მამები და შვილები – პელე

Fanebi.Ge დღეიდან სერიებად გიამბობთ ფეხბურთის ისტორიაში სამი გამორჩეული ფეხბურთელის შვილებზე. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის თხრობა, თუ რა გზას დაადგნენ ლეგენდარული მოთამაშეების გვარის გამგრძელებლები.

რამდენიმე დღეში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საქართველოს ეწვევა. სწორედ მის შვილზე გიამბობთ დღეს.

“ფეხბურთის მეფის” შვილიც თამაშობდა “სანტოსში”, მაგრამ, მამისგან განსხვავებით, ედინიომ გოლკიპერის ამპლუა აირჩია. სხვათა შორის, რამდენჯერმე პელესაც მოუწია კარში ჩადგომა და ამ ამოცანას თავი კარგადაც გაართვა. ედინიო პირველ ხუთ წელიწადში სან-პაულოს შტატის ჩემპიონი გახდა და კონმებოლის თასიც მოიგო. ამის მიუხედავად, სერიოზული კარიერა ვერ აიწყო და თავი უმეტესწილად სკანდალური შემთხვევებით დაგვამახსოვრა.

1999 წელს ედინიო ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და ექვსწლიანი სასჯელი მიუსაჯეს. ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა ფეხბურთელი სანტოსის ქუჩის ავტორბოლაში მონაწილეობდა. ედინიო ავტომობილით მოტოციკლს შეეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილზევე დაიღუპა. მოგვიანებით ეს მოქმედება შეფასდა, როგორც განუზრახავად ჩადენილი მკვლელობა, 2005 წლის ივლისის თვეში ედინიოს სასჯელი მოუხსნეს და რეაბილიტირებულ იქნა.

2007 წელს, როცა ედინიოს საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა (ბუცები ლურსმანზე 29-წლის ასაკში მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ ჩამოკიდა – მყესები გაიწყვიტა), სან-პაულოში ნარკოტიკების მოხმარების გამო დააპატიმრეს.

“ჩემი ისტორია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მაგალითი უნდა იყოს, რათა ამ გზას არ გაჰყვნენ”, – აღნიშნა ყოფილმა მეკარემ, რომელმაც ისიც დაამატა, რომ მარიხუანას მოხმარება კარიერის დასრულების შემდეგ გამოწვეული დეპრესიის გამო დაიწყო.

ბრაზილიის უმაღლესი სასამართლოს ტრიბუნალმა ედინიო წინასწარი დასკვნით გაათავისუფლა, პელემ კი პირადად წაიყვანა ის ნარკომანთა კლინიკაში.

ახლა ედსონ შოლბი ნასიმენტუ 43 წლის გახლავთ და “სანტოსში” მწვრთნელად მუშაობს.

ბექა დოგრაშვილი