სტივენ ჯერარდის შვიდი უპატიებელი შეცდომა

ბევრი ფეხბურთს ლეგენდის კარიერაში რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდის პოვნა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე სტივენ ჯერარდია, რომელმაც უპატიებელი შეცდომა გასულ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩშიც დაუშვა. გავიხსენოთ სტივი ჯის კარიერის კიდევ რამდენიმე შეცდომა.

გაძევება 1999 წლის მერსესაიდულ დერბიში

ჯერარდი მერსესაიდული დერბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირია, თუმცა როდესაც „ევერტონთან“ შეხვედრების ისტორიას იხსენებენ, ახალგაზრდა სტივი ჯის, ერთი არც თუ ისე სასიამოვნო მომენტი ახსენდებათ. 1999 წლის სექტემბერში დერბი „ლივეპრულის“ მინიმალური სხვაობით მარცხვით დასრულდა, მისი ერთ-ერთი ანტიგმირი სწორედ სტივენ ჯერარდი იყო, რომელმაც ერთადერთი გოლის ავტორის კევინ კემპბელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. აღნიშნული მომენტი შეხვედრის მხოლოდ 90-ე წუთზე მოხდა, თუმცა ეს ჯერარდს ვერაფრით გაამართლებს…

ავტოგოლი 2005 წლის ლიგის თასის ფინალში

მას შემდეგ, რაც იონ-არნე რიისემ „ჩელსისთან“ ფინალური მატჩის პირველ წუთზე გოლი გაიტანა, „წითლები“ მოედანზე დომინირებდნენ. თუ 79-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს არ ჩავთვლით, შესაძლოა, შეხვედრა ლოგიკურად დასრულებულიყო: პაულუ ფერეირამ ბურთი „ლივერპულის“ საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ჯერარდი გამოეხმაურა და ავტოგოლიც გაიტანა… დამატებით დროში კი მოურინიოს გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა…

ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული პასი

მერსესაიდული კლუბის კაპიტნის მადლიერი კიდევ ერთი ლონდონური კლუბის – „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრიც უნდა იყოს. 2006 წლის მარტში ჯერარდის არაზუსტ პასს მისი გოლი მოჰყვა, რომლის დახმარებითაც „მეთოფეებმა“ 3 ქულის მოპოვება იზეიმეს.

ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული კიდევ ერთი პასი

ორი წლით ადრე ჯერარდმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ტიერი მსგავსი გადაცემით მოამარაგა, რის შემდეგაც მეკარე დევიდ ჯეიმსმა ფრანგი თავის საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ზინედინ ზიდანი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა. ეს ჯგუფური ეტაპის მატჩი იყო, თუმცა, მარცხის მიხუდავად, „ლომები“ 1/4 ფინალში მაინც გავიდნენ.

გადაცემა დიდიე დროგბას

„განუმეორებელი პასების“ გაკეთების უნარი ჯერარდმა რამდენიმე წელიწადშიც გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სტივი კვლავ „ჩელსისთან“ თამაშში „გამოირჩა“, როდესაც 2010 წელს ყველაფერი გააკეთა, რათა კოტ-დივუარელს „ენფილდზე“ ანგარიში გაეხსნა. ის შეხვედრა „ლურჯების“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

წაქცევა და დემბას ბას გოლი

ზოგადად, „ჩელსისთან“ შეხვედრებში, როგორც ხედავთ, ჯერარდს ყველაზე მეტი შეცდომა აქვს დაშვებული. თუ 2010 წელს „ლივერპულს“ დიდი სატურნირო მიზნები ვერ ექნებოდა, შარშან ყველაფერი პირიქით იყო – მერსესაიდელებს სტივენის კარიერაში პირველ პრემიერლიგამდე სულ ცოტა დააკლდათ. ყველაფერი, შესაძლოა, მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო, რომ არა ჯერარდის მორიგი შეცდომა… ბურთის მიღებისას ის წაიქცა, რის შემდეგაც დემბა ბას სწრაფ კონტრშეტევას მინოლესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა – 0:1…

40 წამში მიღებული წითელი ბარათი

წინა კვირის ბოლოს მომხდარის გახსენება აუცილებელი არ არის. ალბათ, ასე სტივმა იმიტომ ითამაშა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო შეხვედრაში თავის გამოჩენა ზედმეტად სურდა, საბოლოოდ კი, ყველაფერი პირიქით მოხდა. ალბათ, მსგავსი მიზეზის მიუხედავად, ის თავს უფრო მშვიდად ვერ იგრძნობს, რადგან მსგავსი შეცდობა, როგორც აღვნიშნეთ, სტივმა სარშანაც დაუშვა.

