ვან დერ სარი: „ჰოლანდიის ნაკრებს რთული დროება უდგას“

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი თვლის, რომ „ნარინჯისფერებს“ ოსტატობა არ ეყოფათ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზონ.

„ახლა ჩვენს გუნდს რთული დროება უდგას. ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიო დონის 10-11 მოთამაშეც კი არ ჰყავს. გუნდში ასეთი მხოლოდ სამი თუ ოთხი ფეხბურთელია, თან მათ ასაკიც ემატებათ. ასეთ დროს ძველი თაობა ახალგაზრდა მოთამაშებმა უნდა ჩაანაცვლონ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები თავს გამოიჩენენ ჯერ კლუბში, შემდეგ კი ნაკრებში. ვიმედოვნებ, ისინი უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მონაგარი. ოთხი წლის წინათ ვითამაშეთ ფინალში“, – ვან დერ სარის სიტყვები ფიფას ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები ჰყავს. ლუი ვან გალის გუნდი პირველ მატჩს 13 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბექა დოგრაშვილი

ვან დერ სარი დე ხეაზე საუბრობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კიპერმა ედვინ ვან დერ სარმა „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მეკარე დავიდ დე ხეა შეაქო.

„უბრალოდ წარმოუდგენელია: ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ სხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან გადავიდა, თანაც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო. დე ხეა ინგლისში ესპანეთიდან გადაბარგდა, არც ენა იცოდა. ინგლისში სულ სხვანაირი საკვებია, სხვანაირი სათამაშო მანერაა, ვარჯიშის სხვა მეთოდია. კუთხურის დროს საჯარიმოშიც კი სხვანაირად აწვდიან. პირველ რიგში, დავიდს სწორედ ეს პრობლემები ექნებოდა.
გასული იანვრიდან საკმაოდ კარგად დაიწყო თამაში, რამაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთიორად გააძლიერა. დავიდის თამაში გუნდის გაჩემპიონების ერთი-ერთი მიზეზია ორ-სამ მიზეზთა შორის“, – ჰოლანდიელი მეკარის სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი