ედენ აზარი: “ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დავიმსახურე”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენ სასწაული გავაკეთეთ, შეუძლებელი შევძელით. მესმის, რომ დღევანდელი მატჩი ხვალინდელთან შედარებით ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი იდეალური იყო ჩვენთვის. ახლა კი მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.

ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დავიმსახურე, თუმცა ასე ფიქრობენ სხვებიც. ჩემთვის ასეთი საკითხები ყოველთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, გუნდი გაძლიერდეს და წარმატებული იყოს. თუ ამ პრიზს მომცემენ, ბედნეირი ვიქნები.

ხვალინდელი ფინალი? თუ ჩემს შვილებს მოუნდებათ, ვუყურებთ და თუ სხვა რამის ყურების სურვილი ექნებათ, მაშინ – არა,” – აცხადებს აზარი.

ბელგიის ნაკრების მიღწევა

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, მატჩი “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით, 2:0 დასრულდა.

გეტყვით, რომ ბელგიამ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან, ექვსი მოიგო, თუმცა თასის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა (პენალტების სერიით მოგებული მატჩი არ ითვლება, ასეთი შემთხვევა ფრედ მიიჩნევა). აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ სამ გუნდს ჰქონდა: პოლონეთი, რომელიც 1974 წელს მესამე ადგილზე გავიდა; შემდეგ იყო იტალია, რომელმაც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ბელგიამდე კი, 2010 წელს ჰოლანდიამ მეშვიდე შეხვედრაში, ანუ ფინალში ესპანეთთან გამარჯვება ვეღარ მოახერხა.

ბელგია – ინგლისი: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, მატჩი “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით, 2:0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ედენ აზარი დასახელდა. მან 82-ე წუთზე კევინ დე ბრუინის გადაცემის შემდეგ, მეორე გოლის გატანა შეძლო. ზოგადად, “ჩელსის” შემტევი მთელი 90 წუთის მანძილზე ძალიან აქტიური იყო და რამდენიმე ლამაზი დრიბლინგიც შესთავაზა მაყურებელს.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 15 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე მოსკოვში, “ლუჟნიკი” არენაზე გაიმართება. ერთმანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთი – ბელგია: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ბელგია დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი მატჩი მინიმალური ანგარიშით ფრანგებმა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

Fifa-მ დაასახელა დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშე. აღნიშნული ჯილდო სამუელ უმტიტიმ მოიგო. გამარჯვებული გუნდის მცველმა 51-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო და სწორედ ამის შედეგად გავიდა საფრანგეთი ფინალში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე ნახევარფინალი გაიმართება: ხორვატია ინგლისის წინააღმდეგ. ეს მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი ბელგიას დაუპირისპირდა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 51-ე წუთზე სამუელ უმტიტი გახდა. ფრანგმა მცველმა ანტუან გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ შეძლო თავური დარტყმით “წითელი ეშმაკების” კარის ბადის შერრხევა. საბოლოოდ, 1-0 და საფრანგეთი ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 11 ივლისს, 22:00 საათზე ხორვატიასა და ინგლისს შორის შედგება.

დე ბრუინის კომენტარი საფრანგეთთან მატჩის წინ

ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. “წითელმა ეშმაკებმა” ტურნირს უკვე გამოთიშეს ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილია. სამხრეთამერიკელებს მეორე გოლი კევინ დე ბრუინმა გაუტანა, რომელმაც პრინციპული დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.

“ამბიციურები ვართ და მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ვფიქრობთ. ეს ტურნირი ყოველ დღე არაა. შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ორჯერ ან სამჯერ მოგიწიოს თამაში. ესეც იმ შემთხვევაში, თუ იღბლიანი ხარ. არ ვგრძნობ ზეწოლას. ძალიან მონდომებული ვარ და მოუთმენლად ველი განსაკუთრებული შეხვედრის დაწყებას.

გვარდიოლა დამეხმარა, რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. მან ფეხბურთის თამაში გამიმარტივა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში სხვა რაღაცებს ვაკეთებთ. მაგრამ აქაც გვიყვარს ბურთის ფლობა და მუდმივი შეტევები,” – ამბობს დე ბრუინი.

