ჟულიო სეზარი: “ჰანდანოვიჩს საუკეთესო მეკარეთა სამეულში შესვლა შეუძლია”

მილანის “ინტერის” ყოფილმა კიპერმა ჟულიო სეზარმა “ნერაძურის” ამჟამინდელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შესახებ ისაუბრა და მისი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასა.

“ჩემი აზრით, სამირი ძალიან, ძალიან ძლიერი მეკარეა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი საშუალება მიეცემა. ევროპული პრიზმა ოდნავ განსხვავებულ სურათს გაძლევს, ვიდრე მხოლოდ სერია А-ში თამაში. თუ ჰანდანოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე იმავეს გაიმეორებს, რასაც იტალიის ჩემპიონატში აკეთებს, მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში ან თუნდაც სამეულში შესვლა შეეძლება”, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა გამოცემა GdS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე “ინტერის” გამოსვლის შესახებაც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მილანელებმა პირველ ტურში შინ “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი გასვლაზე “პეესვე ეინდჰოვენს” მოუგეს (2:1) და ახლა B ჯგუფს “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობენ.

“გუნდი ძალიან კარგად თამაშობს: ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვება გუნდს მოედანზე უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. ბიჭებს ორი ურთულესი დაპირისპირება ელით, თუმცა მე მათი მჯერა.

ვერ გეტყვით, დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, თუ პეპ გვარდიოლას დროინდელი. ჩავის, ანდრეს ინიესტას და ნეიმარის წასვლა ბევრ კლუბს დაასუსტებდა, მაგრამ გუნდი, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს, ყოველთვის წარმოადგენს დიდ ხიფათს”, – თქვა ჟულიო სეზარმა.

ლუჩანო სპალეტი:”მოდრიჩს “ინტერში” ძალიან უნდოდა, მაგრამ “რეალი” კვლავაც მის იმედზეა”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მადრიდის “რეალის” ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩზე საუბრისას აღიარებს, რომ მისი ტრანსფერის შანსები ძალიან დაბალია.

“არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ბედნიერებისთვის ისიც მყოფნის, რომ მოდრიჩის დონის ფეხბურთლს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია, ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა.

ის ფაქტი, რომ მოდრიჩს “ინტერის” მაისურით სურდა თამაში, სიამოვნებას მგვრის. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების დამატება ძალიან რთულია. კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

არა მგონია, მოდრიჩი გადმოვიდეს, რადგანაც “რეალში” კვლავ სურთ, რომ ასეთ ძლიერ ფეხბურთელს დაეყრდნონ. ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ მოდრიჩი დაგვემატება, წარმოუდგენლად რთული იქნება ჩვენი შეჩერება,” – აცხადებს სპალეტი.

აქვე იხილეთ: როგორ შეხვდნენ “რეალის” ფანები ლუკა მოდრიჩის დაბრუნებას

“რეალი” ლუკა მოდრიჩს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ გუნდის ხორვატი ლიდერის, ლუკა მოდრიჩის შესანარჩუნებლად.

როგორც ცნობილი ხდება, “ნერაძურიმ” ლუკა მოდრიჩთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა ჯერი მადრიდის “რეალზეა”. თუმცაღა, მადრიდელებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მოდრიჩს მხოლოდ 750 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში დათმობდნენ.

Sport Mediaset ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხორვატ ფეხბურთელს “რეალი” გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს, რაც 13 მილიონ ევროს უდრის.

თავის მხრივ, “ნერაძური” მოდრიჩს თანამემამულეებთან თამაშის შანსის გარდა 10 მილიონ ევროსა და კარიერის ჩინურ კლუბში დასრულების შესაძლებლობას სთავაზობს.

კეიტა ბალდე უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ გრანდს

“მონაკოს” ნახევარმცველი კეიტა ბალდე კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით.

“ნერაძური” “მონაკოსთან” 23 წლის ფეხბურთელის არენდით აყვანის თაობაზე შეთანხმდა. იტალიელები იჯარაში 5-6 მილიონს გადაიხდიან, მომავალ წელს კი მისი გამოსყიდვის უფლება 30 მილიონ ევროდ ექნებათ.

გეტყვით იმასაც, რომ “მონაკომ” სენეგალელი კეიტა ბალდე ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ტრანსფერის შანსებს.

ლუკას ვასკესი: “მოდრიჩს თავში ვერ შევუძვრები, მაგრამ მჯერა, რომ დარჩება”

მართალია იტალიური ჟურნალ-გაზეთები ლუკა მოდრიჩს მილანურ “ინტერში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ლუკას ვასკესი დარწმუნებულია, რომ ხორვატი ნახევარმცველი კვლავ მადრიდულ გრანდში ითამაშებს.

“ამაზე არ ვდარდობ, მის დაბრუნებას ველით. მალე ლუკა ვარჯიშს განაახლებს და კვლავ გვექნება მისი ფეხბურთის ყურებით დატკბობის შანსი. დარწმუნებული ვარ, რომ მოდრიჩი დარჩება. მაგრამ ფეხბურთში დარწმუნებით რამის თქმა ძალიან რთულია.

მოდრიჩი “რეალის” ფეხბურთელია და მომავალშიც ასე იქნება, ამას ვგრძნობ. მოდრიჩს თავში ვერ შევუძვრები, თუმცა მჯერა, რომ ის “რეალში” დარჩება,” – აცხადებს მადრიდელთა ესპანელი გარემარბი.

