უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალს“ ეწვევა. იტალიური კლუბის კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მეტოქის ფინანსური მდგომარეობა დამდეგი მატჩის განმსაზღვრელი ფაქტორი არ იქნება. გარდა ამისა, ბუფონმა იკერ კასილასის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„დიდი ბიუჯეტი მოგების გარანტიას არ იძლევა. სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და ბევრი მუშაობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
უჩვეულოა ისეთი ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე ხილვა, როგორიც კასილასია. არ ვიცი, რა ხდება „რეალში“. იკერით აღფრთოვანებული ვარ და ვთვლი, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დიეგო ლოპესიც მშვენიერი კიპერია“, – ციტირებს ჯიჯი ბუფონის სიტყვებს Football Italia.
ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 2 ქულით ჯგუფის მეორე პოზიცია აქვთ დაკავებული, „რეალი“ კი 6 ქულით პირველ ადგილზეა.
მატჩი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი