუდ წოდებულმა ქართველმა გოლიათმა სექტემბრის ბაშო -3 ქულიანი უარყოფითი ბალანსით (6-9) დაასრულა და ბანძუკეში 4-საფეხურიანი ვარდნა განიცადა.

სეკიტორის სტატუსი შეუნარჩუნეს ჯურიოს დივიზიონში დატოვებით მეორე ჩვენებურს, ლევან გორგაძეს, რომელსაც ჯურიოს მე-14 (უკანასკნელი) ნომრის სტატუსი მიანიჭეს სუმოს მამებმა. ტოჩინოშინმა, როგორც გახსოვთ, ივლისში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმებმა ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 6-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უწინასწარმეტყველეს. აქედან გამომდინარე, ლევანი სავარაუდოდ ვერც კიუშუ ბაშოზე ვერ შეძლებს გამოსვლას. სუმოს წესებით კი ბაშოს ჩაგდება ფაქტიურად დამარცხების ტოლფასია (არა აქვს მნიშვნელობა ტრავმით არის გამოწვეული ეს ჩავარდნა, თუ სხვა მიზეზით) და ისევე აქვეითებენ ბაშო-ჩაგდებულ სუმოისტს, როგორც -15 ქულიანი უარყოფითი ბალანსის მქონე სუმოისტს დააქვეითებდნენ.

მიუხედავად სუმოდან წასვლაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა, რუსი სეკიტორი არანი განახლებულ ბანძუკეში მაინც ფიგურირებს, მე-16 მაეგაშირას სტატუსით. თუმცა, ესეც ერთგვარი წესია და იგი მხოლოდ სიმბოლურად იქნება ახალ რეიტინგში – დოჰიოზე კი მას უკვე ვეღარ ვიხილავთ.

მაკუუჩიში დებიუტი ექნება ეგვიპტელ სუმოისტს, აბდელრაჰმან შარანს, რომელიც ოსუნაარაშის შიკონას ატარებს. ამბიციურ ეგიპტელს მხოლოდ 11 ბაშო დასჭირდა უმაღლეს დივიზიონამდე მოსაღწევად, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუმოს ისტორიაში. ოსუნაარაში კიუშუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირად იქნება განთესილი.

Makuuchi Banzuke - Kyushu 2013

Juryo Banzuke - Kyushu 2013 - Copy

 

 

არანი სუმოს გამოემშვიდობა

გუშინ სუმოს სამყაროში ძალიან მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა – რუსმა სუმოისტმა ალან გაბარაევმა, იგივე არანმა სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. 29 წლის ვლადიკავკაზელმა სეკიტორმა ამის მიზეზად ძალის დაკარგვა დაასახელა, რომელიც მისი წონის დაკლებით იყო გამოწვეული (ბოლო პერიოდში არანის წონა 142 კგ-მდე შემცირდა).

მართალია, ბოლო ტურნირზე, რომელზეც აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას სტატუსით ირჯებოდა, გაბარაევი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ფაქტიურად სრულად ჩაუვარდა (12 ორთაბრძოლა წააგო 15-დან), მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას მისგან მაინც არავინ ელოდა.

არადა, უახლოეს დღეებში არანი თავისი მიჰოგასეკის სკოლიდან კასუგანოს სკოლაში უნდა გადაბარგებულიყო, რადგან მისი მშობლიური სკოლა იხურება. კლუბის პრეზიდენტს, ოიაკატა მოჰოგასეკის 1 თვეში 65 წელი უსრულდება და პენსიაში უნდა გავიდეს. აქედან გამომდინარე, იაპონური სუმოს აოსციაციის დირექტორთა საბჭომ კლუბის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ოსი სუმოისტი ოიაკატა კასუგანოსთან გადაიყვანა, სადაც მას თავისი მეგობრები, ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და ბულგარელი დანიელ ივანოვი (აოიამა) უნდა დახვედროდნენ. თუმცა არანის სუმოდან წასვლის გამო ერთ კლუბში მათი მეგობრობა ვეღარ გაგრძელდება.

ალან გაბარაევის დებიუტი პროფესიულ სუმოში 2007 წლის იანვარში შედგა, მას შემდეგ რაც იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა მოყვარულთა შორის. დებიუტიდან ზუსტად წელიწადნახევარში მან ჯურიოს დივიზიონს უწია და სეკიტორის ელიტარული წოდება მიიღო. ხოლო 2008 წლის ნოემბერში არანი უკვე მაკუუჩიში გადმოვიდა და იქედან მოყოლებული მუდმივად უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა.

2010 წლის სექტემბერში არანმა სეკივაკეს წოდება მოიპოვა, რომელსაც მხოლოდ 1 ბაშო ატარებდა. სხვათა შორის, ოსმა სუმოისტმა ეს ისე გააკეთა, რომ მანამდე კომუსუბის ტიტულიც არ ქონდა მოპოვებული. მე-2 მაეგაშირას რანგში მან 11 ორთაბრძოლა მოიგო, ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი) დაიმსახურა და იქედან გამომდინარე, რომ უშუალო კონკურენტებმაც ვერ იყოჩაღეს იმ ბაშოზე, მას პირდაპირ სეკივაკეს ტიტული მიანიჭეს (კომუსუბის გამოტოვებით).

