ჩავი: “გამიკვირდა, დელ ბოსკემ ამაზე სახალხოდ რომ ისაუბრა”

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ჩავიმ გაკვირვება გამოხატა დელ ბოსკეს საქციელის გამო, რომელმაც მასსა და იკერს შორის არსებულ პრობლემებზე სახალხოდ ისაუბრა.

“საკმაოდ გამაოცა დელ ბოსკეს კომენტარმა იკერთან დაკავშირებით.” – განუცხადა “ბარსელონასა” და ესპანეთის ყოფილმა ლიდერმა Deportes-ს.

“მე იქ არ ვყოფილვარ, ამიტომაც არ ვიცი, თუ რამ მიიყვანა დელ ბოსკე აქამდე. თუმცა მაინც მჯერა, რომ ისინი ამ პრობლემას მოაგვარებენ.

ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ატმოსფერო ასეთი ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. არ ვიცი, რა მოხდა საფრანგეთში მას შემდეგ.

ამის შესახებ იკერთან ვისაუბრე; დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს მოაგვარებენ. მაგრამ მაინც გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ დელ ბოსკემ ამაზე საჯაროდ ისაუბრა.”

ჩავი: “დღევანდელი იტალიის ნაკრები “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ნაზავია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა ევრო 2016-ის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთსა და იტალიას შორის გასამართი შეხვედრის წინ, იტალიურ გაზეთ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა.

ჩავიმ ორშაბათს გასამართ მატჩზე, გუნდების ძლიერ მხარეებზე, წინა დაპირისპირებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– ისევ იტალია-ესპანეთი…
– ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ორივე გუნდს არ გაუმართლა. კარგი იქნებოდა, თუ ამ დაპირისპირებას ნახევარფინალში ან ფინალში ვიხილავდით. ესპანეთმაც და იტალიამაც ორ-ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ანტონიო კონტეს ბრწყინვალე დაცვის ხაზი ჰყავს.

– ალბათ, დაცვის ხაზზე ყურადღება იმიტომ გაამახვილეთ, რომ იტალია შეტევაში ძველებურად კარგი აღარ არის.
– დიახ, თქვენ აღარ გყავთ თავდამსხმელი, რომელსაც ვარსკვლავს ვუწოდებთ, მაგრამ გყავთ ედერი და გრაციანო პელე, რომლებსაც გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. არ დაგავიწყდეთ, რომ სტანდარტულების დროს, შეტევაში დანიელე დე როსი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მიდიან – ამ ფეხბურთელებს მეტოქის კარის დალაშქვრა ეხერხებათ.

– ჩვენ ლორენცო ინსინიეს სახით გვყავს კარგი, ტექნიკური თავდამსხმელი.
– ასევე, ჩირო იმობილე. იტალიის ნაკრებს სათადარიგოთა სკამზე ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. პელე და ედერი, ფიზიკურად, უფრო ძლიერები არიან. თუ საჭირო იქნება, ინსინიეს და იმობილეს თამაშში ჩართვა შეიძლება.

– როგორ თამაშს ელით?
– საინტერესოს. ბურთი უფრო მეტად ესპანეთის ნაკრებს ექნება, ხოლო როცა მას იტალიელები მიიღებენ, მაშინ სახიფათო შეტევას უნდა ველოდოთ. როცა ესპანეთის ნაკრებს ბურთი არ აქვს, გუნდი კარგად ვერ თამაშობს, ხოლო იტალიის ნაკრების შემთხვევაში, საწინააღმდეგო ვითარებაა – კონტეს ბიჭები ბურთის გარეშეც კარგად მოქმედებენ. იტალიას ბრძოლა უყვარს, ესპანეთს კი მისი ყოველთვის ეშინოდა. “სკუადრა აძურას” წინააღმდეგ არაერთხელ მომიგია, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ შეიძლებოდა, დავმარცხებულიყავით.

– დღესდღეისობით, იტალიის ნაკრების დაცვა დამაჯერებელია…
– რა თქმა უნდა. თქვენ მაშინაც კი არ ნერვიულობთ, როცა ანგარიში 0:0-ია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გუნდები ერთმანეთს ასე ადრე არ უნდა შეხვედროდნენ.

– რომ არა ესპანეთის ხორვატიასთან მარცხი, ეს ასე არ იქნებოდა…
– ხორვატიის ნაკრებთან დამარცხება, ძალიან დიდი შეცდომაა. მოგების შემთხვევაში, ესპანეთს მერვედფინალში უფრო ადვილი მეტოქე ეყოლებოდა. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

– თქვენ გითამაშიათ როგორც დონადონის, ასევე პრანდელის იტალიის ნაკრებთან. ახლა გუნდს კონტე წვრთნის. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა?
– პრანდელის გუნდში უფრო ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობდნენ. 2008 წლის იტალიის ნაკრები (მაშინ მწვრთნელი დონადონი იყო – ავტ.) წარმატების მიღწევას კონტრ-შეტევაზე თამაშით ცდილობდა. დღესდღეისობით, თქვენ ბურთის კონტროლი შეგიძლიათ. ცხადია, ეს იტალიის მთავარი პლუსი არ არის, მაგრამ გყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ.

– რას იტყვით ანტონიო კონტეზე?
– მან “იუვენტუსში” დაამტკიცა, რომ ძლიერი სპეციალისტია. მისი გუნდი თავს კარგად იცავდა და უბურთოდ შესანიშნავად მოქმედებდა. ჩემი აზრით, იტალიის დღევანდელი ნაკრების სტილი “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” სათამაშო სტილის ნაზავია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თამაშობს “სკუადრა აძურაში”, თქვენ ყოველთვის საშიშები ხართ.

– ტაქტიკურად, როგორ იმოქმედებს იტალიის ნაკრები ორშაბათს გასამართ მატჩში?
– თქვენ 3-5-2 განლაგებით თამაშობთ, რაც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. მაგალითად, ესპანეთის ნაკრებს პრესინგის გაკეთება გაუჭირდება. ჩვენი ცენტრალური მცველები თქვენს ორ ცენტრალურ თავდამსმელზე იქნებიან ორიენტირებულები, თუმცა მათ ერთი ფლანგის მცველის დახმარებაც დასჭირდებათ. ცხადია, ასეთ სიტუაციაში კანდრევა ან ფლორენცი უყურადღებოდ დარჩება, ამიტომ დელ ბოსკემ რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს. 2014 წლის მუნდიალზე ჩილემაც და ჰოლანდიამაც ჩვენს წინააღმდეგ ასეთი ტაქტიკა არჩია, ჩვენ კი ორივე შემთხვევაში დავმარცხდით.

– 2014 წლის მუნდიალზე ცუდი თამაშის შემდეგ, დელ ბოსკემ ახალი გუნდი ააშენა.

– ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უფრო კარგად თამაშობს. დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდივართ, მეტოქე გუნდი კი ბურთს იშვიათად იღებს, რაც მათ საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევთ. დღეს, ესპანეთის ნაკრებს ჰყავს ინიესტა და ბუსკეტსი – ამ ორს შეუძლია, რომ გუნდი გააერთიანოს. სერხიოს ბურთის დაჭერა შეუძლია, ანდრესი კი შეტევის ორგანიზებას ცდილობს. ვფიქრობ, დღეს, ინიესტა და ბუსკეტსი მთლიანად ესპანეთში საუკეთესოები არიან.



– ესპანეთის ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალია ანგარიშით 4:0 დაამარცხა. რას იტყოდით ამ მატჩზე?

– მაშინ ჩვენმა გუნდმა დელ ბოსკეს ხელში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ფინალამდე, რამდენიმე შეხვედრა არადამაჯერებლად ჩავატარეთ და ცოტათი ვნერვიულობდით კიდეც. თუმცა, ფინალში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.

გუტიმ ჩავი გააკრიტიკა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ გუტიმ „ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველი ჩავი გააკრიტიკა, რომელმაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ატლეტიკოს“ სათამაშო სტილი არ მოსწონს და როგორც „რეალი“, ასევე „ბარსელონა“ მსგავსი დაცვითი ტაქტიკით არ უნდა თამაშობდეს.

„არ ვიცი, ჩავიზე რა ვთქვა. მისი „ატლეტიკოზე“ ნათქვამი და ის, რომ ეს ადამიანი „გაიზარდა“, ძალიან მაკვირვებს. როდესაც ის „ბარსელონაში“ თამაშობდა, ასეთი არ იყო, თუმცა კლუბიდან წასვლის შემდეგ „გაიზარდა“. შესაძლოა, ყატარში მას რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აჩუქეს“, – განაცხადა გუტიმ გადაცემა „El Chiringuito de Jugones“-ის ეთერში.

ჩავი: „კამპ ნოუზე“ „რეალი“ როგორც პატარა გუნდი თამაშობდა“

„ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველის ჩავის აზრით მადრიდის „რეალის“ მის ყოფილ გუნდთან ბოლო მოგებული მატჩი (1:2) შთამბეჭდავი არ იყო.

„კამპ ნოუზე“ „რეალი“ როგორც პატარა გუნდი თამაშობდა. „რეალსა“ და „ბარსელონას“ „ატლეტიკოს“ სტილში თამაშის უფლება არ აქვს. ორივეს თავისი სტილი უნდა ჰქონდეს. სიმეონემ თავისი გუნდის თამაში კარგად ააწყო, მან მეტოქის ძლიერი მხარეების გადაკეტვა იცის, თუმცა არ მომწონს, როდესსაც გუნდები თავის კართან ავტობუსს აყენებენ“, – ციტირებს ჩავის Goal.com.

ჩავი: “ინგლისს ევროპის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს”

მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ჩავი თვლის, რომ როი ჰოჯსონის გუნდს ევრო-2016-ის მოგების რეალური შანსი გააჩნია.

