საპოვნელა – გაგრა 2:1

დღეს, თერჯოლაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ თერჯოლის „საპოვნელას“ სტუმრობდა. შეხვედრა გაგრელთა უპირატესობით დაიწყო და ორჯერ, ნიკა ჭკუასელის გადაცემის შემდეგ, აბაიომი ოვონიკოკო გადიოდა მეკარესთან პირისპირ და ორივეჯერ უხეიროდ გაისარჯა – ჯერ კარში დარტყმა ვერ მოახერხა, არადა პასის გაკეთება შეეძლო იქვე მყოფ ჟიშკარიანზე, ხოლო შემდეგ კი მეკარე ვერ მატყუა, არადა, ნამდვილად ადრე მართებდა კარში დარტყმა. ერთ-ერთ ეპიზოდში გუგა ფალავანდიშვილმა ტრავმა მიიღო და მე-17 წუთისთვის მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ოვონიკოკოს კიდევ ორჯერ შეეძლო უკეთესად თამაში, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად იმოქმედა და საქმე კარში დარტმამდე არ მისულა. ერთხელ მასპინძლებმაც შემოგვიტიეს, როდესაც შავგულიძემ თავით დაუგდო ბურთი იაკობ დეისაძეს, მას მეკარე ბეგაშვილმა დაასწრო და სიტუაცია განმუხტა. ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც დავით ბაქრაძემ ხელით ითამაშა და რომ არა მისი ამგვარი საქციელი, აბაიომი ოვონიკოკო მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 44-ე წუთზე კი მატჩში პირველი გოლი გავიდა. გაგრელებმა ბურთი მოიგერიეს, რომელიც ზაურ ქარდავას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა მეტოქეს ბურთი თავზე კი გადაუგდო, მაგრამ შემდეგ მაისურზე დაქაჩეს, მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, ქარდავა გაჩერდა და თამაშში აღარ ჩაერთო, რასაც შავგულიძის გარღვევა და დაახლოებით 24-25 მეტრიდან შორეული დარტყმა მოჰყვა, მეკარე ბეგაშვილის ნახტომი ამაო იყო – 1:0.

მატჩის მეორე ნახევარში „გაგრას“ ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება – ჯერ იყო და ნიკა ჭკუასელმა ვერ შეძლო კარში დარტყმა, ხოლო მეორედ ლაშა კალანდაძის თავური მეკარემ ნახტომში მოიგერია. იყო ეპიზოდი, როდესაც გადრანი და ბეგაშვილი შეცდნენ და მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა, შავგულიძის დარტყმული კარს ასცდა. მალე კი ანგარიში გათანაბრდა. ჯარიმა დაინიშნა გიორგაძის კარის მიმართულებით და რატი ცაცკრიალაშვილმა ბურთი პირდაპირ ცხრიანში ჩასვა, ულამაზესი გოლი გაიტანა.

მატჩის 82-ე წუთზე „საპოვნელამ“ გამარჯვების გოლი გაიტანა. სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით. დარტყმული გიორგი ბეგაშვილს ხელებში მისდიოდა, თუმცა დაჭერა ვერ შეძლო და გადმოვარდნილ ბურთს იაკობ დეისაძემ ადგილი კარის ბადეში მიუჩინა 2:1.

12 ოქტომბერი. თერჯოლა. ცენტრალური. 1500 მაყურებელი

საპოვნელა – გაგრა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 შავგულიძე 44, 1:1 ცაცკრიალაშვილი 71, 2:1 იაკობ დეისაძე 82

საპოვნელა: გიორგაძე, ბაქრაძე, ბუცხრიკიძე (ჭრელაშვილი 66), ენდელაძე, ჩხიკვაძე, იაგო დეისაძე (აბულაძე 78), ცქიფურიშვილი, სირაძე, შუღლაძე, შავგულიძე, იაკობ დეისაძე (დარსაველიძე 88).

მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, გადრანი, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი (ზაურ ქარდავა 17, ზარნაძე 46), ცაცკრიალაშვილი, ჟიშკარიანი, კაკუბავა (ხოჯაშვილი 71), ჭკუასელი, ოვონიკოკო.

მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე

გაფრთხილება: ბაქრაძე 39; ცაცკრიალაშვილი 48, ჭაბუკიანი 80

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)

FCGagra.GE

ოვონიკოკო დაბრუნდა!

ყოველთვის ძნელია დაბრუნდე იქ, სადაც შენგან სასწაულს ელიან; სადაც საუკეთესო იყავი; საიდანაც რომელიმე ევროპულ გრანდში უნდა მოხვედრილიყავი _ „რენში“, „გენკში“ თუ „ეინდჰოვენში“; ძნელია მიხვიდე და ითამაშო იმ გუნდში, სადაც სული და გული ჩადე და ერთ წამში მიღებულმა ტრავმამ ლამის თავდაყირა დააყენა შენი მომავალი, მაგრამ…

– მე „გაგრა“ და საქართველო ძალიან მიყვარს. რომ არა ეს გუნდი, ვინ იცის ვითამაშებდი კი ფეხბურთს? „გაგრა“ სულ უნდა არსებობდეს, – ამ სიტყვების ავტორს უკან დაბრუნება არ გაუჭირდებოდა და ასეც მოხდა. როდესაც კლუბის პრეზიდენტმა უთხრა, რომ დეკემბრამდე „გაგრაში“ უნდა ეთამაშა, წამითაც არ დაფიქრებულა:
– რა თქმა უნდა, ვითამაშებ, დავბრუნდები და გოლებსაც გავიტან.

ეს იყო მისი პასუხი და მიცემულ სიტყვასაც პირნათლად ასრულებს _ შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში აბაიომი სეუნ ოვონიკოკომ შვიდი გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირია. პროფესიონალურად მიუდგა თავის საქმეს და შეიძლება ითქვას, რომ… იომი დაბრუნდა.

– იომი, ძნელად წარმოსადგენი იყო თქვენი საქართველოში დაბრუნება. უკრაინულ „ვოლინში“ თამაშობდით, შემდეგ ბელგიურ „ლოკერენში“ გადიოდით სინჯებს და თითქოს იქ თქვენი გადასვლა გადაწყვეტილი იყო…
– „ვოლინში“ დიდი გამოცდილება შევიძინე, მაგრამ იქ არსებულმა პრობლემებმა მაინც თავისებური გავლენა მოახდინა გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. ანატოლი დემიანენკო მენდობოდა, მათამაშებდა, მაგრამ ფინანსური კუთხით მთლად სახარბიელო სიტუაცია აღარ იყო. მაგრამ ეს ჩემს თამაშზე ნამდვილად არ ასახულა, ვინაიდან ვიცი – კუთვნილ ხელფასს აუცილებლად მიიღებ, მთავარია გუნდს დაეხმარო, რთულ სიტუაციაში გვერდში დაუდგე. ალბათ, სხვები სხვაგავარად ფიქრობდნენ. შემდეგ ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა, შედეგიც გვქონდა, მაგრამ მაინც სხვა მწვრთნელი მოიყვანეს გუნდში და მოკლედ, სიტუაცია ვერ დალაგდა და წამოსვლა მომიწია.

ბელგიური „ლოკერენიდან“ ჩემს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ „გაგრაში“ თამაშის დროს იყო და როდესაც მოწვევა მივიღე, ძალიან გამიხარდა. სერიოზული დატვირთვები ჰქონდათ, გუნდი ევროპის ლიგაზე სათამაშოდ ემზადებოდა და დღეში ორჯერად ვარჯიშებზე იყვნენ გადასული, თანაც სამსაათიანი ინტერვალით. თბილისიდან ჩავედი, აქ ინდივიდუალურად ვემზადებოდი. ჩავერთე სავარჯიშო პროცესში და ორი ამხანაგური შეხვედრაც ვითამაშე, გოლებიც გავიტანე და თითქმის გადაწყვეტილი იყო ჩემი დარჩენა, მაგრამ მესამე ამხანაგურ შეხვედრაში თამაში მომიწია, მეორე ნახევარში შევედი მინდორზე. რა დასამალია, ვერ ვითამაშე სათანადო დონეზე…

„ლოკერენს“ ჩემს სამსახურზე კატეგორიული უარი არ უთქვამს. იცით, რომ ორი წლის წინ ჯვარედინი იოგის ოპერაცია გავიკეთე, სარეაბილიტაციო პროცესი თბილისში გავიარე და შემდეგ „ზესტაფონშიც“ ვითამაშე და „ვოლინშიც“, მაგრამ თითქოს რაღაც აღარ მიმდიოდა ისე თამაში, როგორც ადრე. ამის მიზეზი კი სწორედ ბელგიაში შევიტყვე. ექიმებმა მითხრეს, რომ ფიზიკური დატვირთვები უნდა მომემატა, რათა ნაოპერაციებ ფეხზე კუნთი უფრო მეტად გაძლიერებულიყო. შემომთავაზეს ბელგიაში დარჩენა, პირველი დივიზიონის გუნდში დროებით წასვლა, პარალელურად სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში და იანვარში უკან დაბრუნება, მაგრამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.

