თბილისის “დინამომ” რუსეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსანს მოუგო

დინამოელებმა პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის მერვეადგილოსანთან – არსენალ ტულასთან ჩაატარეს და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვეს.

მატჩი თბილისელეთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მეექვსე წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა. ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა კარგად, ძლიერადაც დაარტყმა, მაგრამ მეკარემ ბოლო წამს ივარგა. დასწრებაზე ბაქარ ქარდავა ურტყავდა, თუმცა არაზუსტად. ტაიმის შუაში ზივზივაძე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, ზუსტი პასიც გააკეთა, ლევან ხარაბაძეს კი არსენალის მცველმა წამის მეასედში დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მომდევნო შეტევაში დედაქალაქელებს კიდევ ერთხელ მართებდათ გოლის გატანა. ჩამოწოდებულ ბურთზე დავით კობოურმა მაღალ ნახტომში ითამაშა, მისი თავური სანტიმეტრებში აცდა მეთოფეთა კარს. საბოლოოდ პირველმა ტაიმმა დინამოს უპირატესობით ჩაიარა.

გოლის გატანა თბილისელებმა მეორე ნახევარში მოახერხეს. 63- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის პასით ოთარ კიტეიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. თამაშის ბოლოსკენ არსენალის ფეხბურთელებს ჰქონდათ ორი სახიფათო მომენტი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დინამომ დაასრულა პირველი შეკრება. ფეხბურთელები ხვალ თბილისში დაბრუნდებიან, ხოლო 11 თებერვლიდან ისევ თურქეთს ესტუმრებიან მეორე შეკრების გასავლელად.

Fcdinamo.Ge

თბილისის “დინამო”: თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება

დინამოელთა პირველი თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება.

ორი დღეა გუნდი განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის ქვეშ ვარჯიშობს, ხვალ კი თბილისელები რუსული პრემიერლიგის არსენალ ტულას დაუპირისპირდებიან. გუნდს სინჯებზე უკრაინელი 24 წლის მცველი – სერჰი პეტკო შეუერთდა, რომელიც მანამდე ვერესში, ჩერნომორეცსა და ოდესის ჟემჩუჟინაში გამოდიოდა. პეტკოს ასევე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უასპარეზია.

ხვალინდელი სპარინგი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება, მისი ვიდეო სტრიმი კი ტრადიციულად გუნდის ოფიციალურ გვერდზე იგეგმება.

თბილისის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრაში “ვორსკლასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

თბილისელები უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსან ვორსკლას დაუპირისპირდნენ. დედაქალაქელებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველ ნახევარში მეათე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ კიდეც და შედეგიანი დარტყმის გარდა არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს ბოჰდან შუსტის კართან. ტაიმის ბოლოს დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ვიაჩესლავ შარპარმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კახი კაჭარავამ დემეტრე ბულისკერიას და სინჯებზე მყოფი ტერენტი ლუცევიჩის გარდა მთელი გუნდი შეცვალა და ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. პოლტაველთა გამოცდილ შემადგენლობასთან ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდათ და სამი გოლიც გაუშვეს თავიანთ კარში.

მომდევნო და პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩს დინამო 6 თებერვალს არსენალ ტულასთან გამართავს.

დინამო 1:4 ვორსკლა

გოლი: 1:0 ზივზივაძე 10’  1:1 შარპარი 31’  1:2 ჩესნაკოვი 65’  1:3 კულაკი 69’  1:4 გიორგაძე 81’

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლუცევიჩი, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია, შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, გადრანი, კუცია, დარცმელია, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე, ნინუა, ერგემლიძე, გ. ხარშილაძე, გაბუნია

ვორსკლა: შუსტი, დალკუ, ჩიჟოვი, პერდუტა, საპაი, კრავჩენკო, შარპარი, კობახიძე, რებენოკი, კოლომოეცი, ვასინი

თბილისის “დინამომ” მარტვილში საფეხბურთო სკოლა გახსნა (ვიდეო)

მარტვილში საფეხბურთო სკოლა გაიხსნა, რომელშიც დინამოს აკადემიის ფილიალი იფუნქციონირებს. ეს კლუბის პრეზიდენტის – რომან ფიფიას იდეა გახლდათ, განხორციელებული იდეა, რომელიც დინამოსთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

დინამოს აკადემიის ფილიალი 8-დან 13 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს მოემსახურება. იფუნქციონირებს 6 ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, ეკიპირებით, საწვრთნელი პროცესით, რომელიც დინამოს პროგრამით ჩატარდება და ვარჯიშის შემდეგ კვებით. ფილიალში სწავლა კი უფასო იქნება.

საფეხბურთო სკოლის გახსნის ცერემონიალს კლუბის და აკადემიის ხელმძღვანელობის გარდა, მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელები – ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია ესწრებოდნენ.

გიორგი ივანიშვილი ეროვნული ლიგის რეფორმისა და შვეიცარიაში გატარებული წლების შესახებ საუბრობს

თბილისის დინამოს ერთ-ერთი პირველი ახალწვეული გიორგი ივანიშვილია – 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფეხბურთელად შვეიცარიაში ჩამოყალიბდა, საქართველოში კი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და დინამომდე ცხინვალისა და საჩხერის ჩიხურას ღირსებას იცავდა. პირველი ქართული ტიტული ივანიშვილმა სწორედ საჩხერული კლუბის შემადგენლობაში მოიგო – გასულ სეზონში საქართველოს თასს დაეუფლა.

ციურიხის და შაფჰაუზენის ყოფილ ფორვარდს იმედი აქვს, რომ ეს მისი დიდი მიღწევების მხოლოდ დასაწყისია და წარმატებებს ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბშიც მიაღწევს “შეიძლება, დღეს დინამოს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ იქ მოხვედრა დღესაც რჩება ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის ოცნებად. ასე რომ, ბედნიერი ვარ, ეს პატივი რომ მხვდა წილად. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საჩხერის ჩიხურასა და მის გულშემატკივრებს, თუმცა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევების დროა და მაქსიმალურად ვეცდები, დინამოსთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე”- გვითხრა გიორგიმ.

რა არის მისი უმთავრესი მიზანი 2018 წელს? “საქართველოს თასი უკვე მოვიგე, ახლა კი დროა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. დინამო რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდმა თავისი სიტყვა თქვას ევროასპარეზზე. ზაფხულამდე გვექნება იმის დრო, რომ ევროპა ლიგას სათანადო ფორმაში შევხვდეთ და იქ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.”

ივანიშვილი შვეიცარიის მოქალაქეა და შესაბამისად, ფორმალურად, დინამოს ლეგიონერია. საინტერესოა, რა შესძინა მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში გატარებულმა წლებმა.

“შვეიცარია, რა თქმა უნდა, სამაგალითო ქვეყანაა და ფეხბურთშიც საკმაოდ წარმატებულია. თუმცა იყო დრო, როცა იქაურ ნაკრებსა და კლუბებს ცუდი შედეგები ჰქონდათ. 1998 წელს ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა შეიმუშავეს და შედეგებმაც არ დააყოვნა. კი, შვეიცარიას ფინანსებში არ უჭირს, მაგრამ პროგრესისთვის მხოლოდ ეს არ კმარა.

როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას, იქაურმა საფეხბურთო სისტემამ ბევრი რამ შემძინა – ვიცი, რაც არის სწორი საფეხბურთო აზროვნება, აღარაფერს ვამბობ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე, რომელიც შვეიცარიის თითოეულ მოქალაქეს უბრალოდ, შესისხლხორცებული აქვს. ყოველივე ამის შემდეგ ქართულ რეალობაზე გადმოწყობა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ აქ დაბრუნება ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო. ქართველი ვარ და მინდა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი კარიერა რიგიანად წარიმართა, აქ ჩამოსვლის შემდეგ დავოჯახდი, ასე რომ, შვეიცარია მოიცდის.”

შვეიცარიამ კი გიორგის მართლაც ბევრი შესძინა – თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებს, მერე დანიაში მიიღო უმაღლესი განათლება სპორტული მენეჯმენტის განხრით. ასე რომ, ბუცებს ლურსმანზე რომ ჩამოჰკიდებს, წარმატებული კარიერა, ფაქტობრივად, მერეც გარანტირებული აქვს.

