საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორიგი მატჩები იმართება.

“ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამო” მიიღო. ანგარიში 27-ე წუთზე ნიკა კვანტალიანმა გახსნა. ზუსტად ერთ წუთში დიმიტრი ტატანაშვილმა მასპინძელთა ჩამორჩენა აღმოფხვრა.

მეორე ნახევარში “ჩიხურა” კიდევ უფრო გააქტიურდა და 49-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმაც შეაგდო. საჩხერლებს სხვაობის ორამდე გაზრდის ასპროცენტიანი შანსი 62-ე წუთზე მიეცათ, თუმცა პაპუნა ფონიავამ პენალტი გააცუდა.

საბოლოოდ, “ჩიხურამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო.

ამ მოგების შემდეგ იმერული კლუბი 33 ქულით მეოთხეზეა. “დინამოს” 23 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.

ეროვნული ლიგა: პირველი ორი წრის მაყურებელთა რაოდენობა (ფოტო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჯი-ეფ-ემ სტუდიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, 2017 წლიდან პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ხორციელდება ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი.

ეროვნული ლიგის პირველი ეტაპის შემდეგ მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ორ წრეში მხოლოდ ინტერნეტ-ტრანსლაციებს თვალი ადევნა 520 653 გულშემატკივარმა (საშუალოდ 5 785 მაყურებელი).

პირველი ნახევრის ყველაზე ყურებადი მატჩი იყო იყო მე-14 ტურში, ჩიხურა-დინამო (14 242 მაყურებელი).

აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა ინტერნეტ-ტრანსლაციებისა, სფფ აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ტელეკომპანია აჭარასთან და ახლა უკვე სილქ-უნივერსალთანაც, რომელთა რეიტინგები ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის.

 

Eliga.Ge

“სამტრედიამ” “ჩიხურას” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-20 ტურმა აიღო სტარტი.

“ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივი “სამტრედია” “ჩიხურას” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მათ ანგარიშის გახსნა მე-4 წუთზე შეძლეს. ამის გაკეთება დავით რაჟამაშვილმა მოახერხა. პირველ ტაიმში სამტრედიელებს კიდევ ჰქონდათ შანსი, რომ ჰამზიჩის კარი აეღოთ, თუმცა 44-ე წუთზე ანტე გიიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარში, 58-ე და 61-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “სამტრედიას” 39 ქულა აქვს და მესამეზეა. ხოლო, “ჩიხურა” 29 ქულით მეოთხეზეა.

 

სარდალიშვილი: “ჩიხურა” პროგრესირებს, მოტივიაცია დიდია, პირველობისთვის ვიბრძოლებთ!”

დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო და ანგარიშით, 4-2 დამაარცხა. ჰეთრიკი შეასრულა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელსაც Fanebi.Com-ი მატჩის დასრულებისთანავე დაუკავშირდა.

– შეაფასე მატჩი და გვითხარი, რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის ასე დაჯაბვნა?

– ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშიდან ჩანდა ის, რომ მეტად ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე “დილა”. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომელებიც კარგად გამოვიყენეთ. ძირითადად, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი – ამ ტაქტიკამ აშკარად გაამართლა, რაც შედეგზეც აისახა.

– შენ არც ისე სუსტ მეტოქეს სამი გოლი გაუტანე. შეაფასე საკუთარი ასპარეზობა.

– რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ჩემი გუნდელების  დიდი დამსახურებაა. რომ არა მათ მიერ შექმნილი საგოლე მომენტები და პასები, გოლებით ნამდვილად ვერ დავაგვირგვინებდი (იღიმის, ავტ.). რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ჩემი ე. წ. “ჰეთრიკი” შედგა.

– ზოგადად რომ მითხრა, რა შანსები აქვს ჩემპიონატში “ჩიხურას” ამ სეზონში?

– რაც შეეხება “ჩიხურას” შანსებს წლევანდელ ჩემპიონატში, პროგრესის მიღწევა აშკარად შეგვიძლია, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია, ვიბრძოლებთ პირველობისთვის, ან მინუმუმ იმ შედეგს გავიმეორებთ, რაც შარშან დავაფიქსირეთ.

“ჩიხურამ” “დილას” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” გორის “დილას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა 32-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა. ზუსტად შვიდ წუთში ბაქარ მირცხულავამ ორამდე გაზარდა იმერლების უპირატესობა. 42-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა სამ წუთში კაკუბავას შესანიშნავი პასის შემდეგ, სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა და ორბურთუანი სხვაობა აღადგინა.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე სარდალიშვილმა კიდევე ერთხელ აიღო მუჯრიშვილის კარი. 88-ეზე კი სალიეუ ტარავალიემ ორამდე შეამცირა სხვაობა.

საბოლოოდ, 4-2 და “ჩიხურამ” ეს დაპირისპირბა დამაჯერებლად მოიგო.

ამჟამად საჩერული კლუბი 29 ქულით მეოთხეზეა, “დილას’ 22 ქულა აქვს და ემშვიდეზეა.

ოფიციალურად: საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” ორი მოთამაშე დაიმატა!

საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ლიგის განახლებამდე კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა.

იმერულ კლუბში 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, ცოტნე მესხი და 23 წლის ფორვარდი, ოთარ კვერნაძე ითამაშებენ. ცოტნე 35-ე სკოლის აღზრდილია. იგი სხვადასხვა დროს ,,ლოკომოტივში”, შუქურაში” და ბოლოს თბილისის ,,დინამოში” გამოდიოდა. რაც შეეხება ოთარ კვერნაძეს, მას ,,ზესტაფონის”, ქუთაისის ,,ტორპედოსა” და თბილისის ,,დინამოს” მასირუებით აქვს ნათამაშები.

საგულისხმოა, რომორივე ფეხბურთელი ,,დინამოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდნენ საჩხერულ კლუბში.

“ჩიხურამ” “ალტახთან” ავსტრიაში ფრე ითამაშა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები იმართება.

ავსტრიაში, ადგილობრივმა “ალტახმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო (წინა დაპირისპირება 1:0 ავსტრიელთა სასარგებლოდ). საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე სტეფან ნუცმა გახსნა. პირველ ტაიმში “ჩიხურა” ვერაფერს გახდა.

მეორე ნახევარში, 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაათანაბრა. ახლა უკვე ქართველებს ერთი გოლი სჭირდებოდათ, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ. ისინი ბევრს ეცადნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ.

საბოლოოდ, ორმატჩიანი დუელი “ჩიხურამ” ანგარიშით, 1-2 დათმო.

“ჩიხურამ” “კოლხეთს” მოუგო და ცხრილში “ლოკომოტივს” გადაუსწრო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები იმართება.

“ეროსი მანჯგალაძეზე” ფოთის “კოლხეთმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ნახევარში 59-ე წუთზე ცოტნე ქებურიამ საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი. მას უკნიდან საჩხერელთა ფეხბურთელი, თორნიკე გორგიაშვილი წამოეპარა და ბურთი აართვა, ქებურია წაიქცა და ბურთი ხელით დაიჭირა, რათა “ჩიხურელი” მეკარესთან პირისპირ არ გასულიყო. მატჩის მთავარმა არბიტრმა ფოთელთა ათ ნომერს წითელი ბარათი უჩვენა. ზუსტად შვიდ წუთში ათი კაცით დარჩენილმა მეგრულმა გუნდმა გოლი გაუშვა: თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩანა. თუმცა, “კოლხეთი” არ დანებდა და 75-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანაბრა.

დიმიტრი ტატანაშვილმა 86-ე წუთზე დუბლი შეასრულა და იმერლები ისევ წინ გაიყვანა. ხოლო, მეორე ტაიმის მეოთხე დამატებით წუთზე ტატანაშვილმა მესამედაც შეაგდო – მისმა ჰეთრიკმა “ჩიხურას” სამი ქულა მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ “ჩიხურა” 26 ქულით მეოთხეზეა. “კოლხეთს” 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

 

 

“ჩიხურას” ფეხბურთელები შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრნენ (ფოტოები)

14 ივნისი შშმ დაცვის დღეა.

ნახსენებ დღეს დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი, საჩხერის “ჩიხურა” ადგილობრივ შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ეწვია. ფეხბურთელებმა ბავშვებს სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვეს, შემდეგ კი ეზოში ერთად ითამაშეს. როგორც გუნდის გვერდზეა აღნიშნული, შემდგომში “ჩიხურა” დღის ცენტრს ბავშვების ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელ სპორტულ ინვენტარს გადასცემს.

ს.კ. „ჩიხურა“ მსგავს აქციებში ხშირად ერთვება და მადლობას უხდის ყველას, ვისთვისაც ქველმოქმედება გადამდებია!

 

“ჩიხურამ” “საბურთალო” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩები გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. მეათე წუთზე ანგარიშის გახსნა დიმიტრი ტატანაშვილმა შეძლო და იმერლები წინ გაიყვანა. 13 წუთში “ჩიხურას” კაპიტანმა, შოთა კაშიამ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 30-ე წუთზე სტუმარი გუნდი ისევ გავიდა წინ. ამჯერად გიორგი ივანიშვილმა შეარხია თბილისლების კარის ბადე.

მეორე ნახევარში “საბურთალოს” ჰქონდა შანსები, თუმცა ვეღარ გაიტანა.

საბოლოოდ, სოსო ფრუიძის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურას” 23 ქულა აქვს და მეოთხეზეა. “საბურთალო” 19 ქულით მეექვსეზეა.

“ჩიხურამ” “ივანწმინდა არენაზე” დაბრუნება თბილისის “დინამოს” დამარცხებით აღნიშნა! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

საჩხერის “ჩიხურა” რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საკუთარ მოედანს დაუბრუნდა და სწორედ იქ გამართა მატჩი. იმერლები ლიდერ თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდნენ. 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და “ჩიხურა” დააწინაურა. ზუსტად 4 წუთში დედაქალაქელთა კართან თერთმეტმეტრიანი დაინიშინა. იგი დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 41-ე წუთზე “დინამო” კონტრშეტევაზე წავიდა, კიტეიშვილმა ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც მარცხენა კუთხიდან ცარიელ კარში სცადა ბურთის გადაგზავნა. მისი დარტყმული მცველმა მირცხულავამ ხელით აიღო. რა თქმა უნდა, საჩხერელთა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს და პენალტიც დაინიშნა. იგი ბაჩანა არაბულმა შეასრულა და ანგარიში 2:1 გახადა.

მეორე ტაიმში “დინამოს” ბევრი მომენტი შეექმნა, თუმცა ათკაციან “ჩიხურას” გოლი ვეღარ გაუტანა.

საბოლოოდ, 2-1 და საჩხერლებმა თავიანთ არენაზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებით აღნიშნეს. ახლა მათ 20 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეხუთე პოზიციაზე არიან. “დინამო” 31 ქულით პირველზეა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

ბათუმის “დინამომ” და საჩხერის “ჩიხურამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმში, “რაგბი არენაზე” “დინამო” “ჩიხურას” დაუპირისპირდა. არც ისე სანახაობრივ თამაშში რამდენიმე მომენტის მიუხედავად, გოლი არ გასულა. საბოლოოდ, გუნდები ნულოვან ფრეზე გაიყარნენ.

ამ მატჩის შემდეგ აჭარლებს 13 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე არიან. “ჩიხურა” 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა.