მწვრთნელებმა „დინამო“ – „ტორპედო“ შეაფასეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელტა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი: „ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მსაჯმა დაპირისპირების დებიუტში კაცი გაგვიგდო და ათი კაცით გავაგრძელეთ თამაში. პირველივე წუთებიდან გუნდს ტაქტიკურად გადაწყობა სჭირდებოდა ისეთ სქემაზე, რომ გუნდს ნაყოფიერად შეეტია და დაცვაშიც რიგიანად ეთამაშა. მეორე ნახევარი არც თუ ისე ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლო ოცი წუთი ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და საჭირო შეხვედრა მოვიგეთ. შეხვედრის მიწურულს მოედანზე „დინამო“ ათი კაცით დომინირებდა, კმაყოფილი ვარ ამ მოგებით. დღევანდელი საღამო ჩვენთვის სასიამოვნო რეზულტატით დასრულდა“.

ჟერარდ სარაგოსა: „პირველ რიგში ტორპედოს გულშემატკივარს მინდა მოვუბოდიში, ვინაიდან ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა. დღევნდელ დაპირისპირებაში არა თუ სამი ქულა, არამედ ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ. სამი–ოთხი თვეა რაც ტორპედოს ვხელმძრვანელობ და მგონი, უკვე ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი. გუნდის საშუალო ასაკი 21 წელი არის და დინამოსთან ტოლ–სწორად თამაში იმის დასტურია, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ნაყოფიერია. პირველი სამოცი წუთი კარგად ვითამაშეთ, ბოლოს კი დინამომ გამოცდილების ხარჯზე წარმატებას მიაღწია. ახლა ყველანი სპარტაკთან შეხვედრისთვის ვიფიქრებთ“.

მატჩის რევიუსა და ვიდეომიმოხილვის სანახავად გადადით ბმულზე: ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

 

ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

მატჩი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შეხვედრის მე-3 წუთზე ქუთათურთა თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიას მეკარესთან ერთი ერთზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა უსტარიცმა ოპონენტი საჯარიმოს გარე პერიმეტრზე ხელით დაიჭირა და წინსვლის საშუალება არ მისცა. მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და „დინამოს“ ბასკ მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. თბილისური გუნდი მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩა, რამაც ბუნებრივია, „დინამოს“ გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

კარგი მომენტი მიეცა „დინამოს“ მე-18 წუთზე: შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა დვალმა წამოიწყო შეტევა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ჩისკო მოძებნა, ამ უკანასკნელმა თავით ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ დორინ გოგას დაუგდო, რუმინელის დარტყმულს მეკარე ადგილზე დახვდა.

შეხვედრის 22-ე ანგარიში გაიხსნა, სტუმრები დაწინაურდნენ: მერაბ გიგაურმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მართალია სტუმრებმა მეორე სართულზე ბრძოლა წააგეს, თუმცა ბურთი დავით უბილავას მიუვიდა, რომელმაც  საჯარიმოში ჩააბრუნა, იქ კი თორნიკე კაპანაძემ ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი გიორგი ლორიას კარში და გაიტანა კიდეც. ეს მიმდინარე ჩემპიონატში კაპანაძის რიგით მეხუთე გოლი გახლავთ.

უნდა ითქვას, რომ მატჩის პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მეტოქეს უბურთოდ ტოვებდნენ და დროსაც მშვიდ რითმში აკონტროლებდნენ, თუმცა გასახდელში გასვლის წინ „ტორპედომ“ ცივი შხაპი მიიღო. მთავარმა არბიტრმა საჯარიმოში ხელით თამაშის გამო სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტის შესრულება დვალმა ითავა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

მატჩის პირველი ნახევარი „ტორპედომ“ ანგარიშით 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი პირველი ნახევარი შედარებით მონოტონურ რითმში წარიმართა, მოედანზე ბევრი არც არაფერი ხდებოდა საინტერესო.

მეორე ტაიმის შუაწელს ორივე გუნდის ქომაგებმა პირო-ტექნიკითა და ფოიერვერკებით ლამაზი წარმოდგენა გვიჩვენეს, თუმცა კიდევ ერთხელ სათქმელია, რომ ეს ჩვენს ჩემპიონატში აკრძალულია.

77-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დანიშნა. ამ ეპიზოდში ქუთაისელთა კიპერმა მაქსიმე ქვილითაიამ საკუთარ საჯარიმოში თბილისელთა ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი წააქცია. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ამჯერად ლევან ხმალაძე მივიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა კიდეც.

მატჩის ბოლოს „ტორპედოს“ კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, როცა ლორიას კარის მიმართულებით ნიკა ახვლედიანმა „გაისროლა“, თუმცა მეკარემ ლამაზ ნატომში ბურთის მოგერიება მოახერხა.

მომენტი „დინამოსაც“ ჰქონდა: ხელსაყრელი პოზიციიდან შეცვლაზე სემოსული პატრიკ ვუო ურტყამდა, თუმცა ბურთს ადგილზე დახვდა დახვდა ქვილითაია.

მატჩის კულმინაცია კი 91-ე წუთზე მოხდა, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გველესიანმა მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა – 2:1.

ასე დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა „დინამომ“, რომელმაც ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა: თბილისურ გუნდს აქტივში 25 ქულა მოუგროვდა, მეორეადგილოსან „ტორპედოს“ კი 19 ქულა დარჩა. სატურნირო ცხრილის სრული ვერსიისა და მე-10 ტურის დანარჩენი მატჩების შედეგების ხილვა Fanebi.Com-ის საქართველოს განყოფილების გვერდზე შეგიძლიათ.

„დინამო“-„ტორპედო“ 2:1 (0:1)

„დინამო“: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, კვირკველია, ხმალაძე, ძარია (ვუო 77′), გოგა, მერებაშვილი, ჩისკო (გველესიანი 42′), დვალი (გრიგალაშვილი 58′).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

„ტორპედო“: ქვილითაია, მთივლიშვილი (გაბაძე 90′), ხიდეშელი, ჭელიძე, უბილავა, ცინცაძე, გიგაური, კუხიანიძე (ახვლედიანი 77′), საბანაძე, ფანცულაია, კაპანაძე (გოროზია 69′).
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.

გოლები: ხმალაძე 78′ (პენ), გველესიანი 90+1′ კაპანაძე 22′.
გაფრთხილებები: სეთურიძე 51′ – მთივლიშვილი 45′, გიგაური 50′, ქვილითაია 78′, გოროზია 90+1.
გაძევება: უსტარიცი 3′.
გამოუყენებელი პენალტი: დვალი 45+1′.
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).

აქვე გთავაზობთ დღევანდელი მატჩის ვიდეომიმოხილვას.

ბექა დოგრაშვილი