კვირის კარიკატურები — „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“

ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში ლისაბონის „ბენფიკამ“ ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში წააგო. კარიკატურისტმა ომარ მომანმა „ბენფიკას“ ყოფილი თავკაცის, ბელა გუტმანის სიტყვები გაიხსენა. 1962 წელს გუტმანმა პორტუგალიურ გუნდთან ერთად ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა უნგრელმა მწვრთნელმა დაკავებული პოსტი დატოვა და თან ასეთი რამ თქვა: „დამდეგი ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ ჩემს გარეშე ევროპულ თასებს ვერ მოიგებს“. მას შემდეგ ლისაბონური კლუბი ევროთასების ფინალში რვაჯერ გავიდა და რვაჯერვე დამარცხდა.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც 23 წლამდე ექვსი ფეხბურთელია შეყვანილი: ლიუკ შოუ, რაჰიმ სტერლინგი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როს ბარკლი, ფილ ჯონსი და ჯეკ უილშირი. ასე რომ, უეინ რუნისა და დანარჩენ გამოცდილ მოთამაშეებს ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ თემას ეძღვნება მომანის შემდეგი კარიკატურა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

კვირის კარიკატურები

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო და ახლა ქვეყნის თასის მოგების შანსიც აქვს. 17 მაისს ბავარიელები ფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდებიან.
„პეპს შანსი არ აქვს. ისიც მიიღებს ლუდის შხაპს. ამაზე არ ინერვიულოთ“, – აღნიშნა „ბაიერნის“ მცველმა დანტემ.
ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა გვარდიოლასთვის ლუდის შხაპი მართლაც არ დაინანეს.

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ 22-წლიან კარიერას წერტილი დაუსვა.
“ვგრძნობ, რომ ახლა კარიერის დასასრულებლად საუკეთესო მომენტია. ფეხბურთმა ძალიან ბევრი მომცა და ამ თამაშის ყველა მომენტისგან სიამოვნებას ვიღებდი. 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება შეუფასებელი რამ არის. ფეხბურთის შემდეგი ცხოვრების არ მეშინია. რა თქმა უდნა, მოედანზე გასვლა, გასახდელები და გუნდური სულისკვეთება მომენატრება”, – განაცხადა ძანეტიმ.

ინგლისის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში საოცარი რამ მოხდა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ ანგარიშით 3:0 უგებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაუშვა და მეტოქეს 3:3 დაუზავდა. მატჩის შემდეგ ატირებული ლუის სუარესის დაწყნარებას თანაგუნდელები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.
სწორედ ეს ეპიზოდი გახდა ომარ მომანის კიდევ ერთი კარიკატურის შთაგონების წყარო.

ამასობაში კი „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ევერტონი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

კვირის კარიკატურები

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის დაპირისპირება ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. მართალია, წყვილის პირველ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს მიერ გამოყენებულმა „ავტობუსის“ სახელწოდებით ცნობილმა ტაქტიკამ იმუშავა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში ლონდონელებს გაცილებით აქტიური თამაში მართებდათ. „ავტობუსმა“ ვეღარ ივარგა, შესაძლოა საწვავი გამოელია – ასე ეხმაურება ცნობილი კარიკატურისტი ომარ მომანი ამ შეხვედრის შედეგს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას, რაც მოხდა. მადრიდის „რეალმა“ „ალიანს არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში 5:0 აჯობა. მეორე შეხვედრაში დუბლით სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს თავი. პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-16 გოლი გაიტანა, რაც ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლისაბონის „ბენფიკამ“ ტურინის „იუვენტუსი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანურ „სევილიას“ შეხვედება. მომანის ნახატზე გმირ ლისაბონელებს ზეციდან ესალმებიან ეუსებიო და მარიუ კოლუნა, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გარდაიცვალნენ.

ჟურნალი Fanebi.com

კვირის კარიკატურები — დასჯილი ბენდტნერი, ბედნიერი ვან პერსი, პელეგრინის დეჟა ვუ, უმდიდრესი მოთამაშეები

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაჰკრა ფეხი და კოპენჰაგენში გაემგზავრა, რამაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დანიელმა ფორვარდის დაჯარიმებას აპირებს. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბენდტნერი კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს.

„მას სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება. არავის არ მიუცია მისთვის კოპენჰაგენში გამგზავრების ნება. ამის გამო მას დავაჯარიმებთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლთან მომხდარ ინციდენტს, არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, არც თავად ბენდტნერთან არ მისაუბრია ამის შესახებ. ერთადერთი ის ვიცი, რომ კოპენჰაგენში მას არაფერი არ ესაქმებოდა“, – ვენგერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ამ თემას ეძღვნება ომარ მომანის ეს კარიკატურა.

უცხოური პრესის წარმომადგენლები დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ რობინ ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავს არაკომფორტულად გრძნობდა და კლუბიდან აბარგებასაც აპირებდა, თუმცა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეს სიტყვები გააქარწყლა.

„სიმართლე ის გახლავთ, რომ მე კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ. ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და აქ უფრო დიდხანსაც სიამოვნებით დავრჩებოდი. სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომელიც მედიის საშუალებით ვრცელდება. ბედნიერი ვარ ასეთი თანაგუნდელებით, მწვრთნელითა და სამწვრთნელო შტაბით“, – ვან პერსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ჰოლანდიელი თავდამსხმელის სწორედ სიტყვები გახდა კარიკატურისტ მომანის შთაგონების წყარო.

