გასოლს „ჩიკაგოს“ დატოვება არ სურს

„ჩიკაგო ბულსის“ ფორვარდი პაუ გასოლი თავისი გაცვლის კატეგორიული წინააღმდეგია, რის შესახებაც „იაჰუ სპორტსი“ იტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმა შეუძლია, მას „ხარებთან“ ხელშეკრულების გაგრძელება უნდა, შესაძლო გაცვლას კი მხოლოდ ორთვიან იჯარად მოიაზრებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდის საშუალო მონაგარი, სათამაშო დროის 32 წუთში, 17 ქულას, 10,9 მოხსნასა და 2 ბლოკს შეადგენს.

ბატლერმა „ჩიკაგოში“ მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა

„ფილადელფია სიქსერსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში 26 საჯარიმო სროლიდან 21 სროლის ჩაგდებით „ჩიკაგო ბულსის“ შემტევი უკანახაზელი ჯიმი ბატლერი თავისი გუნდის ისტორიაში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შემდეგ მეორე გახდა, ვინც ოფიციალურ მატჩში მინიმუმ 20 საჯარიმო ზუსტად ისროლა.

ამ შეხვედრაში ჯიმის თანაგუნდელებმა, ჯამში, მხოლოდ ექვსი საჯარიმო შეასრულეს – ორ-ორჯერ ხაზიდან ფორვარდებმა ტაჯ გიბსონმა, ნიკოლა მიროტიჩმა და ჟოაკიმ ნოამ ისროლეს.

სათქმელი ისიცაა, რომ ბატლერმა, ჯამში, ფილადელფიელთა ყველა კალათბურთელზე მეტი საჯარიმო სროლა ჩააგდო. „სიქსერსის“ მოთამაშეებმა 20 სროლიდან 15 გამოიყენეს.

ჟოაკიმ ნოა: „ამჟამად დურანტი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია“

„ოკლაჰომა სიტი თანდერთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „ჩიკაგო ბულსის“ ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ მეტოქის ლიდერი კევინ დურანტი შეაქო.

„მისი თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ახლა სწორედ დურანტზე საუბრის დრო მოვიდა. ვფიქრობ, დღეს იგი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია“, – განაცხადა ფრანგმა მოთამაშემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაიკლ დანლივის „როკეტსთან“ მატჩში თავი გაუტეხეს (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩში „ჩიკაგო ბულსის“ მცველს მაიკლ დანლივის თავი გაუტეხეს.

აღნიშნული ეპიზოდი მეორე მეოთხედში მოხდა, როდესაც მოთამაშეს მეტოქე გუნდის ფორვარდს ჩენდლერ პარსონს შეეჯახა.

კლუბის ექიმებმა დანლივის საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მან თამაში მესამე მეოთხედში განაახლა და 18 ქულაც დააგროვა. საბოლოოდ, „ხარებმა“ მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით, 111:87 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ „როკეტსის“ ტვიტერის ოფიცალურ გვერდზე შეხვედრის შემდგომ შემდეგი პოსტი გამოქვეყნდა: „რა ვისწავლეთ დღეს? ის, რომ მაიკლ დანლივის არასდროს უნდა ჩავარტყათ“.

აქვე წარმოგიდგენთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეოს:

ტიბოდი: „როუზს სრულყოფილ ვარჯიშამდე ბევრი უკლია“

„ჩიკაგო ბულსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ გამთამაშებლის დერიკ როუზის აღდგენითი პროცესის შესახებ ისაუბრა.

„ახალი ჯერჯერობით არაფერია. თუმცა, სათქმელია, რომ ინტენსიური სირბილი მან უკვე დაიწყო. მაგრამ, სრულყოფილ ვარჯიშამდე დერიკს ბევრი უკლია.

როუზი მოტივაციას არ კარგავს, მას არც სხეულის პრობლემები აწუხებს. ეს მოთამაშე გამოჯანმრთელებაზე ფიქრობს და, ცდილობს, თანაგუნდელების გვერდში იდგეს“, – განუცხადა ტიბოდომ ESPN Chicago-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნოა კარმელო ენტონის „ჩიკაგო ბულსში“ იწვევს

„ჩიკაგო ბულსის“ ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ ორი კვირის წინ გამართული ოლ სტარის წინ „ნიუ-იორკი ნიქსის“ ლიდერი კარმელო ენტონი თავის გუნდში მიიწვია, რის შესახებაც ESPN-ის ჟურნალისტი კრის ბრუსარი იტყობინება.

ბრუსარის ინფორმაციით, ნოამ ენტონის შემდეგი წინადადებით მიმართა: „შენ ლოს-ანჯელესში გადასვლა შეგიძლია. თუმცა, ტიტულების მოგება და ისტორიაში შესვა თუ გსურს, „ჩიკაგო ბულსში“ უნდა გადახვიდე“.

თავის მხვრივ, ენტონიმ ნოას შემდეგი პასუხი გასცა: „თვალყურს სისტემატიურად გადევნებთ. გუნდის მოთამაშეთა ხასიათითა და თამაშით აღფრთოვანებული ვარ. სხვათა შორის, ჩემი ვაჟის საყვარელი კალათბურთელი დერიკ როუზია“.

