დონეცკის შახტარის ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

დონეცკის “შახტარის” ფორვარდი მაიკონ პერეირა დე ოლივეირა, რომელიც ბოლო დროს იჯარის წესით “ილიჩივეცის” ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილთან და დავით თარგამაძესთან ერთად იცავდა, ავტოავარიაში დაიღუპა.

სამწუხარო ფაქტი დღეს დილის 4 საათზე მოხდა ქალაქ დონეცკში. ოლივეირა მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა, რომლის მძღოლიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფეხბურთელის გადარჩენა კი სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

ოქრიაშვილი და თარგამაძე “ილიჩივეციდან” მიდიან

მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელი, ნიკოლაი პავლოვი აცხადებს, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე კლუბის ღირსებას აღარ დაიცავენ.

“ოქრიაშვილი და თარგამაძე ჩვენს გუნდს დატოვებენ. ისინი ამბობენ, რომ “ილიჩივეცზე” უკეთესს გუნდში თამაშს იმსახურებენ, ამიტომ ვაძლევ საშუალებას, თავიანთი ძალები სხვაგან მოსინჯონ”, – უთხრა პავლომა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე და ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარის” კუთვნილებაა. ორივე მოთამაშე მარიუპოლურ კლუბში იჯარით იმყოფებოდა.

დიტო ჭიჭინაძე