“გაგრამ” ფოთის “კოლხეთს” მოუგო

„შატილის“ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. ფოთელები დუშეთში გადიან შეკრებას და საკმაოდ მოტივირებულები თამაშობდნენ. „გაგრასგან“ განსხვავებით, ფოთელებმა პირველი ტაიმი ე.წ. „პირველი გუნდით“ იასპარეზეს, ხოლო მეორე ნახევარში სხვა შემადგენლობით ითამაშეს.

„გაგრამ“ მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მალე ფოთელთა კარში პენალტი დაინიშნა. რამიშვილმა კარგად ითამაშა, შევიდა მეტოქის საჯარიმოში, წააქციეს და პენალტი რატი ცაცკრიალაშვილმა გოლად აქცია. გარდა ამისა, „გაგრას“ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მეკაე ილია მაღრაძის კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს. ფოთელები შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შექმნეს მეტ-ნაკლები ხიფათი.

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება ფოთელებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც „გაგრას“ მცველებმა შეცდომა დაუშვეს და ახლო მანძილიდან დალაშქრეს კარი.

თუმცა “გაგრას” ფეხბურთელებმა მალევე შეძლეს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა – დასარტყმელ პოზიციაზე ღირდალაძე გავიდა, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად ქუსლით უკან ჩინებული პასი გაუკეთა ნიჟარაძეს, რომელმაც მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.

„გაგრამ“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

რეჭია, ხარაბაძე, გადრანი, ზაურ ქარდავა, ჭაბუკიანი (კაპიტანი), ნოზაძე, ცაცკრიალაშვილი, მოსიაშვილი, ნიჟარაძე, რამიშვილი, ღირდალაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, გაბესკირია, მუსელიანი, მჭედლიშვილი.

ერისთავი სეზონის ბოლომდე „დინამოშია“

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ და საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე, „გაგრას“ ფეხბურთელი გიორგი ერისთავი კარიერას „დინამოში“ გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ერისთავი „გაგრაში“ 2011 წელს მივიდა და „გაგრასთან“ კონტრაქტი 2015 წლის 31 ივნისამდე აქვს.
გასული წლის 31 დეკემბრამდე გიორგი ერისთავი „სამტრედიაში“ იყო განათხოვრებული. ზამთარში ინტერესი მის მიმართ „დინამომ“ გამოავლინა და შეთანხმებაც შედგა.

FCGagra.GE

ჯერემია სომხეთში მიდის

საფეხბურთო კლუბ “გაგრას” ფორვარდი ჯონ ჯერემია სომხურ “მიკაში” სინჯებს გადის. ცნობას სომხური პრესა ავრცელებს.

21 წლის ფეხბურთელი “გაგრას” ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო, თუმცა როგორც ჩანს, ნიგერიელს სომხეთში უკეთესს პირობებს სთავაზობენ.

ჯერემიამ პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 შეხვედრა ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გასულ წელს კი 28 მატჩში მეტოქეთა კარის აღება 20-ჯერ მოახერხა.

ჭკუასელი და კალანდაძე “შუქურაში” ითამაშებენ

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ და საფეხბურთო კლუბი „შუქურა“ შეთანხმდნენ, რომ „გაგრას“ ცენტრალური მცველი ლაშა კალანდაძე და ნახევარმცველი ნიკა ჭკუასელი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ზღვისპირელთა გუნდში განათხოვრების წესით ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ლაშა კალანდაძე „გაგრაში“ 2008 წლიდან ირიცხება, ხოლო ნიკა ჭკუასელი ჩვენ გუნდს 2011 წლის თებერვალში შეუერთდა.

აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ გუნდიდან წასულ ფეხბურთელთა სიას თავდამსხმელი თენგიზ ფერცელიძეც შეუერთდა.
15 იანვარს კი გუნდი შეიკრიბება და მეორე წრისთვის მზადებას დაიწყებს. თენგიზ სიჭინავას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები: ჯინო რეჭია; გიორგი დობორჯგინიძე;

მცველები: ცოტნე ხარაბაძე, გიორგი გადრანი, ივანე ჭაბუკიანი, ზაურ ქარდავა, გიორგი მნათობიშვილი, დავით ღირდალაძე, ავთანდილ მუსელიანი, ილია იზორია, ბექა ხუციშვილი, მიხეილ გათაშვილი, გიორგი ამირაშვილი;

ნახევარმცველები: ბაქარ ქარდავა, რატი ცაცკრიალაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, იური გაბესკირია, რუსლან კაკუბავა, ნიკოლოზ ისაკაძე;

თავდამსხმელები: გიორგი მჭედლიშვილი, ზვიად მელიქიშვილი.