– რატომ?
– როგორ ფიქრობთ, თავდასხმელს რა სჭირდება? როდესაც ფორვარდს რაიმე პრობლემა აქვს, მისი წამალი გოლის გატანაა. სწორედ ეს მითხრა კლუბის პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ. იომი გოლები უნდა გაიტანო და დამანახო რომ ისევ ის იომი ხარ. დამიჯერე, თუ დაბრუნდები, კიდევ უფრო უკეთეს გუნდში წახვალო. დამიჯერეთ, იმ მომენტში, როდესაც ეს საუბარი შედგა, რამდენიმე ევროპული ქვეყნის გუნდი მიწვევდა, თუმცა სინჯებზე. მაგრამ პრეზიდენტს დავეთანხმე. მან მითხრა ის, რისი თქმაც იმ მომენტში ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და არა გუნდებში აქეთ-იქით სირბილი დამეწყო. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ სწორი მიმართულება მომცა. ფსიქოლოგიურად ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ იყო აქ დაბრუნება, როცა უკრაინული და ბელგიური ფეხბურთის დონეს ნახავ. მაგრამ დონე სულ არ მაინტერესებს, ევროპაში მაინც ჩავალ და ვითამაშებ, მთავარი, ჩემი რწმენა გახლდათ. როგორც გითხარით, თავდამსხმელმა გოლები უნდა გაიტანოს, რომ დაბრუნდეს, საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს. შეიძლება ბევრს არ აკმაყოფილებს ქართული ფეხბურთის დონე, მაგრამ ჯერ საკუთარი უნდა გიყვარდეს ძალიან და მერე იფიქრო სხვაგან თამაშზე.

მე არ ვამბობ, რომ საქართველოში და განსაკუთრებით პირველ ლიგაში თამაში ადვილია. არანაირად, პირიქით. იცით, რომ იდეალურ მინდვრებზე არ გვიწევს თამაში და გოლის გატანა ადვილი არაა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა, დროებით, მაგრამ ჩემს სახლში დავბრუნდი და მეორეც, კარგად ვიცი თუ როგორ გავიტანო გოლები, თურმე არ დამვიწყნია (იცინის).

– და ალბათ, უცხოეთში წასვლას ისევ გეგმავთ…
– რა თქმა უნდა. ნოემბრის ბოლოსთვის ფორმაში უკვე შესული ვიქნები, სატრენაჟორო დარბაზში ინტენსიურად ვვარჯიშობ. ფიზიკურ დატვირთვებს ვუმატებ. რეჟიმი არასოდეს დამირღვევია. არც ზედმეტი გართობა ვარგა და რაც მთავარია, ფეხბურთელს კარგი დასვენება, კვება და აღდგენა სჭირდება. გუნდი მეხმარება, მეც მაქსიმუმს ვაკეთებ. ჩემი მიზანი ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრებაა და იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებ.

– შვიდ შეხვედრაში შვიდი გოლი უკვე გაიტანეთ…
– მიხარია, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარები. თავიდან ცოტა რთული იყო. ბიჭები ცდილობენ გვერდში დამიდგნენ. იცით, პირველი გოლის გატანა ჭირს, თორემ შემდეგ მიდის და მიდის. აი, ხომ ხედავთ ვეღარ მაჩერებენ (იცინის).

– თანაგუნდელებზე რას იტყვით?
– ლაშა კალანდაძესთან ერთად ბევრი შეხვედრა ჩამიტარებია, ნიკა ჭკუასელიც შემოდიოდა მაშინ შეცვლებზე. ცოტნე ხარაბაძესთან ერთად კი უმაღლეს ლიგაში „გაგრაში“ 2010 წელს ვითამაშე. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. თავდასხმაში მე და ჯერემია ვთამაშობთ. ბეჟან ტეიდი ახლა დაშავებულია, მალე დაგვიბრუნდება. ჯერემია დისკვალიფიცირებულია, მაგრამ ისიც მალე დაგვიბრუნდება. ნიკა ჭკუასელი, რატი ცაცკრიალაშვილი მამარაგებენ პასებით. „სქურთან“ შეხვედრაში ბაჩუკიმ მომცა პასი (ქარდავა, ცენტრალური მცველი) და გავიტანე. ნიჭიერი ბიჭები გვყავს და მინდორზე ყველა მონდომებულია.

