მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “რომასთან” შინ განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პიოლის სავარძელი მნიშვნელოვნად შეირყა. თუ “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, გუნდში 51 წლის სპეციალისტს არ გააჩერებენ.
“მარკას” თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს – დიეგო სიმეონე და ანტონიო კონტე. არგენტინელი მოთამაშის რანგში იცავდა მილანური კლუბის ღირსებას და ამ გუნდთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სიმეონესა და “ინტერს” შორის შეთანხმებაც არის იმის თაობაზე, რომ “ატლეტიკოს” დატოვების შემდეგ არგენტინელი სწორედ იტალიურ გუნდს ჩაიბარებს.
რაც შეეხება ანტონიო კონტეს, იტალიელს ლონდონის “ჩელსიში” საქმეები კარგად მისდის, მაგრამ კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებს, რაც, შესაძლოა, გუნდიდან მისი წამოსვლის მიზეზი გახდეს.