შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა მიმდინადრე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულოს.

“სამეფო კლუბი” 32 წლის უელსელ ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ბეილის კარიერა უელსის ნაკრებზეა დამოკიდებული. თუ უელსელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, ბეილი ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს, რათა სანაკრებო ტურნირს მომზადებული შეხვდეს. თუ უელსის ნაკრები მუნდიალს მიღმა დარჩება, სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე დაკიდოს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საპლეიოფო რაუნდზე უელსელები ავსტრიელებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, უელსის ნაკრები მუნდიალის საგზურისთვის შოტლანდიისა და უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეეცილება.

ბეილს დიდი პერიოდი გაუცდება

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა ტრავმა მიიღო. წყაროს თანახმად, უელსელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა დიდხანს მოუწევს.

ბეილი 11 სექტემბერს გამართულ ვარჯიშზე დაშავდა. მან მარჯვენა მუხლქვედა მყესი დაიშავა. უცნობია, როდის შეძლებს 32 წლის მოთამაშე მოედანზე დაბრუნებას, თუმცა გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ის დამდეგ მატჩებს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ბეილს გასულ სეზონში ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა.

გარეტ ბეილმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

ბეილმა “ლეგანესთან” მატჩში სტადიონი ფინალურ სასტვენამდე ადრე დატოვა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურში მადრიდის “რეალსა” და “ლეგანესს” შორის გამართული მატჩის (5:0) დასრულებას “სამეფო კლუბის” გარემარბი გარეტ ბეილი არ დაელოდა და “სანტიაგო ბერნაბეუ” ვადაზე ადრე დატოვა.

უელსელი ფეხბურთელი შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ იღებდა და თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს, 82-ე წუთზე კი სტადიონი დატოვა.

საკლუბო წესების თანახმად, ფეხბურთელებს არენის დატოვება მე-80 წუთამდე ეკრძალებათ. ასე რომ, “რეალმა” ბეილი არ უნდა დააჯარიმოს. აღსანიშნავია, რომ უელსელმა ფეხბურთელმა სტადიონი ფინალურ სასტვენამდე ადრე უკვე რამდენჯერმე დატოვა.

“ბეილს გასახდელში ვესაუბრე. მას ნებართვა ჰქონდა და ამიტომაც დატოვა სტადიონი ვადაზე ადრე”, – განმარტა “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.

ბეილი სამი კვირით იუქმებს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 33-ე ტურში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” თავდამსხმელი გარეტ ბეილი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც ირკვევა, 27 წლის უელსელმა ფეხბურთელმა კანჭის კუნთები დაიზიანა, რის გამოც ლაზარეთში სამი კვირის გატარება მოუწევს.

გარეტ ბეილმა “რეალის” ფორმით ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩში ორი მადრიდული კლუბი — “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდება ერთმანეთს.

“სამეფო კლუბმა” “მანჩეჩესტერ სიტი” საპასუხო შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. მახვილი კუთხიდან გარეტ ბეილის დარტყმის შემდეგ ბურთი ფერნანდოს მოხვდა და ინგლისელთა კარში შევარდა. მატჩი მადრიდელთა სცენარით წარიმართა. აღსანიშნავია ის, რომ სტუმრებს მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქის კარში ზუსტად არ დაურტყამთ.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” და “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის თასი 2014 წელს გაითამაშეს. მაშინ “სამეფო კლუბმა” მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

წლევანდელი ფინალური შეხვედრა 28 მაისს, მილანში, “ჯუზეპე მეაცაზე” ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (საპასუხო მატჩი)
“რეალი” — “მანჩესტერ სიტი” 1:0 (1:0)

რეალი“: კეილორ ნავასი; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 88′), ისკო (ხამეს როდრიგესი 67′); ბეილი, რონალდუ, ხესე (ლუკას ვასკესი 56′).
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.

“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, სანია, კომპანი (მანგალა 10′), ოტამენდი, კლიში, ფერნანდო, ფერნანდინიო, იაია ტურე (სტერლინგი 61′), ხესუს ნავასი (იჰენაჩო 69′), დე ბრეინე, აგუერო.
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

გოლი: ფერნანდო 20′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: ლუკას ვასკესი 83′ — დე ბრეინე 30′, ფერნანდო 71′, ოტამენდი 90+4′.
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბეილი: “შაბათს “ბარსელონასთან” სხვაობის შემცირების კარგი შანსი გვექნება”

შაბათს “ელ კლასიკოა”. ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურში “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” მადრიდის “რეალს” მიიღებს. დამდეგი მატჩის შესახებ ისაუბრა “სამეფო კლუბის” ერთ-ერთმა ლიდერმა გარეტ ბეილმა.

“მესი, სუარესი და ნეიმარი მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს გვიჩვენებენ. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.

რონალდუსა და ბენზემას კარგად ვუგებ, ჩვენ ერთმანეთთან შეთამაშებულები ვართ.