– როგორ ფიქრობთ, გადავა „გაგრა“ უმაღლეს ლიგაში?
– „გაგრა“ უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს, ეს გუნდი ამას იმსახურებს. არც მე ვარ ძალიან დიდი ასაკის, მაგრამ ჩემზე გაცილებით პატარა ბიჭები თამაშობენ აქ, ზვიად ჯელაძემ ახალგაზრდული გუნდი შეკრა, ნიჭიერები და ფეხბურთის განვითარებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემი, კალანდაძის, ჭკუასელის, ბეგაშვილის, ჯერემიას გვერდით თამაში მათთვის დიდი სტიმულია და გაათმაგებული ენერგიით თამაშობენ. თუ სწორად წარმართავენ თავიანთ ცხოვრებას – ჭკუასელი, კალანდაძე, ჟიშკარიანი, ხარაბაძე, ცაცკრიალაშვილი, ჯერემია, ტეიდი, ხოჯაშვილი, გადრანი, კაკუბავა და სხვები ნამდვილად დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ყველაფერი ფეხბურთელის ხელშია. როგორც წაიყვან შენ ცხოვრებას, იმას დაიმსახურებ.

რვა თამაშში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ და ისიც თასზე, ისიც სტუმრად რუსთავში, ხელოვნურსაფარიან მინდორზე. მე ის მატჩი არ მითამაშია, მაგრამ ტრიბუნაზე ვიყავი, არ უნდა წაგვეგო. ჩემპიონატში სამჯერ მოვიგეთ და სტუმრად სამივე მატჩი კარგ გუნდებთან ფრედ ვითამაშეთ. ცუდად ნამდვილად არ მივდივართ. შინ დიდი ანგარიშით ვიგებთ. როგორც მითხრეს, თერჯოლაში გვიწევს მალე მძიმე თამაში, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყოლიათ, სტადიონი სავსეა და კარგი სანახაობა გველის. მიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. დამატებითი სტიმულია.

– იომი, საქართველოს ნაკრების თამაშებს უყურებთ ხოლმე?
– რა თქმა უნდა. ისე, რომ იცოდეთ ნიგერიის ნაკრების თამაშებიც მაინტერესებს (იცინის). საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ძალიან კარგი შედეგი იყო და მოგება არ შეგვეძლო? ოქრის ჰქონდა კარგი მომენტი. აი, ფინეთთან კი გული ძალიან დამწყდა. ვიცი, რომ ყველა მოგებას ელოდა, მაგრამ დღეს ყველა გუნდთან თამაში ძნელია. ფრანგებმა ხომ დაკარგეს ორი ქულა ჩვენს ნაკრებთან? ანუ, საქართველოს ნაკრებიც ანგარიშგასაწევი ძალაა მეტოქისთვის. უნდა გაგვიმართლოს, იღბალი სჭირდება ნაკრებს. დამიჯერეთ, გაგვიმართლებს და იქნებ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც შევძლოთ. თემურ ქეცბაია მცოდნე მწვრთნელია, მაქსიმალისტი. ყველას უნდა, რომ ერთ დღეში მიაღწიოს წარმატებას. ასე არ გამოდის, მით უმეტეს ფეხბურთელის ცხოვრებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წახვიდე წინ. ჩვენი დროც მოვა. არადა, მეც ძალიან მინდა საქართველოს ეროვნულ ან ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცეს და მერე ნახეთ თქვენ გატანილი გოლები… (იცინის).

