საბერძნეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში კრეტას ოფი, რომელშიც ორი ქართველი გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი ირიცხება სტუმრად „ვერიასთან“ ჩავიდა და ანაგრიშით 4:1 დამარცხდა.
ბოლო დროს ოფი-ში სერიოზული ფინანსური კრიზისია. ცოტა ხნის წინ არსებული პრობლემების გამო კლუბი მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დატოვა. გარდა ამისა, კლუბის შიდა პრობლემების გამო რამდენიმე ფეხბურთელი არ თამაშობს, რომელთა შორის გიორგი მერებაშვილიცაა. გიორგის თავისი გუნდის შემადგენლობაში არც დღესაც უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საიტი მასთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბარს გეგმავდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. სამაგიეროდ, ითამაშა გიორგი ლორიამ.
მატჩი ოფი-სთვის თავიდანვე მძიმედ დაიწყო. მე-15 წუთზე კრეტელთა მცველმა ტრიპოცელისმა ყვითელი ბარათი მიიღო. სამ წუთში პენალტით ბენ მოჰამედმა ანგარიშის გახსნა შეძლო. 30-ე წუთზე ტრიპოცელისმა მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, რითაც თავისი გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, თანაც, ლორიას კარის მიმართლებიც მეორე პენალტიც დაინიშნა, რომელიც, საბედნიეროდ, ბარგანმა ვერ გაიტანა. 37-ე წუთზე ოფი-მ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა, ლამპროპულოსის პასით გოლი მაკრისმა გაიტანა, თუმცა კრეტელთა სიხარული მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა – 38-ე და 39-ე წუთებზე „ვერიამ“ მეტოქის კარი ორჯერ აიღო.
მეორე ნახევარში ვითარება საგრძნობლად არ შეცვლილა. 59-ე წუთზე ბენ მოჰამედმა ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა და თავის ანგარიშზე დუბლიც ჩაიწერა.
საბოლოოდ, 4:1 და ამ წაგებით ოფი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.