“ლივერპულს” “გენკის” ახალგარზდა შემტევის შეძენა სურს

ბელგიურ “გენკში” 19 წლის შემტევი, ლეონ ბეილი გამოდის. მან თავისი სათამაშო სტილით ძალიან ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო. იამაიკელით რამდენიმე ხანია “ჩელსი”, “რომა”, “აიაქსი” და “ბაიერი” ინტერესდებიან.

Daily Mail-ი იტყობინება, რომ ახალგაზრდა შემტევისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო. კლოპს სურს, რომ ბეილი ამ სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიძინოს. ირკვევა, რომ მესრესაიდელთა ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა “გენკის” მესვეურებს. სხვა დეტალები უცნობია.

“რომა” და “ბაიერი” იამაიკელში 20 მილიონ ფუნტს იხდიან. ერთი სიტყვით, გერმანელ მწვრთნელს არ უნდა გაუადვილდეს სულ რაღაც 19 წლის მოთამაშის შეძენა.

აქვე გეტყვით, რომ ბაილი 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის ბელგიურ კლუბში. მან ამ დროის მანძილზე 16 გოლის გატანა შეძლო. აქედან 7 გოლი ბეილიმ მიმდინარე სეზონში, ევროპის ლიგის 6 მატჩში შეაგდო.

თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს “გენკის” ვარჯიშზე არ გამოცხადდა

ბელგიური “გენკის” ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადდა. შემტევმა ნახევარმცველმა კლუბში წერილი გაგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მას გრიპი აქვს.

თუმცა, როგორც გამოცემა HLN წერს, ოქრიაშვილს გრიპი არ აქვს და ის ვარჯიშზე იმიტომ არ მივიდა, რომ უთამაშებლობით უკმაყოფილოა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გენკის” სპორტული დირექტორი დიმიტრი დე კონტე ოქრიაშვილსა და მის აგენტს შეხვდება. ბელგიური ვებ-გვერდების ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი მალე კლუბს დატოვებს.

მაკლიში: “ოქრიაშვილს მოურინიოს მსგავსი ადამიანი სჭირდება”

შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “რეინჯერსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა ბელგიური “გენკისა” და საქართველო ნაკრების ფეხბურთელზე, თორნიკე ოქრიაშვლზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მაკლიში გასული სეზონის განმავლობაში “გენკს” წვრთნიდა და ცხადია, ის ოქრიაშვილს იცნობს.

“თორნიკეს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. ოქრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებს გაუტანა.

თორნიკე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და იმ შემთხვევაში, თუ ის დისციპლინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, მას წინ დიდი მომავალი აქვს. ყველანი ვხედავთ, როგორ განავითარა ჟოზე მოურინიომ ედენ აზარი, ამრიგად, იმისათვის, რომ ოქრიაშვილი დიდი ფეხბურთელი გახდეს, მას მოურინიოს მსგავსი ადამიანი სჭირდება”, – ციტირებს მაკლიშის სიტყვებს Daily Record-ი.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე შოტლანდიას უმასპინძლებს, მატჩის თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი “გენტის” კარში, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა (ვიდეო)

31 ივლისს, ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში, “გენტმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

პირველ ტაიმში, ოქრიაშვილმა მასპინძელთა კარში გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იხილეთ 2:10-დან:

ლუკა ზარანდიამ “სპორტინგს” მატჩის პირველივე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

28 ივლისს, ბელგიურმა “გენკმა”, რომლის ღირსებასაც ორი ქართველი ფეხბურთელი იცავს, ჰასელტის “სპორტინგთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ზარანდია, რომელმაც მატჩის პირველივე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში გახსნა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის მინდორზე არ გამოჩენილა.

ოქრიაშვილი და ზარანდია “გენკში” აღარ ითამაშებენ

ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ფეხბურთელები – თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია მომდევნო სეზონში “გენკის” ღირსებას აღარ დაიცავენ.

Het Laatste Nieuws-ის ცნობით, “გენკის” ტექნიკურმა დირექტორმა დიმიტრი დე კონდემ შემადგენლობის განახლება და გუნდიდან რვა ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. დიდი ალბათობით, მბოიოს, კაგეს, ჩავრიჩს, ჟოზეფ-მონროზს, სეულაეს, ჰაილენდს, ოქრიაშვილსა და ზარანდიას მალე ახალ კლუბებში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი “გენკში” 2014 წელს ჩაირიცხა.

“გენკმა” ოქრიაშვილი სახლში გაუშვა

ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, “გენკმა” ვარჯიშზე მისული ქართველი ლეგიონერი, თორნიკე ოქრიაშვილი სახლში გაუშვა.

წყაროს ცნობით, 23 წლის შემტევი საწვრთნელ პროცესში ჩაება, თუმცა თვალის ანთებამ შეაწუხა და ამის გამო, მკურნალობაც სჭირდება.

რაც შეეხება ბელგიური გუნდის მეორე ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ზარანდიას, მან ორთვიანი ტრავმის შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო ვარჯიში.

მიმდინარე სეზონში, ოქრიაშვილმა შიდა ჩემპიონატში 22 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.

“გენკი” “მეხელენთან” განადგურდა

ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფის მესამე ტურში “გენკი” “მეხელენს” ესტუმრა და საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი მიიღო.

სტუმართა შემადგენლობაში არ უთამაშია თორინკე ოქრიაშვილს, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ ტრავმირებულია და საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. განაცხადში არც ლუკა ზარანდია ყოფილა.

3 თამაშში მოპოვებული 6 ქულით 4 გუნდიან ჯგუფში “გენკი” მეორე ადგილზეა.

თორნიკე ოქრიაშვილის შესანიშნავი დარტყმა მეკარემ მოიგერია (ვიდეო)

31 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში “შარკერუამ” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ერთ ეპიზოდში ძალიან კარგად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო.

იხილეთ 0:32-დან:

ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“

ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი

– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის

– რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?

– გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს

– შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?

– ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.

– ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?

– თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ

– ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?

– ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება

– ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?

– რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს

– კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?

– ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა

– საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?

– გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.

– ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?

– წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.

– რას ელოდები 2015 წლისგან?

– ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.

“ვერდერის” სპორტული დირექტორი ოქრიაშვილის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა

ბრემენის “ვერდერის” სპორტული დირექტორი ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.

როგორც ვებ-გვერდი kreiszeitung.de იუწყება, როუვენ შრიოდერმა ოქრიაშვილის მიმართ ინტერესი უარყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქრიაშვილის “ვერდერში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი ზამთარში კლუბს არ გამოიცვლის.

ნიჭი და არაპროფესიონალიზმი – ქართველი ფეხბურთელების „ევროტური“

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, როცა ქვეყნის ეროვნული ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენთვის ეს თემა უცხო არასდროს ყოფილა, ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევდა, გავიდოდა რომელიმე დიდ ტურნირზე ან ყველა მატჩს ღირსეულად მაინც ჩაატარებდა.

დასანანია, როცა გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამა თუ იმ მიზეზების გამო მას ვერ იყენებს, რაც საბოლოოდ, კრახით სრულდება. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის დასაწყისში თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. მათი უმეტესობა კი  ევროპის ძლიერ ლიგებში გამოდის.

მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამჟამად მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. გასაკვირი ამაში არაფერია, 2009-2010 წლების პერიოდში ჯანო მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებდა. ბევრს ეგონა, რომ გამოჩნდა სწორედ ის მოთამაშე, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ნაკრებში ფსონი გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, მიღწეულს ჯანოს ვერ დავუკარგავთ, ბოლო წლებში რუსეთის პრემიერლიგის განვითარებაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ და აღვნიშნავ, რომ იმ კლუბის მაისურით თამაში, რომელსაც ჩემპიონატის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია ყოველთვის ჰქონდა, პატარა საქმე არაა. თანაც, ჯანო „სპარტაკის“ ერთი რიგითი მოთამაშე ნამდვილად არ არის. ვინც ამ გუნდის ან პირადად ჯანოს სტატისტიკას ადევნებს თვალყურს, ამაში დაგვეთანხმება. მიმდინარე სეზონი მოსკოველთა ქართველი ლეგიონერისთვის კარგად დაიწყო, მურატ იაკინმა იგი რამდენიმე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რამდენიმეჯერაც ჯანო შეცვლაზე გავიდა.

გასული სეზონი ანანიძემ იჯარით „როსტოვში“ ჩაატარა და თანაგუნდელ არტიომ დიუბასთან ერთად იმდენად კარგი ტანდემი შექმნა, რომ ორივე წელს მოსკოველთა რიგებში გამოჩნდა. რასაკვირველია, ანანიძის ასეთმა თამაშმა მისი და გულშემატკვირების დიდი ხნის სურვილის რეალურად ქცევის წინაპირობა შექმნა. სამწუხაროდ, ვერც ეს იმედი გამართლებულა – სექტემბერში ჯანო სმოლენსკში არ გაფრინდა, სადაც „სპარტაკს“ რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა. თავისი ეს ქმედება ქართველმა ლეგიონერმა იმით ახსნა, რომ იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ასეთი უმნიშვნელო შეხვედრისთვის დამღლელი ფრენა არ სურდა. თავის მხვრივ, „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ ჯანოს ეს საქციელი არ აპატია, შედეგად, ანანიძე ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს და, როგორც რუსული პრესა წერს, ხელფასიც დაუკავეს. აი, უკვე მეორე თვეა, რაც ქართველი ტალანტი მოსკოვური კლუბის მეორე შემადგენლობაში თამაშობს. სხვათაშორის, ახალგაზრდულ გუნდში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია – ოთხ მატჩში ანანიძემ სამი გოლი გაიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის, რომელზეც, როგორც ნაკრების, ასევე კლუბის გულშემატკივრები წლების განმავლობაში დიდ იმედებს ამყარებენ, ეს საკმარისი არ უნდა იყოს.