კარიკატურა: დიდმა სამეულმა ნეიმარსა და მის მეგობრებს მოუგო

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიამ ბრაზილია ანგარიშით, 2-1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ევროპელთა მიერ ლათინოამერიკელთა დამარცხებაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კევინ დე ბრუინის კომენტარი ნახევარფინალში გასვლის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიამ ბრაზილიას ანგარიშით, 2-1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველმა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, კევინ დე ბრუინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ, რამაც შედეგი გამოიღო. პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ, შევქმენით ბევრი შესაძლებლობა, რათა გოლი გაგვეტანა. მეორე ნახევარში ბრაზილიამ თავისი ტაქტიკა შეცვალა და გვაჯობა. თუმცა, ჩვენც გვქონდა შანსები. ბოლო 15 წუთი მენტალური გამოცდა იყო და დასასრულს ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო ეს დაპირისპირება. ახლა ექსტრაორდინალურ საფრანგეთს ვუპირისპირდებით, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა უნდა გახვიდე მსოლფიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, შენ მარტივი მეტოქე არ შეგხვდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მოვუგოთ,” – ამბობს დე ბრუინი.

რობერტო მარტინესის კომენტარი ბრაზილიის დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიამ ბრაზილიას ანგარიშით, 2-1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბრაზილიას ძალიან მაღალი კლასი აქვს და მათ წინააღმდეგ თამაში ურთულესია. თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი ფეხბურთელები დანებდებოდნენ. მათ ამ ღამით განსაკუთრებულ რამეს მიაღწიეს. იმედი მაქვს, ბელგიაში, აბსოლუტურად ყველა ადამიანი ძალიან ამაყია. ლამაზი მოგონება შევქმენით და ეს უნდა გვახსოვდეს. მაგრამ  ახლა, მომდევნო თამაშისთვის უფრო მეტი ენერგია გვჭირდება, რათა დავარწმუნოთ ჩვენი თავები, რომ ისეთივე კარგები ვიქნებით ნახევარფინალში, როგორც ეს დღეს იყო,” – ამბობს მარტინესი.

შეგახსენებთ, რომ ბელგია საფრანგეთს ნახევარფინალურ შეხვედრაში ათ ივლისს დაუპირისპირდება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

ბრაზილია – ბელგია: მატჩის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხეფინალში ერთმანეთს ბრაზილია და ბელგია დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული მატჩი ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.

Fifa-ს ვერსიით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კევინ დე ბრუინი გახდა. “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველი დღეს შესანიშნავი იყო შეტევების ორგანიზებაში, პასების დარიგებაში. “მანჩესტერ სიტის” მოთამაშემ 31-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს გადაცემის შემდეგ, საკუთარი ნაკრების მეორე გოლის გატანაც შეძლო.

გეტყვით, რომ ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ათ ივლისს, 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

ორბურთიანი ჩამორჩენა და ბელგიის ნაკრების დიდებული ქამ-ბექი ბოლო წამზე (ვიდეო)

2 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბელგიისა და იაპონიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველ ნახევრს ძირითადად დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ტაიმზე. იაპონელებმა ბრწყინვალე ბრძოლისუნარიანობა და მებრძოლი სულისკვეთება გამოიჩინეს და ევროპელებს ზედიზედ ორი გოლი გაუტანეს საწყის ათ წუთში – ჯერ ჰარაგუჩიმ ისარგებლა ალდერვაირელდის შეცდომით, შემდეგ ინუიმ შეასრულა ბრწყინვალე დარტყმა.

შოკიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდათ ბელგიელებს, თუმცა რობერტო მარტინესის სწორი შეცვლების ხარჯზე, ჯერ ვერტონგენმა შეძლო გატანა (69′), შემდეგ კი შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ (74′). საბოლოო ანგარიში კი შადლიმ დააფიქსირა შეხვედრის ბოლო წამზე, მაშინ როცა ყველა დამატებითი ტაიმებისთვის ემზადებოდა.

ასე რომ, მეოთხედფინალში ბრაზილიისა და ბელგიის ნაკრებების ბრწყინვალე დაპირისპირებას ვიხილავთ.

კარიკატურა: ინგლისმა უფრო იხეირა თუ ბელგიამ?

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ბელგიამ ინლგისს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, “ბელგიელი წითელი ეშმაკები” მერვედფინალში იაპონიას კი დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ბრაზილია ან მექსიკა ელით. ასევე, ბადეში, მათ მხარეს არგენტინა, საფრანგეთი, პორტუგალია და ურუგვაი არიან. ხოლო, მეორეადგილოსანი ინგლისი მერვედფინალში კოლუმბიის დამარცხების შემთხვევაში, შემდეგ, შვედეთს ან შვეიცარიას დაუპირისპირდება. ასევე, ფავორიტებიდან, მის მხარეს, რეალურად, მხოლოდ ესპანეთია.

ამ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.