FCGagra.GE

გაგრა – სქური (წალენჯიხა) 4:1

დღეს, თბილისში, „მერანის“ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ „გაგრა“ და წალენჯიხის „სქური“ წარსდგნენ. გაგრელთა უპირატესობა მთელი შეხვედრის მანძილზე აშკარა იყო. ჯერ კიდევ პირველ გატანილ გოლამდე, „გაგრამ“ ხუთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კი აბაიომი ოვონიკოკოს ბენეფისი დადგა – ამ უკანასკნელმა 29-ე და 31-ე წუთებზე ზედიზედ ორჯერ გამოიჩინა თავი. აქედან აღსანიშნავი პირველი გოლი იყო, როდესაც ჩინებულად მიიღო პასი, ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო 43-ე წუთზე ნიკა ჭკუასელის ჩინებული გადაცემის შემდეგ მესამედ დაამწუხრა მეტოქე. მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ ვნახეთ ლამაზად გათამაშებული კომბინაცია – კალანდაძე მეტოქეს აართვა ბურთი, ჭკუასელმა და ოვონიკოკმ ლამაზად გაითამაშეს ბურთი და ჭკუასელმა მეკარესთან ერთი-ერთზე კაკუბავა დატოვა, რომელმაც ადვილად დაჩაგრა მეტოქე. პირველ ტაიმში რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული მოხვდა ჯერ კიდევ პირველ გატანილ გოლამდე კარის ძელს. მეორე ტაიმში კი ოვონიკოკოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ამჯერადაც კარის ძელმა გადაარჩინა სტუმართა გუნდი. მეორე ტაიმში გარდა იმისა, რომ სტუმარმა რაფავამ საპასუხო გოლი გაიტანა, წალენჯიხელები ორჯერ იყვნენ გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოს. ჯერ კარის ხაზიდან გამოიტანა გაგრელთა მცველმა ბურთი, ხოლო შემდეგ კარის ძელსაც გაარტყეს ბურთი.

ძირითად შემადგენლობაში გიორგი გადრანს უნდა ეთამაშა, მაგრამ კუნთის მიმაგრების ადგილი მოთელვისას იტკინა და მისი ადგილი ზაურ ქარდავამ დაიკავა. ორ დღეში გვეცოდინება გადრანი შეძლებს თუ არა თერჯოლაში თამაშს. მეორე ტაიმში შეცვალეს გუგა ფალავანდიშვილი, რომელსაც მეტოქემ ხელზე ფეხი დააბიჯა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

7 ოქტომბერი. თბილისი. მერანი. 100 მაყურებელი

გაგრა – სქური 4:1 (3:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ოვონიკოკო 29, 31, 43, 4:1 კაკუბავა 49, 4:1 რაფავა 54

გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, ზ.ქარდავა, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი (მოსიაშვილი 46), ცაცკრიალაშვილი (ბ.ქარდავა 61), ჟიშკარიანი, კაკუბავა, ჭკუასელი, ოვონიკოკო (ფერცელიძე 58).

სათადარიგო: დობორჯგინიძე, მუსელიანი, მაგრაქველიძე, გადრანი

მწვრთნელი: ზ.ჯელაძე

სქური: ჯოლოგუა, ბოჯგუა, ყურუა, ქვარცხავა, მიქენაია, კალანდია, ხოჯანაშვილი, სართანია (კვირკვია 46), რაფავა, ფურთუხია (მაჭუტაძე 68), მორგოშია (შონია 57).

სათადარიგო: ხარჩილავა, ღარიბაშვილი, ი.ქარდავა, გ.ჭკუასელი

მწვრთნელი: გ.ციკოლია

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

FCGagra.GE

„გაგრას“ ჭაბუკებმა „კავკასიის თასი“ მოიგეს

გასულ კვირას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უშუალო ორგანიზებით „კავკასიის თასი“ 1999-2000 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ეთნიკური უმცირესობების საფეხბურთო გუნდები გარდაბნიდან, წალკიდან, ლაგოდეხიდან და ა.შ.

ჯგუფში „გაგრამ“ სამი მეტოქე დაამარცხა – 8:0, 11:0 და 2:0, ხოლო ბოლო შეხვედრაში „გარდაბანთან“ 0:1 დამარცხდა. ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში მამუკა ფანცულაიას აღზრდილებს, „თბილისის“ გუნდს შეხვდნენ და დიდი ანგარიშით 5:0 გაიმარჯვეს. ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ ის „გარდაბანი“ იყო, რომელმაც ჯგუფში დაგვამარცხა. ამჯერად, ჩვენმა ფეხბურთელებმა კოკაიას და ჩხაიძის გოლების წყალობით რევანში აიღეს, 2:0 იმარჯვეს და საპატიო თასს დაეუფლნენ. გუნდს დავით რუსია წვრთნიდა. გამარჯვებულებს თასი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა ნუგზარ კანდელაკმა გადასცა.

FCGagra.GE

„გაგრამ“ ხუჭუას დასჯა სამართლიანად მოითხოვა

30 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ გასვლით შეხვედრას ატარებდა ხარაგაულში, „ჩხერიმელას“ წინააღმდეგ. ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი თემურ ხუჭუა გახლდათ, რომელმაც შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძელთა კარში არ დანიშნა ასპროცენტიანი პენალტი. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „გაგრამ“ საჩივარი შეიტანა ფეხბურთის ფედერაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით.

