„ზესტაფონო, ზესტაფონო გშორდები“ – ანუ უიმედოდ დარჩენილი კლუბი

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ამ სტერეოტიპს ქართული ფეხბურთი საკმაოდ ადვილად ამსხვრევს. დრო მიდის, ჩვენი ფეხბურთის პრობლემების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო მატულობს. ბოლო თვეების და რამდენიმე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ რჩება, რომლის ირგვლივ უსიამოვნებები არ წყდება.

არადა, ქართულ ფეხბურთზე საუბრისას და მისი ყველაზე წარმატებული გუნდების გახსენების დროს თბილისის „დინამოს“ შემდეგ, ალბათ, სწორედ იმერული კლუბი ახსენდებათ. გასაკვირი ამაში არაფერია – წინა სეზონების შედეგების გათვალისწინებით, „ზესტაფონი“ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ორი მოგებული ჩემპიონატის, ერთი თასისა და ორი სუპერთასის გარდა, იმერული კლუბი ევროთასებზე ღირსეულად არაერთხელ წარსდგა. ყველაზე დასამახსოვრებელი 2011 წელს ევროპის ლიგის პლეიოფამდე მისვლა იყო.

ხსენებული მიღწევების მიუხედავად, „ზესტაფონს“ მოედნის გარეთ კარგი დღეები იშვითად ჰქონია. მაშინაც კი, როცა იმერული კლუბი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, მის შინაურ სამზარეულოში ფინანსებთან დაკავშირებული არაერთი უსიამოვნება იყო. არადა, ლოგიკურად, ეს ასე მარტივი მიზეზების გამო არ უნდა ყოფილიყო: კლუბი ლიდერებს შორის იყო და არაერთ სხვა კლუბთან შედარებით, ილია კოკაიას სახით კერძო მფლობელი ჰყავდა, რაც განსაკუთრებით საქართველოში, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდი პლიუსია.

ყველაზე დიდი ძალა ხალხს აქვსო… ამ შემთხვევაში, ეს სტერეოტიპი მართლდება. გასაჭირში მყოფ „ზესტაფონს“ ადგილობრივი მოსახლეობა მხარში ყოველთვის ედგა. საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის ადგილობრივი კლუბისადმი სიყვარულს მატჩებზე დასწრებაც ადასტურებს. სამწუხაროდ, ამას დედაქალაქზე ვერ ვიტყვით, თუმცა ხშირად სხვა ქალაქების პატარა სტადიონების ტრიბუნების 70% მაინც სავსეა. განსაკუთრებით ეს ზესტაფონს ეხება, რაშიც გასაკვირი არაფერია. ორმაგი სიამოვნებაა, როცა შენი ქალაქის გუნდი მაღალი მიზნებისვის იბრძვის და ქალაქის სახელის დაცვას ცდილობს. ამიტომ, „ზესტაფონს“ მხარდაჭერა არასდროს აკლდა. თუნდაც 2006 წელს დაშლის პირას მყოფმა კლუბმა, არსებობა, შესაძლოა, სწორედ გულშემატკივართა ძალისხმევით გააგრძელა. აქციები შარშანაც იყო და, სამწუხაროდ, მათი გამართვის საფუძველი ზესტაფონელებს წელსაც ჰქონდათ. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. რიგითმა ბიზნესმენმა კოკაიამ ფეხბურთით მოგება ვერ ნახა – გასაკვირი ამაში პრინციპში არც არაფერია. ამ დრომდე ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ომს აგრძელებს, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, საფუძვლიანიანიც კი არის და პირად დაპირისპირებაშიც დიდი ხნის წინ გადავიდა.

21 აპრილს მუნიციპალიტეტის სპეციალური სხდომა შედგა, სადაც კლუბის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. საბოლოოდ, კლუბის დაფინანსებას მხარი ცამეტმა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ჩვიდმეტი აღმოჩნდა, რამაც „ზესტაფონის“ მომავალი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა.

გორის „დილასთან“ ჩაშლილი მატჩის შემდეგ კი სკანდალი კიდევ უფრო ფართომასშტაბური გახდა. „ზესტაფონი“ მატჩზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საკმაოდ სკანდალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც როგორც ილია კოკაია, ისე ზესტაფონური კლუბი „დილას“ მხრიდან ფეხბურთელების მოსყიდვაზე საუბრობდნენ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მატჩამდე სფფ-საც შეატყობინა, თუმცა რეაქცია ფედერაციის მხრიდან არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენს საიტთან საუბრისას „ზესტაფონის“ პრესატაშეს სერგო ფუტკარაძის თქმით, კლუბმა ამ მიზეზით ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გადატანაც კი სთხოვა, მაგრამ უარყოფით პასუხი მიიღო. არ გამოცხადების შემდეგ იმერულმა კლუბმა ამ და შემდგომ შეხვედრებში ტექნიკური მარცხის გარდა, ასევე ფულადი ჯარიმაც მიიღო და უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა. გორის „დილას“ მიერ საპასუხოდ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კლუბს მეტოქის რომელიმე ფეხბურთელის მოსყიდვა, ლოგიკურად, არ უნდა აწყობდეს და ყველანაირი მსგავსი ბრალდება აბსურდულია. ერთი მხვრივ, ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფი „ზესტაფონის“ ფეხბურთელის მოსყიდვა ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის მხრიდან ალოგიკურია. სხვა მხვრივ, ქართულ ფეხბურთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები აქამდეც არაერთხელ ყოფილა, რის გამოც ჭორის არსებობის შემთხვევაშიც კი, ფედერაციამ გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. ეს შემთხვევა სფფ-ს მხოლოდ მინუსად შეგვიძლია ჩავუთვალოთ. თუმცა, შეცდომების გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ არსებობს. სხვათაშორის, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თურქეთის მაგალითიც გაიხსენეს, როდესაც გაჩემპიონებული „ბეშიქთაში“ სწორედ ამ მიზეზით ჩემპიონთა ლიგიდან მაინც მოკვეთეს.

„ზესტაფონის“ დაშლა ქართული ფეხბურთის რეგრესს ხელს, ალბათ, კიდევ უფრო შეუწყობს. იმერელთა ადგილს უმაღლეს ლიგაში ის კლუბი დაიკავებს, რომელიც, წესით, პირველ ლიგაში უნდა ასპარეზობდეს, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კი არ შემცირდება და კვლავ 16 დარჩება, აქედან უმეტესობა კვლავ მუნიციპალიტეტის დახმარებით დაფინანსდება, რაც 16-გუნდიანი ჩემპიონატის უარყოფი მხარეს ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. საქმეს, ოდნავ, შესაძლოა, „საბურთალოს“ ამოსვლამ უშელოს, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური სწორედ გუშინ მოიპოვა.

სიტუაცია მართლაც ძალიან უსიამოვნოა, მისი შესაძლო გაგრძელება კი, უფრო ცუდია. ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთი ასეთ სიტუაციაში აქამდეც იყო და, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება.

ცოტა პოზიტივისთვის ქალაქ ზესტაფონზე საქვეყნოდ ცნობილი სიმღერა გავიხსენოთ, რომელიც გარკვეულწილად მის მდგომარეობასაც ასახავს, რადგან ის როგორც მუნიციპალიტეტმა და პრეზიდენტმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციამ მიატოვა…

საახალწლო “უხამსი შეთავაზებები” ქართულ ფეხბურთში

დღეს ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის ჩატარებას ბევრი გუნდი ვერ ახერხებს. ფეხბურთის ფედერაციამ პრობლემის მოგვარება საინტერესო ხერხით გადაწყვიტა. 27 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესის კლუბების 12 წარმომადგენელი ესწრებოდა, გაიჟღერა ილია კოკაიას იდეამ. “ზესეტაფონის” ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავას გადადგომის შემთხვევაში მზად არის მეორე წრის ჩასატარებლად 5 მილიონი ლარი გამოყოს. აღსანიშნავია, რომ სკ ზესტაფონის დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ეს იდეა უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობამ პირად შეურაცხოფად და მოქრთამვის მცდელობად აღიქვა.

გთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას:

ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით სფფ-ს  აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. გვინდა ეროვნული ჩემპიონატის გადარჩენით მოტივირებულ სკ „ზესტაფონი“-ს დამფუძნებელს, ბატონ ილია კოკაიას შევთავაზოთ – ითავოს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისა და შემდგომ 2014-2015 წწ სეზონის დეფინანსების უზრუნველყოფა, ვიდრე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის დაპირებისამებრ 2015-2016 წწ. სეზონზე სახელმწიფო გადაიბარებს ამ მძიმე მისიას და 2014 წლის 10 იანვრამდე კლუბების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს  23 მილიონი ლარი (მიმდინარე სეზონის დასრულებისა და მომავალი სეზონის ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯი: სფფ-ის მიერ შემუშავებული ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროგრამის შესაბამისად თითოეულ კლუბს ერთი სეზონის ჩასატარებლად, მინიმალური საჭიროებების დასაფინანსებლად და სალიცენზიო მოთხოვნების შესასრულებლად ესაჭიროება 1 500 000 ლარი X 12 = 18 000 000 ლარი + კოკაიას მიერ სეზონის დასრულებისათვის დაპირებული 5 მილიონი ლარი ).

რადგან, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელს ასე აწუხებს ეროვნული ჩემპიონატის ბედი და ამავე დროს ასე ძვირად უღირს სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, ჩვენის მხრივ გვსურს დავაიმედოთ ბატონი ილია კოკაია და დავპირდეთ, რომ აღნიშნული შეთავაზების მიღებისა და 23 მილიონი ლარის ჩარიცხვისთანავე, 11 იანვარს  სფფ-ის პრეზიდენტი, ბ-ნ ზვიად სიჭინავა დაუყოვნებლივ დატოვებს თანამდებობას და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადება ირონიით და არასერიოზული დამოკიდებულებით არის სავსე. გარიგებებზე წასვლა და ვაჭრობა თანხებით, მაშინ როცა ოფიციალური ორგანო ხარ და მაგალითს უნდა აძლევდე საფეხბურთო საზოგადოებას, ჩვენი აზრით, როგორც მინიმუმ არასერიოზული დამოკიდებულებაა საკითხისადმი. ფეხბურთის ფედერაცია არ არის კონკრეტული პირის პერსონალური ორგანიზაცია და შესაბამისად, იგი რაციონალურად და ცივი გონებით უნდა უდგებოდეს ნებისმიერ საფეხბურთო საკითხს. აღნიშნულ განცხადებაში კი უბრალოდ “პასუხის პასუხს” თუ ამოვიკითხავთ.

ბუნებრივია, რომ ამ უტოპიურ წინადადებს არავინ დათანხმდება და ეს ფედერაციაშიც შესანიშნავად იციან. არც ილია კოკაიას პოზიციაა მაინც და მაინც სამაგალითო. ქართული საფეხბურთო საზოგადოება უკვე წლებია მის ულტიმატუმებს ისმენს. ამ დროს კი საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დაფინანსების გარეშე რჩება. ანუ რეალურად საქმეც აღარ კეთდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოკაიას წვლილი “ზესტაფონის” და ქართული ფეხბურთის განვითარებაში ყველას კარგად ესმის.
ფედერაციაში კი უნდა ესმოდეთ, როდესაც ქართული ფეხბურთი კრიზისის ზღვარზეა და ეროვნული ჩემპიონატის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ირონიის და პირადი უთანხმოების საყოველთაო პრობლემად ქცევის დრო ნამდვილად არ არის.

ბოლოს, ორივე მხარეს გვინდა ბედნიერი ახალი წელი ვუსურვოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ ყველაფერი ქართული ფეხბურთისათვის პროფესიონალურად და სასიკეთოდ გადაწყდება.

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება

ქართულ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ნება მივეცი გულშემატკივრების წინაშე ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საფეხბურთო კლუბსა და ფეხურთელს შორის ურთიერთობას აწესრიგებს კონტრაქტი, რომლის შესრულებაც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. ურთიერთობის ამ ფორმას აღიარებს ფიფა და უეფა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი გაათავისუფლა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წინაშე არსებული ვალდებულებებისგან და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა, საკითხი ასეთი სახით დაისვა – ხომ არ შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ ხვალ და ზეგ, სხვა კლუბების ფეხბურთელებს, გარკვეული მცირე დავის წარმოშობის შემთხვევაშიც კი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანომ არასამართლიანად მიანიჭოს თავისუფალი აგენტის სტატუსი და საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გაათავისუფლოს… ანუ საფრთხე შეექმნას სისტემას, რომელიც აწესრიგებს კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობას და რომლის სრულყოფასა და მოწესრიგებაზე ფიფა-სა და უეფა-ში მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.

კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებული კლუბის ერთადერთი შემოსავლის წყარო ამა თუ იმ ფეხბურთელის უცხოურ ან სხვა ქართულ კლუბში გასხვისებაა. კლუბების კერძო მფლობელები ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ ქართული ფეხბურთის გასავითარებლად და თუ ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ მიეცემათ, მაშინ დახარჯული თანხის მინიმალური რაოდენობით უკან დაბრუნების შესაძლებლობაც სათუო ხდება. აქედან გამომდინარე, კერძო მფლობელი სერიოზულად დაფიქრდება მომავალში ქართულ ფეხბურთში განაგრძოს თუ არა ინვესტირება, რაც ამ ეტაპზე ერთიანად წამგებიანია და აქამდე მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული, ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა და ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა აძლევდა ამ ნაბიჯის გადადგმის სტიმულს.

უკვე დიდი ხანია ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დადგა საკითხი, რათა კერძო და არაკერძო მფლობელობაში არსებული კლუბების უფლებები თანაბრად იქნას დაცული, მათი დაფინანსება ერთი საერთო პრინციპის მიხედვით მოხდეს და ადგილი არ ჰქონდეს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფი კლუბების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, სასიკეთო ძვრებს ვერ ვხედავთ და კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კერძო მფლობელობაში არსებული კლუბების საქმიანობა საკმაოდ ეფექტური და შედეგის მომცემია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები. აქ მოთამაშე ფეხბურთელთა უმეტესობა სწორედ კერძო კლუბებში ირიცხებიან და ამიტომაც, ასეთი კლუბები უფრო მეტად უნდა წახალისდნენ, შეღავათები დაუწესდეთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება იქნას გამოჩენილი.

შექმნილ სიტუაციაში სოლიდარობას ვუცხადებთ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“. ჩვენი აზრით, კერძო ინვესტორების წასვლა ქართულ ფეხბურთიდან კატასტროფის ტოლფასი იქნება. მიგვაჩნია, რომ სწორედ პრინციპულობა, სამართლიანობის აღდგენა და ამავე დროს კომპრომისი გადაარჩენს დღეს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს!

პატივისცემით,

ბესიკ ჩიხრაძე

ილია კოკაიამ “ზესტაფონი” დატოვა

დღეს, საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულის, “ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე კლუბის პრეზიდენტის, ილია კოკაიას განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მე ვისაუბრე ქართულ საფეხბურთო ოჯახში შექმნილ პრობლემებზე და ამ პრობლემების წარმოქმნის მიზეზებზე, სადაც არადამაკმაყოფილებლად შევაფასე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა და მიუღებლად მივიჩნიე საფეხბურთო ოჯახის სათავეში რეალური ძალის არმქონე პრეზიდენტის ყოფნა, რომლის უნიათო საქმიანობის მწვერვალი გახლდათ ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული სტრუქტურის მიერ მიღებული ამასწინანდელი გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი დარტყმის ქვეშ დააყენა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს მოწყობის ისეთი ქვაკუთხედი, რასაც საკონტრაქტო სისტემა წარმოადგენს.

ჩემი ღრმა რწმენით, ფედერაცია დღეისათვის არა ფეხბურთის მსახურების სახლად, არამედ ვიწრო, პირადი და ხშირ შემთხვევაში მერკანტილური ინტერესების რეალიზების საშუალებად იქცა.

აქტუალურია საფეხბურთო კლუბების არათანაბარი დაფინანსების ძალიან მტკივნეული თემა. მაშინ, როდესაც საფეხბურთო ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაწევის ყოვლისმომცველი და სამართლიანი დახმარების მოლოდინშია, საფეხბურთო კლუბის ბედი ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონსა თუ რეგიონში მოქმედი ჩინოვნიკის სიმპატია-ანტიპატიაზე და მის ურთიერთობაზე სამთავრობო სტრუქტურებთან. სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ ქართული ფეხბურთის წინაშე არსებული მრავალი, მათ შორის, გარიგებული მატჩებისა და სხვადასხვა მაქინაციების პრობლემების სათავე. ფედერაციამ ფეხბურთის წინაშე არსებული პრობლემები ვერც სახელმწიფოსთან მოაგვარა.

შექმნილი სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, მე ვურჩიე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ქართული ფეხბურთისათვის ფასდაუდებელი სამსახურის გაწევის მიზნით, თავისივე სურვილით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. მისი მხრიდან ამ რჩევის არგამოყენების შემთხვევაში, დავიტოვე უფლება თავად წავსულიყავი კლუბიდან.

აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული უფლებით და გაუწყებთ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩემი გადადგომისა და კლუბიდან წასვლის შესახებ.

აქვე მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივარს, რომ ვრჩები საკუთარი სიტყვისა და პირობის ერთგული – თანამდებობიდან წასვლამდე ვამტკიცებ კლუბის ბიუჯეტს, რაც უზრუნველყოფს გუნდის შეუფერხებელ ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მართვის ფუნქციას დღეიდან კლუბის მენეჯმენტი განახორციელებს.

რაც შეეხება კლუბის შემდგომ ბედს, ის, როგორც ეს ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა გაცხადებული, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საკუთარ თავზე აღებული და საჯაროდ გაჟღერებული თანადგომის ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ეს საკითხი კლუბის მენეჯმენტთან დამატებითი განხილვის საგანი გახდება.

საჯაროდ ვაცხადებ იმის თაობაზე, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დღეიდან აღარ მივიჩნევ საფეხბურთო ცხოვრების მარეგულირებელ ინსტანციად. აქვე გეტყვით, რომ კლუბიდან წასვლის მიუხედავად, ჩემს მიზანს სულაც არ წარმოადგენს ფეხბურთიდან წასვლა და საფეხბურთო ცხოვრებიდან განზე დგომა.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ქართულ ფეხბურთში მეგულება ძალიან ბევრი წესიერი და ამავე დროს კომპეტენტური ადამიანი, რომელთაც აწუხებთ და სტკივათ სადღეისოდ არსებული მდგომარეობა. გაძლევთ პირობას, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ჯანსაღ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის საქმეში, რათა საერთო ძალისხმევით ქართულ საფეხბურთო ოჯახში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარს, როგორც ზესტაფონში, ასევე მთელ საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ! მეამაყება, რომ უამრავი ადამიანისთვის”ზესტაფონი” გახდა ერთგვარი სიმბოლო ფეხბურთის კეთილსინდისიერი მსახურების და საქმის სუფთა ხელებით კეთებისა.

ილია კოკაია

FCZestafoni.GE

რომან ფიფია – მსგავსი პრეცედენტები ევროპულ ფეხბურთშიც არაერთია

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტის- ილია კოკაიას განცხადებას ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია გამოეხმაურა.

რომან ფიფია – სურვილი მაქვს გამოვეხმაურო სკ ზესტაფონის პრეზიდენტის, ბატონ ილია კოკაიას ბოლო განცხადებას. მინდა ცალსახად მოგახსენოთ, რომ მისი წასვლა ქართული ფეხბურთიდან დაასუსტებს და უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ერთ რომელიმე კლუბზე, არამედ მთლიანად ქართულ საკლუბო ფეხბურთზე, ჩვენს ჩემპიონატზე. სამწუხაროდ ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთში სერიოზული ფინანსური პრობლემებია. ფინანსურად არც მთელ რიგ ევროპულ კლუბებს ულხინთ და მსგავსი პრეცედენტები კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობებში თანამედროვე ევროპულ ფეხბურთშიც არაერთია. ჩემი აზრით, ასეთ ვითარებაში ფეხბურთში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი და ცხადია მათ შორის ფეხბურთელი ვალდებულია უფრო გაგებით მოეკიდოს შექმნილ სიტუაციას, იქონიოს მოთმინების უნარი და შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ კლუბში ამოწუროს ყველა რესურსი. აუცილებელია კლუბში მესაკუთრესა და ფეხბურთელს შორის ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა არსებობდეს. მიუხედავად გართულებული ურთიერთობებისა, იმედი მაქვს კლუბი და ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებენ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

FCDinamo.GE