FCGagra.GE

ბეგაშვილი “გაგრას” დაემშვიდობა

მეკარე გიორგი ბეგაშვილი საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ რიგებში 2011 წლის 17 ივნისს ჩაირიცხა და მას შემდეგ, რაც გუნდი კოკა სეფიაშვილმა დატოვა, გუნდის ნომერ პირველ მეკარედ იქნა გადაყვანილი და ჩვენ გუნდს საკმაოდ დიდი სარგებელი მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის თანახმად კიდევ რამდენიმე თვე უწევდა გუნდში ყოფნა, კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი შეთანხმდნენ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე. ეს შეთანხმება გასული წლის 31 დეკემბერს შედგა.

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ გიორგი ბეგაშვილს კარიერაში წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.

fcgagra.ge

თენგიზ სიჭინავა „გაგრას“ მთავარი მწვრთნელია

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ხელმძღვანელობამ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. ამ პოსტს თენგიზ სიჭინავა დაიკავებს, რომელიც მანამდე ზვიად ჯელაძის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაუფორმდა და იმედი გვქვს, რომ მასთან უფრო ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება.

FCGagra.GE

ზვიად ჯელაძემ „გაგრა“ დატოვა

24 დეკემბერს, საფეხბურთო კლუბ „გაგრასა“ და მთავარ მწვრთნელ ზვიად ჯელაძეს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება შეწყდა და ეს უკანასკნელი სამწვრთნელო კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.
საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ და მისი ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის ზვიად ჯელაძეს მისი გუნდში 3-წლიანი მუშაობისთვის და წარმატებებს უსურვებს.

– დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტ, ბატონ ბესიკ ჩიხრაძეს იმისთვის, რომ მთელი სამი წლის მანძილზე, რაც მე ამ გუნდში ვიმუშავე, მისი მხრიდან თანადგომა არ მომკლებია. ქართულ ფეხბურთს მისი სახით ნამდვილად დდი მხარდამჭერი ჰყავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს მოღვაწეობა, დიდი ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე არაერთ ნიჭიერ ახალბედა ფეხბურთელს გაუკვალოს გზა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე გვერდში მედგა და ღირსეულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მე მუდამ დავრჩები „გაგრას“ გულშემატკივარი, გულმხურვალე ქომაგი და მინდა, რომ მუდამ წარმატებული კლუბი იყოს, – განაცხადა ზვიად ჯელაძემ.

– რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, რამდენიმე დღეში მისი ვინაობა ცნობილი გახდება. რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და ჩვენ გულშემატკივარს ვარწმუნებთ, რომ მათგან ყველაზე ღირსეული ჩაიბარებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, – აცხადებს კლუბის წარმომადგენელი მიხეილ აფხაზავა.

FCGagra.GE

ლევან შარიქაძე და გიორგი გადრანი უკრაინის ჩემპიონატში?

შესაძლოა, მალე, “ზესტაფონის” ნახევარმცველი, ლევან შარიქაძე და “გაგრას” მცველი, გიორგი გადრანი უკრაინის ჩემპიონატში ვიხილოთ.

გაზეთ “უკრაინულ ფეხბურთთან” საუბრისას, საფეხბურთო კლუბ “გაგრას” პრეზიდენტმა, ბესო ჩიხრაძემ თქვა, რომ უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

“ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ ქართველ ფეხბურთელზე – „ზესტაფონში“ მოთამაშე ლევან შარიქაძეზე და „გაგრას“ ცენტრალურ მცველ გიორგი გადრანზე. კლუბების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ”, – ციტირებს ჩიხრაძის სიტყვებს FCGagra.GE.