შაბათს “რეალს” “ბარსელონასთან” სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირების შესანიშნავი შანსი ექნება. არც ჩემპიონობაა გამორიცხული, თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს ბეილის სიტყვებს “ასი”

მატჩი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის 2 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში კატალონიურმა გუნდმა “სამეფო კლუბი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

 

ბეილს ქალიშვილი შეეძინა (ფოტო)

მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების ლიდერ გარეტ ბეილს მეორე შვილი შეეძინა. 26 წლის ფეხბურთელი მეორე ქალიშვილის მამა გახდა. ახალშობილს ნავა ვალენტინა დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი მამა 2012 წლის 21 ოქტომბერს გახდა, როდესაც პირველი ქალიშვილი ალბა ვიოლეტა შეეძინა.

Bale's baby

ბეილი პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელი მეგოლე გახდა

მადრიდის “რეალის” უელსელი ნახევარმცველი გარეტ ბეილი ბრიტანელ ფეხბურთელებს შორის ესპანეთის პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა.

ბეილმა გარი ლინეკერის რეკორდი დაამხო. ამ უკანასკნელმა “ბარსელონას” რიგებში ჩატარებულ 103 მატჩში 42 გოლი მიითვალა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სევილია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. აქედან ერთი ბურთი ბეილმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს ესპანეთის ლა ლიგაში გატანილი 43-ე გოლი გახლავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ უელსელმა ფეხბურთელმა ამ შედეგის ჩვენება 76 მატჩში მოახერხა. შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი “რეალის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

 

რონალდუმ, ბენზემამ და ბეილმა პრიმერადივიზიონში 2013 წლიდან 200 გოლი გაიტანეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სევილია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. გოლები კარიმ ბენზემამ, კრიშტიანუ რონალდუმ, გარეტ ბეილმა და ხესემ გაიტანეს.

ამრიგად, მას შემდეგ, რაც ბეილი “რეალში” გადავიდა, ანუ 2013 წლიდან, “სამეფო კლუბის” შემტევმა ტრიომ პრიმერადივიზიონში 200 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 107 გოლია, კარიმ ბენზემამ 50 ბურთი გაიტანა, ბეილმა კი მეტოქე 43-ჯერ დაამწუხრა.

 

“რეალს” ბეილზე მეტად რონალდუს ტრანსფერი უფრო ძვირი დაუჯდა

როგორც აღმოჩნდა, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” კრისტიანუ რონალდუს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულად რჩება.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა “სამეფო კლუბში” გარეტ ბეილის ტრანსფერის ფინანსური დეტალები.

ხელშეკრულების თანახმად, მადრიდელებმა უელსელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება რამდენიმე ნაწილად გაყვეს. ესპანელები “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ამ თანხის ბოლო ნაწილს დამდეგ ზაფხულს ჩაურიცხავენ. საერთო ჯამში კი, “რეალს” ბეილის გადმობირება 99 743 542 ევრო დაუჯდა.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, “რეალმა” პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 97 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა ეს თანხა სამ ნაწილად გაიყო.

“მარკას” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის განხორციელებისთვის “რეალმა” თავის დროზე სესხი აიღო. შესაბამისად, გადასახდელი პროცენტების გათვალისწინებით, “სამეფო კლუბს” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 104,7 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

რედნაპი “მანჩესტერს” — იყიდეთ ბეილი და შესაძლოა, წელს პრემიერლიგაც მოიგოთ

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარეტ ბეილი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, “წითელი ეშმაკების” მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

“ბეილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. იგი საოცრად ნიჭიერია. თუ მას “მანჩესტერ იუნაიტედი” დაიმატებს, შესაძლოა, გუნდმა ამ სეზონშივე იბრძოლოს პრემიერლიგის მოგებისთვის. მას ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.

ბეილი თამაშებს მოგაგებინებთ. მას გააქვს გოლები და ატანინებს სხვებსაც. შესაძლოა, იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს და სეზონის ბოლომდე 16-17 გოლი გაიტანოს, რითაც გუნდის საქმეებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს საოცარი ტრანსფერი იქნებოდა”, – ციტირებს რედნაპის სიტყვებს “მირორი”.

 

ბეილს ევროპის ჩემპიონატზე მეტოქედ ინგლისის ნაკრების სურს

უელსის ნაკრების ლიდერ გარეტ ბეილს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მოხვედრა სურს. მისი თქმით, უელსელს ინგლისელების დამარცხება შეუძლიათ.

“მოხარულები ვიქნებით, თუ წილისყრა მეტოქედ ინგლისის ნაკრებს გვარგუნებს. რატომაც არა? ვფიქრობ, რომ ინგლისის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. მთელი წნეხი მეტოქეზე იქნება. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩვენზე არანაირი წნეხი არ იქნება. ტურნირზე სიამოვნების მისაღებად და კიდევ იმისთვის ვითამაშებეთ, რომ ქვეყანამ ჩვენით იამაყოს. ეს არის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვეცდებით და რისი თხოვნაც შეუძლიათ ჩვენს ფანებს”, – ბეილის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა პარიზში, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.