საერთო ჯამში არანმა მაკუუჩი დივიზიონში 29 ბაშო (435 ორთაბრძოლა) ჩაატარა, სადაც 196 შერკინება მოიგო, ხოლო 239 დათმო; ერთ ბაშოზე იცავდა სეკივაკეს წოდებას, ორზე – კომუსუბის; ორჯერ გახდა ბაშოს ვიცე-ჩემპიონი და ორჯერ მიიღო მებრძოლი სულის პრიზი, კანტო-შო.

სხვათა შორის, არანი ერთ-ერთი იმ იშვიათ სუმოისტთაგანია, რომელიც არასოდეს არ მოხსნილა ტურნირიდან, ტრავმის გამო.

აღსანიშნავია, რომ ალან გაბარაევს სამივე ქართველ სუმოისტთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

jvol3jrg87a8jpqqapu

dsc06164-e1284260467805

Aran

17 Aran

06Aran1 Aran (1)

108-Aran

Aran1

გაგამარუ დადებით ბალანსზე გავიდა

იაპონიაში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა გოლიათმა, გაგა ჯუღელმა მიჯრით მეოთხე (ჯამში კი მეხუთე) გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსზე გავიდა. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ ძალიან კარგი და თან არცთუ იოლი ორთაბრძოლა მოუგო თავის მეგობარ, რუს (წარმოშობით ვლადიკავკაზელ) არანს (იორიკირით), რომელიც მე-7 მაეგაშირას სტატუსით ირჯება.

ორთაბრძოლის სტარტზე გაგას საკმაოდ რთული შეტევის მოგერიება მოუხდა ალან გაბარაევისგან, რის შემდეგაც ჩვენებურმა კარგად დაიჭირა მეტოქე მკლავებით და ეტაპობრივი შეტევა განახორციელა მასზე. როდესაც ჯუღელმა დოჰიოს კიდესთან მიიყვანა არანი, ზედ ტავარაზე (დოჰიოს ხაზი) შემდგარმა რუსმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ბოლომდე სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ჩვენი გოლიათის შეუპოვარმა მიძალებამ სასურველი შედეგი გამოიღო და მეტოქეც ტავარას მიღმა აღმოჩნდა.

ამ გამარჯვებით გაგამ მიმდინარე ბაშოზე პირველად მოახერხა დადებით ბალანსზე გასვლა (5-4) და იმედია, ბოლომდე შეინარჩუნებს მას.

ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იაპონელი გოლიათი, მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელსაც ბაშოზე ზუსტად გაგასნაირი ბალანსი აქვს (5-4). ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას იაპონელი ფლობს – 4:2.

სატურნირო მდგომარეობაში კი დაუმარცხებლად მოასპარეზე მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და ახლა უკვე მთელი 2 მოგებით უსწრებს უახლოეს მდევრებს: თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, იაპონელ ოძეკი კისენოსატოს (რომელიც გუშინ მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან დამარცხდა), კიდევ ერთ მონღოლ, მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოსა და იაპონელ მე-13 მაეგაშირა ჰომაშოს.

Day 10

 

გაგამ ბალანსი გაანულა

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ნაკაბი, ანუ იგივე შუაწელი (მე-8 ტური) მიილია და ორთბძოლებიც ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში გადადის.

ლიდერთა ჯგუფს ორი სუმოისტი გამოეყო, რომლებიც რეალურად ბაშოს მოგების უმთავრესი კანდიდატები იყვნენ თავიდანვე და დღესაც მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან. ესენი არიან: იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელიც კვლავ დაუმარცხებლად მიიწევს 27-ე საჩემპიონო ტიტულისკენ და ოძეკი კისენოსატო, რომელსაც მხოლოდ 1 მარცხი აქვს ჯერ-ჯერობით პასივში.

რაც შეეხება ჩვენს გაგამარუს, მან საკმაოდ რთული და მეტად მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა მოიგო გუშინ. გაგამ იაპონელთა ამომავალი ვარსკვლავი, მე-13 მაეგაშირად განთესილი, 23 წლის ენდო დაამარცხა, ოშიტაოშის ილეთით და ნულოვან ბალანსზე გავიდა.

ქართული სახელის (შოთა) მქონე იაპონელს, ჩვენმა გოლიათმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და აიძულა ნელ-ნელა უკან დაეხია. მალევე გაგამ დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია მეტოქე და მძლავრად მოქნეული მჯიღით დარბაზში გადაუშვა.

ეს უკვე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იყო გაგასთვის, სულ კი ქართველ გოლიათს 4 მოგება მოუგროვდა ბაშოზე, ამდენივე მარცხის საპირისპიროდ. სასიხარულოა, რომ ცუდად აღებული სტარტის შემდეგ, ჩვენი სეკიტორი ნელ-ნელა იუმჯობესებს მდგომარეობას.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ოსი სუმოისტი, არანი (იგივე ალან გაბარაევი) იქნება, რომელიც მე-7 მაეგაშირად გახლავთ განთესილი. გაგას მასთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, დოჰიოს მიღმა, თუმცა დოჰიომ მეგობრობა არ იცის და შერკინებისას ყველა მეტოქე მეტოქეა. ამაზე მეტყველებს მათი ურთიერთშეხვედრათა უკომპრომისო დაპირისპირების ისტორიაც, სადაც ჩვენებურს მცირე უპირატესობა აქვს ალანიელთან – 4:3. სათქმელია ისიც, რომ გაბარაევი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება მიმდინარე ბაშოზე – მის ანგარიშზე ამ დროისათვის 3 მოგება და 5 მარცხია.

Gaga vs Wakanosato

 

OriginalGagamaru1

 

Day 9