ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი თვლის, რომ „ნარინჯისფერებს“ ოსტატობა არ ეყოფათ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზონ.
„ახლა ჩვენს გუნდს რთული დროება უდგას. ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიო დონის 10-11 მოთამაშეც კი არ ჰყავს. გუნდში ასეთი მხოლოდ სამი თუ ოთხი ფეხბურთელია, თან მათ ასაკიც ემატებათ. ასეთ დროს ძველი თაობა ახალგაზრდა მოთამაშებმა უნდა ჩაანაცვლონ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები თავს გამოიჩენენ ჯერ კლუბში, შემდეგ კი ნაკრებში. ვიმედოვნებ, ისინი უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მონაგარი. ოთხი წლის წინათ ვითამაშეთ ფინალში“, – ვან დერ სარის სიტყვები ფიფას ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები ჰყავს. ლუი ვან გალის გუნდი პირველ მატჩს 13 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბექა დოგრაშვილი