დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა კარიერას ესპანეთის “სევილიაში” გააგრძელებს. 25 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ხელშეკრულებაში კონოპლიანკას გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სხვა რომელიმე კლუბს მისი შეძენა მოუნდება, სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
ევგენი კონოპლიანკა “დნიპროს” ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. ფეხბურთელმა გასულ სეზონში უკრაინული კლუბის ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.