ომარ მომანის მომდევნო კარიკატურა უკვე ჩემპიონთა ლიგის თემას ეხება. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა მხრიდან ორივე შეხვედრაში თავი ლეო მესიმ და დანიელ ალვესმა გამოიჩინეს. გარდა ამისა, ორივე მატჩში გააძევეს მოედნიდან „სიტის“ ფეხბურთელი – პირველ ჯერზე წითელი ბარათი მარტინ დემიკელისმა მიიღო, მეორე ჯერზე კი – პაბლო ზაბალეტამ.

სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Goal.com მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარ მოქმედ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

რეიტინგს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უდგას სათავეში, რომელსაც „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი მოსევს, მესამე ადგილზე ლონდონის „ჩელსის“ შემტევი სამუელ ეტოო გახლავთ.

სრული სია ასე გამოიყურება:

 1.

 კრიშტიანუ რონალდუ

 („რეალი“)

 148 მლნ ევრო

 2.

 ლიონელ მესი

 („ბარსელონა“)

 146 მლნ ევრო

 3.

 სამუელ ეტოო

 („ჩელსი“)

 85 მლნ ევრო

 4.

 უეინ რუნი

 („მანჩესტერ იუნაიტედი“)

 84 მლნ ევრო

 5.

 კაკა

 („მილანი“)

 82 მლნ ევრო

 6.

 ნეიმარი

 („ბარსელონა“)

 80 მლნ ევრო

 7.

 რონალდინიო

 („ატლეტიკო მინეირო“)

 78 მლნ ევრო

 8.

 ზლატან იბრაჰიმოვიჩი

 („პსჟ“)

 69 მლნ ევრო

 9.

 ჯანლუიჯი ბუფონი

 („იუვენტუსი“)

 63 მლნ ევრო

 10.

 ტიერი ანრი

 („ნიუ იორკ რედ ბულსი“)

 57 მლნ ევრო

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

იუბილარი რუნი – ხუთი კარიკატურა

დღეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ უეინ რუნის 28 წელი შეუსრულდა. Fanebi.Ge გთავაზობთ იუბილარის კარიკატურულ გალერეას.

მეტსახელად შრეკი:

საინტერესოა, პირველმა ვინ შეადარა რუნი შრეკის. ალბათ, ამას ვერასდროს გავიგებთ. ერთი რამ ფაქტია, ინგლისელს ეს მეტსახელი მოუხდა, განსაკუთრებით ფანებში იყო გავრცელებული რუნის შრეკთან შედარება. თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ, უეინს უფრო ნაკლებად ამსგავსებენ ანიმაციურ პერსონაჟს.

„სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?“

რუნისა და კრიშტიანო რონალდუს განსხვავებულ წლებში ჰქონდათ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დებიუტი. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვარსკვლავი. რონალდუ – გლამურული პერსონა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით რუნიზე. ომარ მომანის ცნობილ კარიკატურაზე კლუბის გასახდელია გამოსახული. იმ დროს, როდესაც ალექს ფერგიუსონი დაფაზე ჯვარსა და ნოლიანს ხატავს (ნეტავ რატომ?), რონალდუ სარკეში საკუთარ თავს უღიმის. პორტუგალიელ ფეხბურთელს გვერდით რუნი უზის, რომელსაც სრულიად განსხვავებული გამომეტყველება აქვს. სხვათა შორის, ეს კარიკატურა რეალობას მოკლებული სულაც არ გახლავთ. რუნი თავის ერთ-ერთ წიგნში ასეთ რამეს წერს: „ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“.

ვირივით ჯიუტი

მიმდინარე წლის 22 სექტემბერი: „მანჩესტერ სიტი“ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ანგარიშით 4:1 ანადგურებს. თუ დევიდ მოიესის გუნდი იმ მატჩში ზარმაც ვირს შეადარეს, მანუელ პელეგრინის „სიტი“ მოედანზე მორბენალ უსწრაფეს ცხენს ჰგავდა. „იუნაიტედის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის კართან ჯიუტად ქმნიდა მომენტებს, ეს სწორედ რუნი გახლდათ.

ახალგაზრდა მელოტი

ერთ მშვენიერ დღეს რუნი მიხვდა, რომ მისი ასაკისთვის ზედმეტად მელოტი იყო და თმის გადანერგვა გადაწყვიტა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, ეს სიამოვნება 20 ათასი ფუნტი დაჯდა. და აი, რუნი კლავ დამშვენდა თმით, თუმცა არც ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ბეწვზე გადარჩენილი

ამ გალერეას ვიდეო აგვირგვინებს. ამ სცენამ, რომელშიც რუნი მონაწილეობს, ორი წლის წინათ სარეკლამო რგოლების პოპულარული ფესტივალის – „კანის ლომების“ გრან-პრი მიიღო. რგოლში ნაჩვენებია გამოგონილი სათამაშო მომენტები, სუპერვარსკვლავთა წარმატება და უიღბლოთა მარცხი. უეინი არაზუსტ პასს აკეთებს, რის გამოც მის გუნდს მარცხი, რუნის კი ფეხბურთიდან წასვლა ემუქრება. თუმცა, დღევანდელი იუბილარის ისტორია ამ კლიპში ჰეფი ენდით სრულდება.

ბექა დოგრაშვილი