სფფ-ისა და ქომაგების ერთობლივი აქცია დვანში

დღეს, სოფელ დვანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული სპორტის ქომაგების ერთობლივი აქცია გაიმართა.

აქციის სლოგანი იყო – „გამოექომაგე საქართველოს“. მონაწილეებმა სოფელ დვანში გაბმულ მავთულხლართებთან მდუმარე აქცია მოაწყვეს. შემდეგ კი, სოფლის სტადიონზე გადაინაცვლეს და სიმბოლური საფეხბურთო მატჩი გამართეს.

ამ აქციის ჩატარების იდეა სფფ-ის პრეზიდენტისა და ქომაგების ერთ-ერთი შეხვედრისას გაჩნდა. დვანში თავად ზვიად სიჭინავაც იმყოფებოდა. მგზავრობის ხარჯები და აქციის მონაწილეების სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკით აღჭურვა ფეხბურთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო. ქომაგებმა კი, გულშემატკივართა მობილიზება მოახდინეს. სასიამოვნოა, რომ მათი ძალისხმევით, დღევანდელ აქციაში რუსთაველი, ქუთაისელი, ზუგდიდელი, გორელი და ლანჩხუთელი ქომაგებიც მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა დროშები, ბურთები და მაისურები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, სწორედ, დიცისა და დვანის მოსახლეობის მხარდამჭერი სლოგანით გაიმართა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის მზადაა გვერდში დაუდგეს ყველა შემოთავაზებას, რომლებიც ამ სოფლებისა და ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას ეხება. ჩვენი პოზიცია საქართველოს მხარდაჭერაა“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო განცხადება

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ, როგორც საქართველოში ფეხბურთის მმართველმა უპირველესმა ორგანომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იმ განუზომელი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ამ ქართულ სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ხორციელდება.

ფეხბურთი ყოველთვის იყო ერებისა და ხალხების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა, რომელშიც ადგილი არ ჰქონდა ეროვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხალხის დაყოფასა და ჩაგვრას. ქართული ფეხბურთის უდიდესი თარიღი – 1981 წლის 13 მაისი, სწორედ, ორმა დიდმა ქართველმა – ეროვნებით აფხაზმა ვიტალი დარასელიამ და ეროვნებით ოსმა ვლადიმერ გუცაევმა შექმნეს. დღეს, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები კი, ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასა და წუხილს იწვევს.

ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, რომლებიც 6 ოქტომბერს, საქართველოს ექვს ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, განმუხურში, მარტვილსა და მცხეთაში ჩატარდება, ლოზუნგით „დიცი და დვანი – საქართველოა“ – გაიმართება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სწორედ, ამ წარწერის მქონე მაისურებით დაიწყებენ და ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ.

სფფ-ის პრესსამსახური