რობენი “არსენალთან” ვერ ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი გამოტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას.

მატჩი “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

“ბილდი”: შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა

მიუნხენის “ბაიერნის” 30 წლის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ კლუბებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” გერმანიის ნაკრების წევრის სანაცვლოდ ბავარიელებს 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.

“ბილდის” ცნობით, შვაინშტაიგერი “მანჩესტერ იუნაიტედთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით ათ მილიონ ევროს მიიღებს.

ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონის გათამაშებაში ოცი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ინტერის” წარმომადგენელი რუმენიგეს შეხვდა — რა ტრანსფერს ამზადებს მილანური კლუბი?

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მილანის “ინტერის” წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ბავარიელთა 28 წლის მაროკოელი მცველის, მეჰდი ბენატიას შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელეს.

ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსის” ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მეჰდი ბენატია “ბაიერნში” იტალიური “რომადან” 2014 წელს გადავიდა. ბავარიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გაიღეს.

მეჰდი ბენატიამ გერმანიის ბუნდესლიგის 2014/2015 წლების გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

Meeting

ოლივერ კანმა გვარდიოლა გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კიპერმა და კაპიტანმა ოლივერ კანმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. გერმანელის თქმით, გუნდის თავკაცმა დაცვაში თამაში ვერ დააწყო.

“ბაიერნში” გატარებული ორი წლის განმავლობაში გვარდიოლამ ვერ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა დაცვაში გადამწყვეტ შეხვედრებში.

ფილიპ ლამი “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში არიენ რობენის პოზიციაზე თამაშობდა. არ ვიცი, რამდენად ნორმალურია ეს. უნდა ვიკითხოთ, რამდენად მაღალი დონის მოთამაშეები არიან მეჰდი ბენატია და რაფინია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისგან ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემდეგ დანტეს ნდობის პრობლემა აქვს. ერთადერთი, ვისთანაც არანაირი პრეტენზია არ არსებობს, ჯერომ ბოატენგია”, – კანის კომენტარს Sport1 ციტირებს.

 

“ბაიერნი” — “ბარსელონა”: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი შეხვედრა ჩატარდება. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ბაიერნი” (38 %) ფრე (12 %) “ბარსელონა” (50 %)

ალაბა: “ბარსელონას” ანგარიშით 4:0 დავამარცხებთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა. ავსტრიელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მისი გუნდი “ბლაუგრანას” ანგარიშით 4:0 დაამარცხებს და ფინალში გავა.

“4:0 გავიმარჯვებთ.

იმედი მაქვს, გამოვჯანმრთელდები და ბერლინში გასამართ ფინალურ მატჩში ვითამაშებ”, – ციტირებს ალაბას სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი კატალონიური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

“ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

“ბაიერნმა” ჰაინკესს იუბილე მიულოცა

მიუნხენის “ბაიერნმა” კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს იუბილე მიულოცა. გერმანელ სპეციალისტს დღეს 70 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი ბავარიულ გუნდს 1987-დან 1991 და 2011-დან 2013 წლამდე თავკაცობდა. ამ ხნის განმავლობაში მან “ბაიერნთან” ერთად სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი (1988/98, 1989/90, 2012/13) და ქვეყნის სუპერთასი (1987, 1990, 2012). 2012/13 წლების სეზონში ჰაინკესმა ბავარიულ გუნდთან ერთად გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Tweet Jupp Heynckes HB

შეცვლაზე შემოსულმა რობენმა მატჩი ვერ ჩაამთავრა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არიენ რობენმა გერმანიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩი ვერ ჩაამთავრა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე შეხვედრის 68-ე წუთზე გამოვიდა, ზუსტად 16 წუთში შეცვლა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა მარტში ტრავმა მიიღო, რის გამოც შვიდი მატჩის გამოტოვება მოუწია. ჰოლანდიელი გარემარბის თამაში დღესაც საეჭვო იყო.

 

გვარდიოლას კომენტარი “ბაიერნის” მთავარი ექიმის გუნდიდან წასვლის შესახებ

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდიდან სამედიცინო შტაბის წასვლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც სათავეში 72 წლის ჰანს-ვილჰემ მიულერ-ვოლფარტი ედგა.

“ეს ამბავი არაფერს არ ცვლის. მე “ბაიერნში” დავრჩები და მომდევნო სეზონშიც მე ვუთავკაცებ გუნდს. აქ ყველაფერი მომწონს.

მიულერ-ვოლფარტის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მეტს ვერაფერს ვიტყვი. როდესაც ფეხბურთელი ტრავმას იღებს, ეს ექიმის ბრალი არ არის. ტრავმა ტრავმაა. შეიძლება “პორტუსთან” იმ შემთხვევაშიც წაგვეგო (1:3), თუ მოედანზე ტრავმირებული ფეხბურთელები იქნებოდნენ. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი საუკეთესო თერთმეტეულით იმ შეხვედრას მოვიგებდით.

ჩემ გამო დავმარცხდით, მორჩა და გათავდა. მარცხი ჩემი ბრალია და არა კლუბის ხელმძღვანელობის ან სამედიცინო შტაბის. ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი.

ლევერკუზენის “ბაიერთან” გამართულ მატჩში ჩემი მხრიდან სარკასტული აპლოდისმენტის მიზეზი იმედგაცრუება გახლდათ. მიულერ-ვოლფარტი არაფერ შუაშია”, – გვარდიოლას კომენტარი “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

 

ნოიერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა წლის მატჩია”

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ვესტფალენშტადიონზე” გაიმართება, სადაც დორტმუნდის “ბორუსია” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს. ბავარიული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “ბაიერნი” შინ მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“დორტმუნდში “ბორუსიას” წინააღმდეგ თამაში ძალზედ საინტერესოა. სტადიონი სრულად მოცულია საოცარი ატმოსფეროთი. კიდევ ერთხელ შედგება წლის მატჩი. მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” წინა ტურში დამარცხების შემდეგ აღნიშნული შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსებთ, რომ “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში გამართული მატჩი ბავარიული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მანუელ ნოიერმა ბავშვური შეცდომა დაუშვა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნსა” და მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში (0:2) მასპინძელთა კიპერმა მანუელ ნოიერმა ბავშვური შეცდომა გაუშვა, როდესაც სტუმართა თავდამსხმელ რაფაელის მიერ დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა და კარში გაუშვა.



 

ნოიერი: “პორტუში საოცარი ატმოსფერო იქმნება ხოლმე”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. მიუნხენის “ბაიერნს” მეტოქედ “პორტუ” ერგო.

ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა “პორტუს” აქტიურ ქომაგებზე გაამახვილა ყურადღება.

“პორტუში განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება ხოლმე. ჩემპიონთა ლიგის 2004 წლის ფინალურ მატჩში “პორტუს” ფანებს ქომაგობის მოწმე ვარ. საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ახლა სწორედ ეს ფანები ჩვენ დაგვიპირისპირდებიან და ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენ სხვადასხვა სტადიონებზე გვითამაშია, განსხვასებული ატმოსფეროს ფონზე და ვიცით, რას უნდა ველოდოთ”, – ნოიერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა პორტუში, 14 აპრილს გაიმართება.