ბარბარა ბერლუსკონი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა

„მილანის“ დირექტორთა საბჭომ კლუბის მართვის ახალი სტრუქტურა ოფიციალურად დაამტკიცა.

ბარბარა ბერლუსკონი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრიანო გალიანი ჩამოაქვეითეს. ეს უკანასკნელი თავის პოსტზე რჩება, ქალბატონი ბერლუსკონი კლუბის მეორე ვიცე-პრეზიდენტი იქნება. მის მოვალეობაში შევა ყველაფერი, რაც არ მოიცავს სპორტულ და ტექნიკურ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ გალიანისა და ბარბარა ბერლუსკონის შორის კონფლიქტი იყო, რის გამოც ადრიანოს დაკავებული პოსტის დატოვება ჰქონდა განზრახული, თუმცა „მილანის“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა. სამაგიეროდ, კლუბის მართვის სტრუქტურის შეცვლა გადაწყდა.

ბექა დოგრაშვილი

გატუზო: „ბარბარა ბერლუსკონი? ქალების ადგილი ფეხბურთში არ არის“

„მილანის“ ექს-მოთამაშემ და ამჟამად დამწყებმა მწვრთვნელმა ჯენარო გატუზომ „როსონერიში“ ბოლო დროს შქმნილი სიტუაცია შეაფასა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გადაწყდა, რომ კლუბის გენერალური პრეზიდენტის ფუნქციებს ადრიანო გალიანისთან ერთად, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი ბარბარაც შეასრულებს, რის გამოც გალიანი „მილანელოდან“ წასვლასაც კი აპირებდა.

„კლუბში შექმნილი ვითარება? ვფიქრობ, ადრიანო გალიანი მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში იგი არამხოლოდ მუშაობდა, არამედ შესანიშნავ შედეგს აღწევდა“, – განაცხადა რინომ.

„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა, ჩემი აზრით, ქალის ადგილი ფეხბურთში არ არის“, – დაასრულა მილანური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი