ბუფონი: „კასილასით აღფრთოვანებული ვარ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალს“ ეწვევა. იტალიური კლუბის კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მეტოქის ფინანსური მდგომარეობა დამდეგი მატჩის განმსაზღვრელი ფაქტორი არ იქნება. გარდა ამისა, ბუფონმა იკერ კასილასის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„დიდი ბიუჯეტი მოგების გარანტიას არ იძლევა. სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და ბევრი მუშაობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

უჩვეულოა ისეთი ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე ხილვა, როგორიც კასილასია. არ ვიცი, რა ხდება „რეალში“. იკერით აღფრთოვანებული ვარ და ვთვლი, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დიეგო ლოპესიც მშვენიერი კიპერია“, – ციტირებს ჯიჯი ბუფონის სიტყვებს Football Italia.

ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 2 ქულით ჯგუფის მეორე პოზიცია აქვთ დაკავებული, „რეალი“ კი 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

იკერ კასილასი საკუთარი მომავლის შესახებ

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, იკერ კასილასმა საზღვარგარეთელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. ესპანელი კიპერი გამოტყდა, რომ მას თამაში და კონკურენციის გაწევა სურს. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი მწვრთნელის ნდობის მოპოვებაა, სხვა შემთხვევაში, მას კლუბიდან აბარგების შესახებ დაფიქრება მოუწევს.

„მინდა, რომ გუნდის ნაწილი ვიყო, აქ დიდი ხნით დარჩენა მინდა. თუ დიდი ხნის განმავლობაში ისევ ვერ ვითამაშებ და თუ კლუბიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში, დაფიქრება მომიწევს. დგება დრო, როდესაც ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, ანდაც ის უბრალოდ ინტერესს კარგავს. ამ დროს რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგა.

მე ფეხბურთელი და ადამიანი ვარ. როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, პირველი ის მომდის თავში, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მითამაშია. უნდა გავაანალიზოთ ფეხბურთის ღირებულებები. ახლა ყველაზე მეტად თამაში და კონკურენციის გაწევა მინდა. ჩემს გარშემო მყოფი ხალხი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან შევიცვალე. ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი გამოწვევები. ახლა ჩემი ამოცანა სირთულეების დაძლევა და მწვრთნელის ნდობის მოპოვებაა“, – განაცხადა კასილასმა.

ბექა დოგრაშვილი

იკერ კასილასი ფორმაშია

2 ოქტომბერს, “კოპენჰაგენთან” გამართულ შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” მეკარემ, იკერ კასილასმა რამდენიმე დიდებული სეივი განახორციელა.

 

დელ ბოსკემ, კასილასი ნაკრებს შეეწირაო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე შეეცადა, აეხსნა ის მიზეზები, თუ რატომ დაკარგა იკერ კასილასმა მადრიდის „რეალის“ მთავარ პოსტზე ჟოზე მოურინიოს მუშაობის პერიოდში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი. „ფურია როხას“ ხელმძღვანელის თქმით, კასილასი „რეალისა“ და „ბარსელონას“ ესპანელ ფეხბურთელთა შერიგებას ცდილობდა, რაც შეიძლება გამხდარიყო მიზეზი იმისა, რატომაც აითვალწუნა მოურინიომ ის.

„ესპანეთის ნაკრებისთვის მძიმე პერიოდში, როდესაც „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის დაძაბული მატჩები იმართებოდა, კასილასი „ფურია როხას“ წინსვლისა და ტიტულების მოგების საშუალებას აძლევდა. მაგალითად, ასე მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი. ის სიმშვიდის დასადგურებას, ფეხბურთელთა შერიგებას ცდილობდა. შეიძლება სწორედ ამას მოეხდინა იკერისთვის მავნე ზეგავლენა. კასილასი ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც სრულ ჰარმონიას ინარჩუნებდა“, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს „როიტერი“.

ბექა დოგრაშვილი