გიორგი ლომაია “დინამო თბილისში” დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია 16 წლის შემდეგ “დინამო თბილისში” დაბრუნდა.

“პირველი პროფესიონალური კონტრაქტი “დინამოსთან” გავაფორმე და კარიერის ბოლოს სახლში დავბრუნდი. აქ შესანიშნავი გარემოა, მომზადებისთვის ბრწყინვალე პირობებია. ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი კოლექტივია. ყველანი შევეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის სანუკვარ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. მე ვფიქრობ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კარგი გუნდი უნდა გამოვიდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – აღნიშნა ლომაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლომაია უკანასკნელად ბაქოს “ინტერის” ღირსებას იცავდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. 36 წლის ქართველი მეკარე აზერბაიჯანულ კლუბში 2009 წლიდან თამაშობდა. ლომაია “დინამოში” 1997-1998 და 1999-2000 წლებში ასპარეზობდა.

გიორგი ლომაია: “ისინი პროვოკატორები არიან”

ბაქოს “ინტერის” მოქმედმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კიპერმა გიორგი ლომაიამ “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში (0:0) მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სტადიონზე დამსწრე “ქართული სპორტის ქომაგების” წევრებმა ტრიბუნაზე გამოკიდეს რუკა, რომელზედაც თანამედროვე საქართველოს ტერიტორია და ქვეყნის დაკარგული მიწები იყო გამოსახული, ოთარ ჭილაძის სიტყვების პერიფრაზით: “მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია” და წარწერით: “THIS IS GEORGIA” (“ეს საქართველოა”).

აზერბაიჯანულმა მხარემ ეს პროვოკაციად შეაფასა. “ქართული სპორტის ქომაგების” ამ საქციელს პროვოკაციად აფასებს ქართული საზოგადოების ნაწილიც, რომელთა შორის გიორგი ლომაიაც გახლავთ.

“ისინი პროვოკატორები არიან. არ მჯერა, რომ ისინი ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ასეთ ხალხს ერთი მიზანი აქვს – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობაა. მჯერა, რომ ასეც გაგრძელდება”, – გიორგი ლომაიას სიტყვებს azerisport-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ “ქართული სპორტის ქომაგების” სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

 

ბაჩანა ცხადაძის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

2 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში, კახაბერ ცხადაძის გაწვრთინლმა ბაქოს “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “რევანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე “ინტერმა” გახნსა, თავი კი ქართველმა თავდამსხმელმა, ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა.

ბაჩანას გარდა, ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში კიდევ ორი ქართელი იყო – მეკარე გიორგი ლომაიამ და მცველმა ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ცხადაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ალექსანდრე იაშვილს, ის მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.