*FCZestafoni.GE-ს ფოტო

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება

ქართულ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ნება მივეცი გულშემატკივრების წინაშე ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საფეხბურთო კლუბსა და ფეხურთელს შორის ურთიერთობას აწესრიგებს კონტრაქტი, რომლის შესრულებაც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. ურთიერთობის ამ ფორმას აღიარებს ფიფა და უეფა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი გაათავისუფლა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წინაშე არსებული ვალდებულებებისგან და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა, საკითხი ასეთი სახით დაისვა – ხომ არ შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ ხვალ და ზეგ, სხვა კლუბების ფეხბურთელებს, გარკვეული მცირე დავის წარმოშობის შემთხვევაშიც კი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანომ არასამართლიანად მიანიჭოს თავისუფალი აგენტის სტატუსი და საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გაათავისუფლოს… ანუ საფრთხე შეექმნას სისტემას, რომელიც აწესრიგებს კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობას და რომლის სრულყოფასა და მოწესრიგებაზე ფიფა-სა და უეფა-ში მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.

კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებული კლუბის ერთადერთი შემოსავლის წყარო ამა თუ იმ ფეხბურთელის უცხოურ ან სხვა ქართულ კლუბში გასხვისებაა. კლუბების კერძო მფლობელები ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ ქართული ფეხბურთის გასავითარებლად და თუ ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ მიეცემათ, მაშინ დახარჯული თანხის მინიმალური რაოდენობით უკან დაბრუნების შესაძლებლობაც სათუო ხდება. აქედან გამომდინარე, კერძო მფლობელი სერიოზულად დაფიქრდება მომავალში ქართულ ფეხბურთში განაგრძოს თუ არა ინვესტირება, რაც ამ ეტაპზე ერთიანად წამგებიანია და აქამდე მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული, ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა და ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა აძლევდა ამ ნაბიჯის გადადგმის სტიმულს.

უკვე დიდი ხანია ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დადგა საკითხი, რათა კერძო და არაკერძო მფლობელობაში არსებული კლუბების უფლებები თანაბრად იქნას დაცული, მათი დაფინანსება ერთი საერთო პრინციპის მიხედვით მოხდეს და ადგილი არ ჰქონდეს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფი კლუბების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, სასიკეთო ძვრებს ვერ ვხედავთ და კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კერძო მფლობელობაში არსებული კლუბების საქმიანობა საკმაოდ ეფექტური და შედეგის მომცემია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები. აქ მოთამაშე ფეხბურთელთა უმეტესობა სწორედ კერძო კლუბებში ირიცხებიან და ამიტომაც, ასეთი კლუბები უფრო მეტად უნდა წახალისდნენ, შეღავათები დაუწესდეთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება იქნას გამოჩენილი.

შექმნილ სიტუაციაში სოლიდარობას ვუცხადებთ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“. ჩვენი აზრით, კერძო ინვესტორების წასვლა ქართულ ფეხბურთიდან კატასტროფის ტოლფასი იქნება. მიგვაჩნია, რომ სწორედ პრინციპულობა, სამართლიანობის აღდგენა და ამავე დროს კომპრომისი გადაარჩენს დღეს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს!

პატივისცემით,

ბესიკ ჩიხრაძე

„გაგრა“ „ალგეთს“ „მერანზე“ მიიღებს

როგორც იცით, 24 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართება. წესით, ეს მატჩი თბილისში, „ავაზას“ ხელოვნურსაფარიან მინდორზე უნდა გამართულიყო.

– ჩვენ „ალგეთის“ კლუბის ხელმძღვანელობას წინადადებით მივმართეთ, ეს შეხვედრა თბილისში, „მერანის“ სტადიონზე გაგვემართა, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ნომინალური მასპინძელი „ალგეთი“ იქნება, – განაცხადა ჩვენთან საუბარში „გაგრას“ წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ.

FCGagra.Ge

საჯარიმოების ოსტატი „გაგრადან“ (ვიდეო)

ხშირად გაიგონებთ ფეხბურთის სპეციალისტებისგან – შენებისას საძირკველი უნდა იყოს მყარიო და სავსებით მართალია. ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და ნიჭიერი და პერსპექტიული თაობები ქართველებს მუდამ გვეყოლება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2004 წელს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ დაარსდა, მისი დამფუძნებლების უდიდესი სურვილი იყო ქართული ფეხბურთისთვის ისეთი მომავალი გაეზარდათ, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუდამ რომ ითამაშებდნენ.