ვრსალკო: “ინტერის” ფანებისთვის 120 პროცენტით დავიხარჯები”

მადრიდის “ატლეტიკოდან” მილანის “ინტერში” გადასვლის შემდეგ შიმე ვრსალკომ პრესასთან ისაუბრა. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, ის ახალი გამოწვევისთვის მზადაა და ყველაფერს გააკეთებს ფანების გასაბედნიერებლად.

“ჯენოასა” და “სასუოლოში” თამაშის საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს. პერიშიჩი და ბროზოვიჩი აქაურობაზე ძალიან ბევრს მესაუბრებოდნენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ “ინტერში” გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო.

გუნდში თითოეული ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს თავისი მაქსიმუმი. წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და მზად ვარ 120 პროცენტით დავიხარჯო სასურველი შედეგის მისაღწევად და ფანების გასაბედნიერებლად.

მინდა “ნერაძურის” ფანებს ვუთხრა, რომ მოედანზე ყოველთვის გულს ვდებ და ახლაც ასე იქნება,” – აცხადებს ვრსალკო.

მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.

ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.

შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

“ინტერი” ლუკა მოდრიჩის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური სერია ა მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს. ამჯერად არა “იუვენტუსი”, არამედ მილანური “ინტერი” ცდილობს “ბლანკოსის” ვარსკვლავის მოწყვეტას.

Sky Sport Italia-ს აგენტის, ჯანლუკა დი მარციოს, ცნობით, “ნერაძურიმ” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ესპანურ გრანდთან. მისივე ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩიც მზად არის მოუსმინოს იტალიურ მხარეს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” ღირსებას მოდრიჩის სამი თანამემამულე ივან პერიშიჩი, მარცელო ბროზოვიჩი და შიმე ვრსალკო იცავენ. აქიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ მოდრიჩი კარიერის “სან სიროზე” გაგრძელებას გადაწყვეტს.

მოდრიჩთან ერთად, მილანელები არტურო ვიდალთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

ლუკა ტონი: “იკარდი ამ კლუბისთვის ზედგამოჭრილია”

ლუკა ტონი თვლის, რომ მაურო იკარდი “ბაიერნისთვის” ზედგამოჭრილი ფეხბურთელია. 41 წლის ექს-ფეხბურთელი იკარდის რობერტ ლევანდოვსკის ღირსეულ ჩამნაცვლებლად მიიჩნევს.

“თუ ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდა, მაშინ კლუბმა მას ხელი არ უნდა შეუშალოს,” – აცხადებს “ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი Sport Bild-თან საუბრისას.

“ინტერში” მოთამაშე იკარდი ზედგამოჭრილია “ბაიერნისთვის”. ის დიდებული თავდამსხმელია და ყველაფერთან ერთად ლევანდოვსკიზე ახალგაზრდაც არის,” – დაამატა ლუკამ.

როგორც იცით, “რეკორდმაისტერი” ერთ-ერთია იმ კლუბთაგან, რომელსაც 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა (110 მილიონი ევრო) შეუძლია.

სპალეტი:”იკარდი მილანში ბედნიერია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, საკმაოდ გარკვევით და გულწრფელად ისაუბრა მაურო იკარდის მომავალზე. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, მას არ შეუძლია იკარდის დარჩენა აიძულოს.

“მაუროს რამდენიმეჯერ შევხვდი და ის ძალიან გარკვევით საუბრობდა.

იკარდი “ინტერში” თავს ბედნერად გრძნობს, მაგრამ არიან კლუბები, რომელთა მხრიდან ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი შეიცვლება.

ჩვენ მაინც ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუმცა ვიმეორებ, რომ ამ მომენტისთვის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, რომ ის წასვლას აპირებდეს,” – აცხადებს “ინტერის” თავკაცი.

იკარდი: “თუ “ინტერს” დასჭირდება, კლუბიდან წავალ”

მილანის “ინტერის” არგენტინელი ვარსკვლავი, მაურო იკარდი, პრესასთან საუბრისას საკმაოდ თამამ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, ის მზადაა, კლუბის სასარგებლოდ “ინტერი” დატოვოს.

“ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ყველაფერს კლუბთან შეთანხმებულად ვაკეთებ. თუ მათთვის უკეთესი იქნება, წავალ, წინააღმდეგ შემთხვევაში – დავრჩები. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც კლუბისთვის უკეთესია.

სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ყველაფერი აირია. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – ვამაყობ ჩემი გუნდით და იმით, რაც გავაკეთეთ.

ჩვენი მიზანი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუ ამას ვერ შევძლებთ, სეზონი წაგებულია,” – აცხადებს მაურო იკარდი, რომელსაც მადრიდის “რეალსაც” უკავშირებდნენ.

რა შემთხვევაში წაიყვანენ იკარდის მსოფლიო ჩემპიონატზე?

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი დღეს მაურო იკარდის შეხვდა და როგორც იტალიური პრესა იუწყება, იმედები გაუცრუა.

როგორც იცით, არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და იკარდის ძირითადში თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, როგორც სჩანს, საქმე კიდევ უფრო რთულად არის.

წყაროს ცნობით, მაურო 35-კაციან განაცხადში შევა, თუმცა ერთადერთი პირობა, მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანისა, სერხიო აგუეროს ტრავმა იქნება. სამპაოლიმ ამის მიზეზი იკარდის მარტივად აუხსნა – მისი თქმით, იკარდი ნაკრების სისტემას ვერ ეწყობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 25 წლის იკარდიმ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 27 გოლის გატანა შეძლო (31 მატჩში).