თუმცა, როგორც თასზე, ასევე ჩემპიონატში, ყველაფრის გამოსწორების დრო ჯერ კიდევ არის. ამ ტურნირებზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჯერარდს, შესაძლოა, ცოტა „გულზეც მოეშვას“. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო საფეხბურთო ლეგენდა მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებში არსებობს. რეალურ ცხოვრებაში კი სასიკვდილო შეცდომა დიდ ადამიანებსაც ექნებათ დაშვებული…

ფეხბურთის დღეს გილოცავთ!

დღეს 10 დეკემბერია — დღე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის გადაწყვეტილებით მსოფლიო ფეხბურთის დღედ დაწესდა. ასე რომ, დღეს იმ მოვლენის დღეა, რომელიც ბევრისთვის არა მხოლოდ სპორტის ერთ-ერთ სახეობას, არამედ ცხოვრების სტილს ნიშნავს.

პირველად ფეხბურთი, როგორც ფეხით ბურთის თამაში, მეცნიერებმა ჩინეთში აღმოაჩინეს და ის ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულით თარიღდება. იმ თამაშს “ციუ ჩიუ” ერქვა, რაც ითარგმნება, როგორც “ფეხით ბიძგი”. ფეხბურთის თამაში ჩინელ ჯარისკაცებს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

როდის წარმოიშვა ფეხბურთი, ზუსტად არავინ იცის. ბევრის ვარაუდით, ფეხბურთის წინამორბედ თამაშს საქსონები თამაშობდნენ, რომლებიც თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე VIII საუკუნეში სახლობდნენ.

სპორტის ამ სახეობის წარმოშობაზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ვიცით, რომ ეს თამაში ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ იყო ცნობილი, თამაშში უძველესი დროიდან იყო კარი და მეკარე. ჯარისკაცები კი მას კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად თამაშობდნენ. კარში ბადე პირველად 1891 წლის მარტში, სამხრეთისა და ჩრდილოეთ ინგლისის ნაკრებებს შორის მატჩში გამოჩნდა.

ფეხბურთს თამაშობდნენ ძველ რომსა და საბერძნეთში დაახლოებით ორი ათასი წლის წინ. საბერძნეთში თამაშს ერქვა “ბრძოლა ბურთით”, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თამაშში სხვადასხვა საბრძოლო ილეთებსაც გამოიყენებდნენ.

გილოცავთ მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო დღეს!

უკრაინული ფეხბურთი 120 წლის იუბილეს აღნიშნავს

1894 წლის 14 ივლისს უკრაინაში პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მაშინ ლვოვში ერთმანეთს უკრაინისა და პოლონეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.

იმ დღეებში ლვოვში იმდროისთვის ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გამოფენა ტარდებოდა. ქალაქის სტუმრების მიერ ტრამვაის ახალი ხაზის დემონსტრირებისას საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის გამართვა გადაწყდა, რომელშიც ერთმანეთს ქალაქ ლვოვისა და კრაკოვის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

10 ათასი ტევადობის მქონე სტადიონზე დაახლოებით 3 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. მატჩი 7 წუთის განმავლობაში გაგრძელდა — პირველ გატანილ გოლამდე. მაშინ თამაშის კონკრეტული წესები არ იყო შემუშავებული. ერთი ძირითადი წესი კარში ბურთის გატანა გახლდათ. კარის ძელების მაგივრობას მიწაში ჩარჭობილი ალმები ასრულებდნენ.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანატოლი კონკოვმა 120 წლის იუბილე გულშემატკივრებს მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ფეხბურთის მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენი ნაკრების დონე, რომელიც პლანეტის მასშტაბით 20 საუკეთესო გუნდს შორისაა, ევროპულ ასპარეზზე ჩვენი კლუბების გამოსვლა ადასტურებს, რომ უკრაინული ფეხბურთი კონკურენტუნარიანია და კარგი პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა კონკოვმა.