ბრუსარი ასევე წერს, რომ ტრავმირებული გამთამაშებელი ჩიკაგოში გადასვლას განიხილავს და „ხარების“ მაისურის მორგებისთვის მზად არის.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟაკიმ ნოამ სამ მატჩში ორი ტრიპლ-დაბლი გააკეთა

„ჩიკაგო ბულსის“ ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ კარიერაში მეექვსე ტრიპლ-დაბლი გააკეთა.

„დეტროიტ პისტონსთან“ მატჩში „ხარების“ მოთამაშემ 10 ქულა დააგროვა და 11-11 მოხსნა და პასი გააკეთა, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს. აღნიშნული შეხვედრა ჩიკაგოელებმა 11 ქულით მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ფრანგისთვის ბოლო სამ თამაშში ეს მეორე ტრიპლ-დაბლი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

შენგელიას “ჩიკაგო ბულსმა” “გოლდენ სტეიტი” გაანადგურა

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მოგებას მოგებაზე იხვეჭს. მორიგი გამარჯვება “ბულსმა” დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ გუნდ “გოლდენ სტეიტთან” მოიპოვა. ჩიკაგოელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 20 ქულის სხვაობით – 103:83დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 2:07 წუთით გამოჩნდა. შენგელიამ ამ დროში 1 მოხსნის მოხვეჭა მოასწრო, 1 სროლა კი ააცილა. საუკეთსო კი ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 27 წუთში 21 ქულა დააგროვა. კარლოს ბუზერმა და მაიკ დანლივიმ 15-15 ქულა დააგროვეს.

“ჩიკაგოს” 31 მოგების წილ 26 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. შემდეგი მატჩი შენგელიას გუნდს 28 თებერვალს ტეხასში, “დალასთან” ელის.

GBF.GE

დერიკ როუზი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმედოვნებს

„ჩიკაგო ბულსის“ გამთამაშებელი დერიკ როუზი ესპანეთში ჩასატარებელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას იმედოვნებს, რის შესახებაც Chicago Sun-Times-ის ჟურნალისტები წერენ.

გასული წლის ნოემბერში როუზმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. წყაროს ინფორმაცით, გამთამაშებელი, რომელმაც უკვე მსუბუქი ვარჯიში დაიწყო, სექტემბერში ჩასატარებელი ტურნირისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ როუზი იმ 28 მოთამაშეს შორის მოხვდა, რომელიც 2014-2016 წლების პერიოდისთვის აშშ-ს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლუოლ დენგმა ჩიკაგოში დაბრუნება არ გამორიცხა

ფორვარდი ლუოლ დენგი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მიმდინარე თვეში „ჩიკაგო ბულსიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ გადავიდა. ერთ-ერთი ბოლო მატჩის წინ ბრიტანელს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა მას „ხარების“ რიგებში დაბრუნება, რაზეც ჟურნალისტებს მან ჯერ სარკაზმით უპასუხა, შემდეგ კი, ტონი შეცვალა.

„არ ვიცი. შესაძლოა, მათ სამ წელიწადში 30 მილიონი დოლარი შემომთავაზონ.

ამჟამად რამის თქმა რთულია. გაბრაზებული ან ნაწყენი არავისზე ვარ. უბრალოდ, სისულელე იქნება იმის თქმა, რომ „ბულსი“ ჩემს სიაში არ იქნება. ამ გუნდში ათი წელიწადი გავატარე“, – განუცხადა დენგმა Chicago Sun-Times.

ცნობისთვის, კლივლენდში გადასვლის წინ დენგი „ხარების“ ხელმძღვანელთა წინადადებას არ დათანხმდა, რომლებიც მას 3-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 30 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიბოდო: „როუზმა აღდგენითი პროცესი დაიწყო“

„ჩიკაგო ბულსის“ მთავარი მწვრთნელის ტომ ტიბოდოს თქმით, „ხარების“ უკანახაზელმა დერიკ როუზმა, რომელსაც 25 ნოემბერს მუხლის ოპერაცია გაუკეთეს, აღდგენით პროცესი უკვე დაიწყო.

„როუზს უკვე დამოუკიდებლად სიარული შეუძლია. ტრენაჟორებით ვარჯიში მან უკვე დაიწყო, ისევე, როგორც მთლიანი აღდგენით პროცესი“, – განუცხადა ტიბოდომ The Chicago Sun-Times-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

აუქციონზე მაიკლ ჯორდანის სახლი კვლავ ვერ გაიყიდა

ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის აუქციონზე გატანილ სახლს ახალი მეპატრონე კვლავაც არ ჰყავს, რის შესახებაც Yahoo! Sports-ი იტყობინება.

ჯორდანის წარმომადგენლის თქმით, საუკეთესო წინადადების ფასი, საწყის ფასზე, რომელიც 13 მილიონ დოლარს შეადგენს, უფრო ნაკლები აღმოჩნდა. ჩიკაგოს გარეუბანში თავისი შესანიშნავი სახლის გაყიდვას „ბულსის“ ექს-მოთამაშე ახალი წლის შემდეგ შეეცდება.

როგორც ცნობილია, მაიკლის სახლში ჯამში 5 ათასი კვადრატული მეტრია. სახლი 9 საძინებელი ოთახის, 15 ააბაზანოს, საცურაო აუზისგან, ბიბლიოთეკისა და დახურული საკალათბურთო დარბაზისგან შედგება.

პირველად აუქციონის დახმარებით ჯორდანი მის გაყიდვას 2012 წლის დასაწყისში ცდილობდა – მაშინ სახლის საწყისი ფასი 29 მილიონს შეადგენდა.

ალექსანდრე მატევოსოვი