“ვფიქრობ, რომ ინგლისს ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

სანამ ჩვენ ჩვენს პირველ ტიტულს მოვიგებდით, ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო, რამეთუ წარსულში მეოთხედფინალური ეტაპიდანაც ვერ ვახერხებდით გასვლას. ჩვენი დონიდან გამომდინარე ზეწოლა ძალიან დიდი იყო, რაც უარყოფითად მოქმედებდა.

მსგავსი პრობლემა იყო ინგლისის შემთხვევაშიც – მათ ოქროს თაობაზე (ლამპარდი, სქოულზი, ბექჰემი, ჯერარდი) ზეწოლა ძალიან დიდი იყო, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.

ახლა სხვა დროა, კეინის, სტერლინგის, დელე ალისა და “ლესტერში” მოთამაშე ინგლისელების დრო. მათ უფლება აქვთ გავიდნენ და უბრალოდ ლაღი ფეხბურთი ითამაშონ. თუ უეინ რუნიც დაბრუნდება, მაშინ მათი შანსები ნამდვილად რეალური იქნება.” – განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა.

ჩავიმ ჭადრაკი ითამაშა (ფოტო)

“ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, დოჰაში საჭადრაკო ტურნირს დაესწრო. ესპანელმა ფეხბურთელმა ცნობილ მოჭადრაკეებთან რამდენიმე სპარინგიც ჩაატარა.

Xavi chess

ჩავი: „ბარსელონას“ „რეალისთვის“ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო“

„ბარსელონას“ ექს-ნახევარმცველმა ჩავიმ კატალონიელთა „რეალთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„მატჩის ყურებისგან სიმოანვნება მივიღე, რადგან „ბარსელონამ“ მეტოქეს ყველაფრით აჯობა. ის დაცვაში, შეტევაში და სხვადასხვა მოქმედებაში უკეთესი იყო. „ბარსელონამ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, გუნდმა მეტოქეს ფეხბურთის თამაშის გაკვეთილი ჩაუტარა. უნდა ვაღიაროთ, რომ „რეალის“ კარში, შესაძლოა, ხუთზე მეტი გოლიც გასულიყო“, – ციტირებს ჩავის „მარკა“.

ჩავი: “მესის გარეშე “ბარსა” და “რეალი” თანაბარი ძალისანი არიან”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.

“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.

 

ჩავიმ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელთა შორის უმეტესად კატალონიური კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ.

მეკარე: ვალდესი;
მცველები: კარლოსი, აბიდალი, პუიოლი, ალვეში;
ნახევარმცველები: ინიესტა, პირლო, ბუსკეტსი;
თავდამსხმელები: რონალდინიო, ეტოო, მესი.

სათადარიგოები: კასილასი, ზიდანი, პელე, მარადონა, კრუიფი, ნეიმარი, რონალდო, რომარიო.

ჩავის “ბარსელონაში” დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ სამწვრთნელო განათლების მიღება უკვე დაიწყო. მას “ბარსელონაში” დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

“სწავლას ვაპირებ. უკვე დავიწყე სამწვრთნელო განათლების მიღება აქ, Aspire-ის აკადემიაში. ყატარში ვთამაშობ, თუმცა ესპანურ ფეხბურთს თვალყურს კვლავაც ვადევნებ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუმცა მინდა, რომ ერთ დღეს “ბარსაში” დავბრუნდე. ეს არის ჩემი მიზანი და რაც უფრო ახლოს ვიქნები საფეხბურთო მოედანთან, მით უკეთესი”, – ჩავის კომენტარი ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ჩავიმ ახალ გუნდში მორიგი საგოლე პასები გააკეთა (ვიდეო)

„ალ-სადის“ ნახევარმცველი ჩავი ყატარში ფეხბურთის მაყურებლების გახარებას აგრძელებს. განვლილ უიქენდზე „ალ-ვაკრასთან“ ანგარიშთ 4:1 მოგებულ მატჩში გამოცდილმა ფეხბურთელმა მორიგი საგოლე პასები მიითვალა. ახლა სამ შეხვედრაში ჩავის ანაგრიშზე უკვე ოთხი საგოლე გადაცემაა.

ჩავიმ ნეიმარი გააკრიტიკა

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა კატალონიური კლუბის ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი გააკრიტიკა, რომელმაც ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში, თავის გამოსაჩენად, ფინტი შეასრულა, რასაც ბასკების უკმაყოფილება მოჰყვა.

„ნეიმარმა თავის ქცევას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. შესაძლოა, ბრაზილიაში ეს მისაღებია, მაგრამ ესპანეთში ასე მოქცევა არ შეიძლება. მან ამ ყველაფერზე უნდა იფიქროს. ის ექსტრაორდონარული და შრომისმოყვარე ბიჭია, მაგრამ საქემისადმი ბრაზილიური დამოკიდებულება ესანეთში უპატივცემულობას ნიშნავს“, – განაცხადა ჩავიმ.