როდესაც „გაგრა“ დაარსდა, იმავე წელს ახალბედა მწვრთნელმა პაატა გოცირიძემ პატარა ბავშვების გუნდი ჩამოაყალიბა და მათ აღზრდას შეუდგა. მართალია, დღეს პაატა გოცირიძე სხვა გუნდში მუშაობს, მაგრამ მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდიდან „გაგრას“ ძირითად გუნდში გუგა ფალავანდიშვილი და რატი ცაცკრიალაშვილი თამაშობენ. სხვებსაც ჰქონდათ შანსი მოხვედრილიყვნენ ძირითად გუნდში, მაგრამ…

ახლა ერთ-ერთ მათგანზე გვინდა გესაუბროთ, ნახევარმცველ რატი ცაცკრიალაშვილზე, რომელზეც უკვე ხუმრობენ – საჯარიმო დარტყმებს ისე ასრულებს, როგორც პენალტსო და ძნელია არ დაეთანხმო. ნახეთ მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმები და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ჩატარებულ 8 შეხვედრაში რატიმ 7-ჯერ დაარტყა საჯარიმო დარტყმა და აქედან, 3 გაიტანა და 4-ჯერ მეკარემ იხსნა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან. გარდა ამისა, მან ერთი გოლი თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ გაიტანა. რატის საგოლე გადაცემის შესრულებაც შეუძლია, მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა, მის ერთ პასს კი ჭკუასელის მეკარის საჯარიმოში შეჭრა და პენალტი მოჰყვა, რომელიც რატიმ გოლად აქცია. 8 ჩატარებულ შეხვედრაში ცაცკრიალაშვილის ანგარიშზე 5 გატანილი გოლია და მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება „გაგრას“ ბომბარდირ, თავდამსხმელ აბაიომი ოვონიკოკოს.

რატი 11 ოქტომბერს 20 წლის გახდა და ალბათ, ურიგო არ იქნებოდა თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცები ახალბედა ფეხბურთელს ყურადღებას მიაქცევდნენ. გასაგებია, რომ დღეს ნაკრებებში პირველი ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელი არ უნდა დაიჩაგროს, მას გასაქანი უნდა მიეცეს, რათა მომავალში უფრო მაღალ დონეზე თამაში შეძლოს. შესაძლოა მწვრთნელებმა თამაშზე მოსვლა და დასწრება ვერ შეძლონ, მაგრამ ჩვენი გუნდის ვებ გვერდზე ყველა თამაშის რეპორტაჟი მიმდინარეობს, შემდეგ ჩანაწერის განთავსებაც ხდება და იქნებ თვალის შევლება ღირდეს…

„გაგრა“ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და სწორედაც რომ რატის და მისი ტოლი ბიჭების იმედად ვართ, რომელნიც ქართული ფეხბურთის მომავალს წარმოადგენენ, მათ აღზრდას დიდ ენერგიას და თანხებს ვახმართ.

ბევრი ფეხბურთელი ვიცით, რომელთაც ჭაბუკობაში შეძლეს თავის გამოჩენა, მაგრამ ნიჭი ნიჭად დარჩათ, ვინაიდან ზოგს „თავში აუვარდა ტალანტობა“, ზოგს ოფლისღვრა დაეზარა და გამდიდრება უვარჯიშებლად მოინდომა…

„გაგრაში“ ასე ნამდვილად არაა. ამ ბიჭებს არც გასაგიჟებელი ხელფასები აქვთ, არც სუპერ პრემიები. უბრალოდ, ისინი თავისი მომავლისთვის, უკეთესი მომავლისთვის თამაშობენ. სურთ, რომ ქვეყანას გამოადგნენ და ევროპულ გუნდებში იასპარეზონ. არც ერთ მათგანს, თავში აზრად არ მოუვა, რომ უკვე „შემდგარი ვარსკვლავები“ არიან და მეტი აღარ უნდა იშრომონ. რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ, სწორედაც რომ უბრალოება და შრომისმოყვარეობაა.

ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს თავად რატი რას ფიქრობს მის გუნდზე, მომავალზე:

– ერთი ის ვიცოდი, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა. დღიდან „გაგრას“ დაარსებისა, ამ გუნდში ვარ და გული ჯერ არსად მიმიწევს. ჯერ უნდა დავიმსახურო და მერე ვიფიქრებ წასვლაზე. ხოლო თუ დავიმსახურებ, ამ გუნდს ისეთი მეპატრონე ჰყავს, ვიცი რომ არ დამჩაგრავს. „გაგრასთვის“ უნდა დავიხარჯო ბოლომდე, მიზნის მიღწევაში დავეხმარო და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ჯერ ეს გუნდია ჩემს გულში და რა იქნება ხვალ და ზეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

– შანსი გასულ სეზონშიც გქონდათ…
– იცით, სულ სხვაა როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მოგეცემა და სულ სხვაა, როდესაც შეცვლაზე შედიხარ. მე არ ვამბობ იმას, რომ მაშინ თავი დავზოგე და არ დავიხარჯე. უბრალოდ, სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ხარ. ქობულეთის „შუქურასთან“ შეხვედრაში გოლიც გავიტანე და პენალტიც ჩემი გადაცემის შემდეგ დაინიშნა, მაგრამ შეცდომა დავუშვი, რასაც ჩვენ კარში გოლი მოჰყვა და მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოვსულვარ. კი არ მეწყინა რომ შემცვალეს, უბრალოდ მივხვდი, რომ მომავალში ამგვარი შეცდომა აღარ უნდა დამეშვა. თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. 20 წლის ერთი კვირის წინ გავხდი, მაგრამ პატარა ნამდვილად აღარ მეთქმის, ჩემი ასაკის ფეხბურთელები ნაკრებებში, დიდ გუნდებში ასპარეზობენ და მეც ჩემი შანსი უნდა გამოვიყენო. იმ თამაშის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მარტო ნერვიულობით საქმეს ვერ უშველი. შემდეგ თამაშებში უნდა გამოასწორო შეცდომა. ოზურგეთის „მერცხალთან“ გვქონდა თამაში, 5:2 მოვიგეთ, 2 გოლი გავიტანე, თუმცა უფრო მეტი შემიძლია…

DSCN4085– ჯარიმების ოსტატი ხართ…
– გუგა ფალავანდიშვილიც კარგად ურტყამს ჯარიმებს…

– მაგრამ თქვენ უკვე სამჯერ გაიტანეთ ჯარიმიდან…
– დიახ, მაგრამ ეს ნამდვილად ბევრი მუშაობის შედეგია. სულ ვვარჯიშობ. ვარჯიშების შემდეგაც ვრჩები მინდორზე, ვურტყამ. მერე სახლთან ქვემოთ სტადიონი გვაქვს, იქაც ჩავდივარ და ბურთის ტრაექტორიაზე და დატრიალებაზე ვვარჯიშობ. ვცდილობ ზუსტად იქ დავარტყა, სადაც ყველაზე დაუცველია და მეკარეს მოგერიების მინიმალური შანსი აქვს.

– უპირატესობას მაინც ტექნიკურ დატყმას ანიჭებთ…
– დიახ, მაგრამ ძლიერადაც ვურტყამ. როდესაც ვვარჯიშობ, ვცდილობ დარტყმის ძალა და ბურთის ტრაექტორია შესაბამისობაში იყოს მოსული, სხვაგვარად კარშიც შეიძლება ვერ მოახვედრო.

– ვისი დარტყმის სტილია?
– (იცინის) ახლა რომ გითხრათ ანდრეა პირლოს გავლენაა-თქო, დამიჯერებთ? ჩემი კუმირია დელ პიეროსთან ერთად, მაგრამ ვერც პირლო და ვერც დელ პიერო გიშველის, თავად თუ ვერ შეასრულე დარტყმა.

– ხუთი გოლი უკვე გაიტანეთ, აქედან 3-ჯერ ჯარიმიდან. რომელ გოლს გამოარჩევდით?
– ალბათ, თერჯოლაში „საპოვნელასთან“ გატანილი ყველას სჯობდა…

– მწვრთნელზე რას გვეტყოდით?
– პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა შანსი რომ მომცა. სეზონის დაწყების წინ მითხრა კიდევაც, რატი ახლა შენ იმ ასაკში ხარ, როდესაც თავი უნდა წარმოაჩინო და პროგრესი გქონდესო. ჩათვალეთ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია. თითოეული ფეხბურთელის წარმატება მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც გუნდი აღწევს წარმატებას და გამარჯვებულია. ძალიან მინდა უმაღლეს ლიგაში „გაგრას“ სახელით ვითამაშო. ზვიად ჯელაძემ ერთი წლის წინ მომკიდა ხელი და სწორედ მან შთამინერგა ის აზრი, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შემიძლია. მეორე გუნდის მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ პირადად მიმიყვანა ზვიად ჯელაძესთან და რეკომენდაცია გამიწია.

– „გაგრა“ ახლა მისთვის უჩვეულო, მეხუთე საფეხურზე იმყოფება…
– სულ რაღაც სამი ქულა გვაშორების ფოთის „კოლხეთს“. ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს ერთმანეთში ახლა უწევთ თამაში და ქულებსაც ნელ-ნელა კარგავენ. მოგება ქობულეთშიც შეგვეძლო და მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლაში წავაგეთ, იქაც სამ ქულას ვიმსახურებდით. ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტები და დავისაჯეთ. ორჯერ დაგვირტყეს და ორჯერ გაგვიტანეს. აი, რაც შეეხება ხარაგაულში თამაშს, იქ ხომ საერთოდ – პენალტი არ დაგვისნეს, გოლი არ ჩაგვითვალეს, თავადაც ვერ გამოვიყენეთ მომენტები…

– „გაგრამ“ შინ ქულათა მაქსიმუმი აიღო…
– შინ განსაკუთრებით კარგად ვთამაშობთ, მეტოქეს შანსს არ ვუტოვებთ. მინდორი იდეალურ მდგომარეობაში არაა, მაგრამ იმას კი ნამდვილად სჯობს, სადაც გვიწევს ხოლმე სტუმრად თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილ 4 შეხვედრას „გაგრა“ მოიგებს. აქედან, ერთი სტუმრად ფოთის „კოლხეთთან“ გვიწევს, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებაა კარგ მინდვრის საფარზე თამაში. „გაგრაში“ ტექნიკურ ფეხბურთს ვანიჭებთ უპირატესობას და დამიჯერეთ, ფოთში ნამდვილად განსაკუთრებულად ვითამაშებთ. შევეცდებით სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.

FCGagra.GE

“გაგრამ” “იმერეთი” დიდი ანგარიშით დაამარცხა (ფოტომასალა)

18 ოქტომბერს, “მერანის” სტადიონზე, “გაგრამ” ხონის “იმერეთი” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

თამაში ჯელაძის შეგირდების უპირატესობით წარიმართა. გაგრელებმა პირველი გოლის გატანა მე-8 წუთზევე მოახერხეს, თავი თამაზ ჟიშკარიანმა გამოიჩინა. 25-ე წუთზე, მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ნიკა ჭკუასელმა გაზარდა. ზუსტად ხუთ წუთში, “იმერეთის” ფეხბურთელმა, ტყეშელაშვილმა მეტოქის კარი დალაშქრა და სხვაობა ერთამდე შეამცირა.

პირველი ტაიმის მსგავსად, “გაგრამ” “იმერეთი” მეორე ტაიმშიც დაჯაბნა. 75-ე წუთზე, რატი ცაცკრიალაშვილმა საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა – 3:1. საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე დაფიქსირდა, ნიკა ჭკუასელმა ოსტატური პასით, ზაურ ქარდავა მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი, გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 4:1.

გთავაზობთ ფოტომასალას (Fanebi.Ge):

DSCN4077
DSCN4078

DSCN4079

DSCN4080

DSCN4087

DSCN4085

DSCN4084

DSCN4082

DSCN4088

DSCN4090

DSCN4095

DSCN4074

DSCN4071

DSCN4065

DSCN4132

DSCN4128

DSCN4129

DSCN4130

DSCN4131

DSCN4126

DSCN4125

DSCN4124

DSCN4123

DSCN4117

DSCN4119

DSCN4120

DSCN4122

DSCN4116

DSCN4115

DSCN4114

DSCN4113

DSCN4108

DSCN4109

DSCN4110

DSCN4111

DSCN4106

DSCN4103

DSCN4102

DSCN4100

DSCN4073

DSCN4073

DSCN4097

DSCN4098

დიტო ჭიჭინაძე