2015 წელს, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი რომ ჩატარდა, პროექტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა დღეს მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და თავისი განათლებასა და ენების ცოდნას აქტიურად მომავალში გამოიყენებს. დინამომ მხოლოდ კვალიფიციური თავდამსხმელი არ შეიძინა – ასეთი ინტელექტუალური რესურსის მქონე ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი აქტივია.

ქართული ფეხბურთის მომავალს გიორგი ოპტიმისტურად უყურებს: “მთელი გულით მინდა, რომ 2018 წელი ჩვენი ფეხბურთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. მჯერა, რომ ეროვნული ლიგის რეფორმა იმუშავებს და უკეთესი შედეგი გვექნება. შარშანდელი ჩემპიონატი მაღალი კონკურენციის ფონზე ჩატარდა და დინამო-ტორპედოს საჩემპიონო მატჩით დაგვირგვინდა. ასეთი დრამატული მატჩები აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხის ამაღლებამდე, კონკურენცია აუცილებლად უნდა გადაიზარდოს ხარისხში.“

გიორგი ივანიშვილს დინამოში გადასვლის შანსი 2012 წელსაც ჰქონდა, როცა გუნდს ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ ახალგაზრდა შემტევმა სეზონი შვეიცარიის სუპერლიგაში, ბელინცონაში განაგრძო.

Eliga.Ge

“დინამოს” ასაკობრივი გუნდის მწვრთნელმა სტაჟირება “ფახტაქორში” გაიარა

გაზაფხულზე დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელის – ვიტალი დარასელიას სახელობის თასი მესამედ გათამაშდება. საერთაშორისო ტურნირისთვის მალე დინამოს 15 წლამდელთა გუნდიც დაიწყებს მზადებას. დინამოს აკადემიის ინიციატივითა და ტაშკენტის პახტაქორის მიწვევით, ჩვენი კლუბის 15 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი – ვახტანგ იაგორაშვილი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც კლუბის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მთლიანად იყო ჩართული გუნდის მზადების პროცესში.

4- დან 14 იანვრის ჩათვლით პახტაკორთან ერთად თურქულ შეკრებაზე  ვიმყოფებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ შოთა არველაძესთან ერთად მთლიანად ვიყავი ჩართული საწვრთნელ პროცესში, რაც ჩემთვის ცოდნისა და გამოცდილების მხრივ საკმაოდ დიდი ნაბიჯია. ყველაზე სასიამოვნო გახლდათ იმ საფეხბურთო ფილოსოფიის ხილვა, რომელიც ჩვენს აკადემიაშია დამკვიდრებული, რაც დამყარებულია ბურთის კონტროლზე, მაღალ ტემპში პრესინგზე და თამაშის მაღალ რიტმზე. ჩემთვის ასევე ყურადსაღები იყო რამდენიმე სპეციფიკური ვარჯიშის, უფრო მარტივი და გამართული შესრულება. პახტაქორი საფეხბურთო აკადემიის დაფუძნების პროცესშია და ამ მხრივაც მოხდა აზრებისა და გამოცდილების გაზიარება. ერთი სიტყვით საკმაოდ ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა და ამისთვის მადლობა დინამოს, პახტაქორს და შოთა არველაძეს,” –  აცხადებს იაგორაშვილი.

“დინამომ” სპარინგ-მატჩი “დილასთან” გამართა

გუშინ ქართულმა გუნდებმა, თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

დაძაბული დაპირისპირება დიღმმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. თბილისელთა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ, ძირითადად, ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და უმეტესად სინჯებზე მყოფი და აკადემიის ფეხბურთელები დატვირთა, სპარინგი “დილას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გეტყვით, რომ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიდან “დინამოელები” შეკრებაზე უკრაინელ ნახევარმცველს – დმიტრო ივანისენიას იახლებენ, რომელსაც თურქეთში დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებენ. 24 წლის ნახევარმცველი დონეცკის შახტარის აღზრდილია, იგი ასევე “ილიჩივეცსა” და “მარიუპოლში” გამოდიოდა.

