არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შესაბამისად, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი გუნდს იამაიკის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მარტინოს არც ფეხბურთელებთან და არც სამწვრთნელო შტაბთან კონტაქტის უფლება არ ექნება.
ტატა მარტინო ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გააძევეს, როდესაც ის მოედანზე გავიდა და ბრაზილიელი არბიტრის, სანდრო რიკის მიმართ პროტესტი ღიად გამოხატა. მარტინოს გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პაბლო საბალეტას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ბურთი არგენტინელებს დარჩათ, თუმცა მსაჯმა იმის ნაცვლად, რომ “ალბისელესტესთვის” უპირატესობა მიენიჭებინა, თამაში გააჩერა.
მატჩი არგენტინისა და იამაიკის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით ღამის 01:30 საათზე დაიწყება.