Ananidze

როგორც აღნიშნეთ, ჯანოსთვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ვინ იცის, როგორ გააგრძელებდა იგი, რომ არა მისი უპასუხისმგებლო საქციელი.

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ ერთი ის მოთამაშეა, რომლის ქართველ გულშემატკივარს ეიმედება. 2012 წელს ბელორუსის კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი, შემდგომ საიმედო თამაში უცხოურმა კლუბებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. უკვე მაშინ თორნიკე დონეცკის „შახტარში“ ირიცხებოდა. 2010 წელს დონეცკელთა მეორე გუნდის რიგებში ქართველმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. 2011 წელს იგი ძირითად გუნდში გადაიყვანეს, თუმცა მალევე იჯარით მარიუპოლის „ილიჩევეცში“ გაუშვეს, რომელშიც მან ორი წლის განმავლობაში ითამაშა. 2014 წლის იანვარში ოქრიაშვილი ასევე იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა, ჩაატარა 10 შეხვედრა და თავი სამჯერ გამოიჩინა.

ზაფხულში თორნიკე დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა. ამ დროს მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური ბელგიური „გენკი“ აღმოჩნდა. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარეს – ოქრიაშვილი კლუბში მალევე ჩაირიცხა და მალევე დიდ სკანდალში გაეხვა. აგვისტოს ბოლოს ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ამის გამო ღამის გატარება ფეხბურთელს განყოფილებაში მოუწია. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ ყოფილა. თურმე, ოქრიაშვილი „კორტრაიკთან“ მატჩში მოგებას თანაგუნდელ ანელე ნგკონგკას სახლში ზეიმობდა, სადაც მისი კიდევ ორი თანაგუნდელი იმყოფებოდა. ნასვამმა ფეხბურთელებმა ზეიმის დროს რაღაცის გაყოფა ვერ შეძლეს, რაც ჩხუბშიც გადაიზარდა. რასაკვირველია, „გენკის“ ხელმძღვანელობამ ამისთვის ორივე ფეხბურთელი დასაჯა, ოქრიაშვილმა კი, თანაგუნდელს ოფიციალურ ვიდეოშიც მოუბოდიშა. შემდეგივე ტურის შეხვედრაში თორნიკემ გოლის გატანა მოახერხა და თითქოს, ეს სკანდალი ყველას უნდა დაევიწყებინა. თანაც, ამის ალბათობას სექტემბერში ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლი ზრდიდა. ლოგიკურად, კარგი თამაშისა და უსიამოვნო ინციდენტების მოგვარების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს თავისი საქმის კეთება უნდა გაეგრძელებინა. ცოტა ხნის განმავლობაში ასეც იყო, რამდენჯერმე მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სამწუხაროდ, მალევე ოქრიაშვილმა თანამემამულის, ჯანო ანანიძის ბედი გაიზიარა. ოქტომბრის შუა პერიოდში თორნიკე „გენკის“ მეორე გუნდში გადაიყვანეს, რისი მიზეზის ამოცნობა მკითხველისათვის ადვილი უნდა იყოს… დიახ, ოქრიაშვილმა დისციპლინა დაარღვია. თუმცა, ანანიძესგან განსხვავებით, მან არა მატჩი, არამედ ვარჯიში გამოტოვა. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობამაც ისიც აღნიშნა, რომ შემდგომ მოთამაშის აყვანისას ყურადღებას არამხოლოდ მის თამაშს, არამედ მისი პასუხისმგებლობის უნარსაც მიაქცევდა.

Okriashvili

ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე მსგავსი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, თუმცა მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, საკმარისია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობები რომ გააჩნიათ, ამაში მათ გულშემატკივრები მოყვანილ მაგალითებზეც დაარწმუნეს, თუმცა, როგორც გაირკვა, წარმატების მისაღწევად საკმარისი არც ეს ყოფილა… იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, მისმა თითოეულმა წევრმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მათი მხრიდან პროფესიონალურად მოქცევის იმედად ვიყოთ…