ლონდონის “არსენალი” კვლავაც გვაკვირვებს თავისი ცუდი შედეგებით, ვენგერის წასვლის საკითხი კი კვლავაც აქტუალურია. “არისტოკრატებს” კი გუნდიდან აზარის წასვლა სურთ. გთავაზობთ სამშაბათის მთავარ სიახლეებს.
“არსენალში” განხეთქილებაა: თანაგუნდელები ლონდონური ტრიოს წინააღმდეგ
ბრიტანული ჟურნალ-გაზეთების გარეკანს კვლავაც კრიზისში მყოფი ლონდონის “არსენალის” ამშვენებს. The Sun-ის ცნობით, ყველაფერს გუნდში არსებული განხეთქილება ემატება – თანაგუნდელები მესუთ იოზილს, ჰენრიხ მხითარიანსა და მუსტაფის აუჯანყდნენ.
“მეთოფეები” მესუთ იოზილს “ბრაიტონთან” წაგებულ მატჩში გაუჩინარებაში ადანაშაულებენ, მხითარიანის დანაშაულს კი მის უმოტივაციოობაში ხედავენ. რაც შეეხება შკოდრან მუსტაფის, თანაგუნდელები მისი ქცევებით არიან გაღიზიანებულები, რადგანაც გაშვებულ გოლში ის მუდამ სხვას ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას გაურბის.
ბუნებრივია, ასე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. “არსენალში” ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ და ეს მალე კიდევ უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე მიიყვანს ვითარებას. ფაქტია, რომ არსენ ვენგერის შემცვლელს გუნდში ძალიან რთული მდგომარეობა დახვდება.
ცვლილებები “მეთოფეთა” სისტემაში
ვენგერის მომავალი “ემირეიტს სტედიუმზე” ჯერ კიდევ გაურკვეველია. საიდუმლო არავისთვისაა, რომ “მეთოფეები” საკმაოდ დიდი ხანია, ფრანგი სპეციალისტის მემკვიდრეს ეძებენ.
“არსენალში” ცვლილებები უკვე დაწყებულია, სვენ მისლინტატი სკაუტთა სისტემის მმართველად დაინიშნა, რაულ სანელი კი საფეხბურთო ურთიერთობების ხელმძღვანელად. The Sun-ის ცნობით, ლონდონელთა შემდეგი ნაბიჯი 1996 წელს მოსული არსენ ვენგერის გათავისუფლება უნდა იყოს.
ყოფილი “მეთოფის”, ლი დიქსონის განცხადებით, ვენგერის ბოლოდროინდელმა ჩავარდნებმა დაამტკიცეს, რომ ის ნამდვილი მწვრთნელი არ არის და რომ სკაუტების სისტემის არასათანადო მუშაობაშიც ფრანგი სპეციალისტის ბრალეულობას ხედავს.
კონტეს ტაქტიკები აზარს იძულებულს ხდის, გუნდი დატოვოს
“ჩელსიში” საფუძვლიანი შიში სუფევს, რომ სეზონის ბოლოს ედენ აზარი კლუბს დატოვებს და სავარაუდოდ, მადრიდის “რეალს” შეუერთდება. The Telegraph-ის ცნობით, ამის მიზეზი ანტონიო კონტეა.
როგორც ცნობილი ხდება, ბელგიელი ვარსკვლავი უკმაყოფილოა ლონდონური ცხოვრებით და “ცრუ ცხრიანის” როლით, რომელზეც მას იტალიელი სპეციალისტი ათამაშებს. მაგალითისთვის, ბოლო შეხვედრაში, “სიტის” წინააღმდეგ, მან ერთხელაც ვერ შეძლო კარის მიმართულებით დარტყმა.
როგორც ჩანს, “არისტოკრატთა” ბანაკში არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. რომან აბრამოვიჩსა და ანტონიო კონტეს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ, შესაძლოა, ზაფხულში “ჩელსის” დიდი დანაკარგი გამოიწვიოს.
ბალოტელი მზადაა, იტალიას დაუბრუნდეს
ბალოტელის მიერ საფრანგეთში გატარებულმა წლებმა იტალიელ ვარსკვლავს ძველი ფორმა დაუბრუნა და ახლა ის სრულფასოვნად დაგვიბრუნდა. როგორც ცნობილი ხდება, მარიოს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის მაისურით თამაში აქვს მიზნად დასახული.
ამის პარალერულად, მისი აგენტი, მინო რაიოლა აღიარებს, რომ ბალოტელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არაერთ იტალიურ კლუბთან აწარმოებს, მათ შორის “ნაპოლთან” და “ინტერთან”.