“დინამო” შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება

“დინამო თბილისი” ზამთრის შეკრების გასავლელად 22 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. 2018 წლის სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს დედაქალაქელები სიდეში გაივლიან.

გეტყვით, რომ შეკრებაზე თბილისელები 4 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. 26 იანვარს ისინი ლუგანსკის “ზორიას” შეხვდებიან, 29 იანვარს სპარინგს ნოვი სონჩის “სანდეციასთან” გამართავენ, 2 თებერვალს “დინამო” პოლტავის “ვორსკლას” შეხვდება, 6 თებერვალს კი ტულის “არსენალს.” კახი კაჭარავას გუნდი თბილისში 7 თებერვალს დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” წინა სეზონში ეროვნულ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა.

თბილისის “დინამო” შეიკრიბა

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კახი კაჭარავამ მიმდინარე წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. დინამო ტრავმირებული გიორგი თევზაძის და გიორგი ზარიას გამოკლებით თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ვარჯიშში ახალწვეულთა გარდა, 19 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებიც იღებდნენ მონაწილეობას.

კლუბში ასევე სინჯებზეა 4 ფეხბურთელი: 25 წლის ფორვარდი, უკრაინის მოქალაქე ევგენი ბოხაშვილი, რომელიც დნიპროს აღზრდილია. მას დნიპროს გარდა სხვადასხვა დროს კრივბასის, კარპატის, ვოლინის, ნაფტოვიკის და რუხის რიგებში უთამაშია; ბელარუსის მოქალაქე, 18 წლის ნახევარმცველი ნიკა ბასარია; იგი დინამო მინსკის და ესპანური კორნელიას ღირსებას იცავდა; 23 წლის ნახევარმცველი ლაშა მანაგაძე, რომელიც ბოლნისის სიონში გამოდიოდა და 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გურამ ლუკავა. ლუკავა ფოთის კოლხეთში და პოლონურ ლეგიონოვიაში თამაშობდა.

სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება ფეხბურთელებს და ამის შემდეგ გადაწყდება შეკრებაზე წამსვლელთა ვინაობაც. დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ზამთრის თასზე მიიღებენ მონაწილეობას, 22 იანვრიდან კი თურქეთში გაივლიან შეკრებას.

Fcdinamo.Ge

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “დინამოში” ითამაშებს

ბუდუ ზივზივაძე დინამოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

23 წლის ფორვარდი დანიური ესბიერგის კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს. ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ბუდუ ესბიერგში ჩარიცხვამდე სამტრედიასა და ტორპედოში გამოდიოდა. 2011-2014 წლებში კი დინამოში თამაშობდა.

Fcdinamo.Ge

ოფიციალურად: ზურა დავითაშვილი “ლოკომოტივის” ფეხბურთელია

ზურა დავითაშვილი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ამ ინფორმაცია, როგორც ახალგაზრდა მოტაამშის ყოფილი გუნდის, ასევე ახლანდელი კლუბის გვერდები ავრცელებენ.

16 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
“ლოკოს” ახალწვეული, თბილისის “დინამოს” აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. 2017 წელს, ეროვნულ ლიგაში, მან 6 მატჩი ჩაატარა.

დავითაშვილი საქართველოს 17 წლამდე ნაკრების კაპიტანია.

თბილისის “დინამოს” ხუთი მოთამაშე დაემშვიდობა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის “დინამო” ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

“დინამო თბილისი ბექა მიქელთაძემ, ზუკა დავითაშვილმა, ბექა ქავთარაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვეს. ჩვენი კლუბის სურვილის მიუხედავად ფეხბურთელებმა სხვაგან გადაწყვიტეს კარიერის გაგრძელება. დინამოს ასევე დაემშვიდობა გამოცდილი მეკარე ნუკრი რევიშვილი. ჩვენი კლუბი წარმატებებს უსურვებ მას მომავალ კარიერაში.” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსნეებთ, რომ “დინამომ” გასულ სეზონში ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. ის ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო საქართველოს თასზე ასპარეზობას ნახევარფინალში, ქუთაისის “ტორპედოსთან” გამოეთიშა.

Fcdinamo.Ge