 

ჩაო, პრეზიდენტე!

გასულ კვირას, მასიმო მორატიმ მილანის „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ თოჰირს ოფიციალურად მიჰყიდა, რითაც 1995 წლის თებერვალში დაწყებული ერა დასრულდა. ვინ არის ერიკ თოჰირი და როგორ „ინტერს“ უნდა ველოდოთ მისი მმართველობის დროს? იქნება ის კლუბისთვის ზედგამოჭრილი ფიგურა? თუ ეს უბრალოდ ბიზნესია? „ინტერის“ ტიფოზებს, წესით, მრავალი კითხვა უნდა აწუხებდეთ.

ეკონომიკური თვალსაზრისით ერიკ თოჰირს ნამდვილად შეუძლია, კლუბს რეალური გარანტიები მისცეს, რასაც მორატი „ნერიაძურისა“ და მის ქომაგებს, ალბათ, ვეღარ
დაჰპირდებოდა. ინდონეზიელი მაგნატი, ოჯახთან ერთად, არის მფლობელი Astra International-ისა (სპეციალიზდება ავტომობილების წარმოებაში, სამთო საქმიანობაში, ფინანსურ მომსახურებაში, სოფლის მეურბეობაში, ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო საქმიანობაში), რომლის ბრუნვაც, 2012 წლის შედეგების მიხედვით, 12 მილიარდ ევროს შეადგენს, მოგება კი _ 1,38 მილიარდ ევროს. თოჰირი ასევე ფლობს ორგანიზაციას „Mahaka Media“, რომელიც ეწევა საგამომცემლო და სატელეკომუნიკაციო საქმიანობას.

სიმდიდრე:

მილიარდელი არა მხოლოდ ფეხბურთით არის გატაცებული, არამედ კალათბურთითაც. ის ფლობს NBA-ს კლუბ „Philadelphia 76ers“-ის აქციათა 15 პროცენტს, ასევე არის სამშობლოში ორი კლუბის თანამფლობელი – „Satria Muda BritAma Jakarta“ და „Indonesia Warriors“. გარდა ამისა, თოჰირი გახლავთ ინდონეზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 50 მილიონი დოლარი გამოჰყო საფეხბურთო კლუბ  „დისი იუნაიტედის“ განვითარებისთვის.

მორატი:

ვერავინ იტყვის იმას, რომ მორატის ფული არ აქვს. რატომ დათმო მან „ინტერის“ მფლობელის სავარძელი? იქნებ მასში ფეხბურთი აღარ იწვევს ვნებას? ვნებას, რომელსაც „ინტერის“ ქომაგები გუნდის წარმატებისთვის არ იშურებდნენ.

მორატის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კლუბის ტიფოზებთან, ის ღირსეულად ატარებდა „შავ-ლურჯთა“ მფლობელის სახელს. მიუხედავად იმისა, რომ მორატის ხშირად აკრიტიკებდნენ ფულის უაზროდ ხარჯვაში, ის „ინტერის“ ქომაგებს უყვარდათ, რადგან კლუბის პრეზიდენტი წარმატებისკენ სავალ გზაზე გულით მოქმედებდა და არა – ჭკუით.

წარმატებები:

1995 წლის თებერვლიდან, „ინტერის“ პრეზიდენტად მასიმო მორატის გახდომიდან, კლუბმა 16 ტიტული მოიგო: 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, უეფას თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ყველაზე მთავარი – უეფას ჩემპიონთა ლიგა.

აი, რა განაცხადა „ინტერის“ ახალმა მფლობელმა თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში: „მოხარული ვარ, რომ მორატიმ „ინტერის“ მართვა მანდო. მოხარული ვარ, რომ ის მომავალში ჩემი პარტნიორი იქნება“.

ეს სიტყვები კი თავად მორატის ეკუთვნის: „კმაყოფილი ვარ. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მგონია, რომ ყველანი კმაყოფილები დარჩნენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც რაღაც იცვლება. არ ვთვლი, რომ ცხოვრების ახალ რიტმს უნდა მოვერგო. ერთის მხრივ, აშკარაა კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული, მეორეს მხრივ – ნუგეშია, რომ  კლუბი საიმედო ხელშია. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ბექა დოგრაშვილი