დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად ლანჩხუთის „გურიასთან“ ხვალ გასამართი შეხვედრის წინ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა. გუნდის მზადყოფნასა და დამდეგი მატჩის მოლოდინზე ჩვენი გუნდის ესპანელ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.
ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთის თამაშის ჩვენებით მოვიგეთ წინა მატჩი – „სპარტაკთან“. ახლა კი, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება მხოლოდ „გურიასთან“ მატჩისკენ გვაქვს მიმართული. ჩვენი მომდევნო მეტოქე უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც კარგ შედეგებსაც აღწევს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ჩემპიონატის პირველ დაპირისპირებაში შევძელით მათი დამარცხება, ამჯერადაც სამი ქულისთვის ვითამაშებთ, თუმცა რთული იქნება, რადგან ქუთაისში საკმაოდ გაგვიჭირდა მათთან სასურველი შედეგის მოპოვება.
რაც შეეხება დანაკლისებს, დისკვალიფიცირებულ ჭანტურიასა და ფირცხალავას გარდა, სავარაუდოდ, ვერ დაგვეხმარებიან: ფანცულაია და ახვლედიანი. ასევე, მიკრო-ტრავმები აქვთ სხვა ფეხბურთელებსაც, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინიც მზად იყვნენ ამ თამაშისთვის“.
„ტორპედოს“ პრესსამსახური