მიხეილ აფხაზავა, „გაგრას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი:

– „გაგრას“ მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და მთელი გუნდი მაქსიმალურად არის მობილიზებული, რომ ყველა შეხვედრაში სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ. ამგვარად იყო ხარაგაულშიც. სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავედით, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. 30-ე წუთზე აბაიომი ოვონიკოკო მეკარის საჯარიმოში წააქცია ჩუკურინიმ, მსაჯი ხუჭუა იქვე იმყოფებოდა, მაგრამ მისი სასტვენი საეჭვოდ დუმდა. ეს იყო აშკარა პენალტი. მეორე ტაიმის მიწურულს ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ოვონიკოკომ გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა სამართლიანად არ ჩათვალა. პასის მომენტში ოვონიკოკო თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ადგილი ჰქონდა წინ პასს და სწორად მოიქცნენ. ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება, თუნდაც ის ჩვენთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ ამავე დროს სამართლიანი, მოვიწონოთ, მაგრამ როდესაც აშკარად გვჩაგრავენ, ამას ნამდვილად ვერ მოვითმენთ. ჩვენს ვებ გვერდზე ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია მიდიოდა. გარდა ამისა, განთავსებულია მატჩის ჩანაწერიც და მიმოხილვაც. ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ „ივაჟკაცა“ ხუჭუამ. გასულ სეზონში ხუჭუამ ვანის „სულორთან“ გამართული შეხვედრაც იმსაჯა და მაშინაც არაერთი შეცდომა დაუშვა ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ მაშინ რეაგირება არ მოვახდინეთ, ახლა კი…

თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და ნამდვილად არ გვსურს მსაჯების სისტემატურ შეცდომებს გადავაყოლოთ დამსახურებული ქულები. ამიტომაც, 2 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციაში საჩივრის წერილი მივიტანეთ და ზუსტად ერთ დღეში საპასუხო წერილიც მივიღეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ხუჭუა სამაგალითოდ იქნება დასჯილი. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას დროული რეაგირებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ხუჭუას მხრიდან დაშვებული იქნებოდა უნებლიე შეცდომა, მას ადამიანური თვალსაზრისით ნამდვილად გავუგებდით და არ გავაპროტესტებდით, მაგრამ როდესაც მსაჯი ეპიზოდთან 4-5 მეტრში იმყოფება, ნათლად ხედავს მოვლენების განვითარებას და ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა და ამას მატჩის შემდეგაც აღნიშნავს, მსგავს საქციელს გამართლება არ აქვს.

FCGagra.GE

ჩხერიმელა – გაგრა 0:0 მატჩი, მომენტები

30 სექტემბერი. ხარაგაული. 100 მაყურებელი

ჩხერიმელა – გაგრა 0:0

ჩხერიმელა: ლომსაძე, მეტრეველი, ჯიმშელეიშვილი, ლურსმანაშვილი, ჩუბინიძე, ჩუკურანი, კოსტავა, შარვაძე, ცუცქირიძე, ქურდობაძე, კიკნაძე.

მწვრთნელი: ე.ჯიმშელეიშვილი

გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, ზარნაძე, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი, ზაურ ქარდავა (ბაქარ ქარდავა 55), ცაცკრიალაშვილი (ფერცელიძე 68), ჭკუასელი, ჟიშკარიანი, ოვონიკოკო.

მწვრთნელი: ზ.ჯელაძე

გაფრთხილება: ოვონიკოკო, ზაურ ქარდავა

მსაჯი: თ.ხუჭუა

FCGagra.GE

ჯონ ჯერემია მკაცრად დასაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 21 სექტემბერს, “გაგრა”-“მერცხალის” მატჩისას მომხდარი ინციდენტი განიხილა. როგორც “გაგრას” ოფიციალური საიტი იტყობინება, გუნდის ნიგერიელი თავდამსხმელი, ჯონ ჯერემია ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 750 ლარით დააჯარიმეს.

შესაბამისად, 20 წლის ფეხბურთელი “ჩხერიმელას”, “სქურის”, “საპოვნელას”, “იმერეთისა” და “ალგეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

როგორც გაგრელთა პრეს-სამსახური იუწყება, ჯერემია მინდორს 5 ნოემბერს დაუბრუნდება, როცა “გაგრას” “ადელის” წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება.