რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რამაც სამი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „კორინთიანსის“ არენის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი ამწეს მწყობრიდან გამოსვლა გახდა. სტადიონის ნაწილი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ლითონის კონსტრუქცია იდგმებოდა.
არენა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. არენაზე სამუშაოთა 94 პროცენტი უკვე დასრულებული იყო.
„კორინთიანსმა“ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა:
„სპორტულ კლუბ „კორინთიანსის“ საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“.
ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბექა დოგრაშვილი