იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის ფაბიო კანავაროს სახელი”სკუადრა აძურას” შესაძლო მწვრთვნელთა შორის ფიგურირებს.
ცნობილია, რომ იტალიელთა ამჟამინდელი თავკაცი ჩეზარე პრანდელი, უახლოეს მომავალში თავისი კონტრაქტის გახანგძლივებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ არსებული შეთანხმება მხარეებს შემდეგი წლის ზაფხულის ბოლომდე აკავშირებთ.
კანავაროს გარდა, იტალიის ნაკრების შესაძლო თავკაცებად მასიმილიანო ალეგრი, რობერტო მანჩინი, ლუჩანო სპალეტი, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო და ალბერტო ძაკერონი მოიაზრებიან.
Sport Mediaset-ის ცნობით, პირველ რიგში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სწორედ კანავაროს ვარიანტის განხილვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს სამწვრთვნელო გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.
მართალია, ფინანსური თვალსაზრისით, ფაბიოს დანიშვნა საკმაოდ მისაღები უნდა იყოს, რადგან იტალიელები ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ხელფასისთვის გაცილებით ნაკლები თანხის გამოყოფას გეგმავენ. ამჟამად, პრანდელის ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო კანავაროს მოსვლის შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას შესაძლოა მხოლოდ 600 ათასი ევროს დახარჯვა მოუწიოს.
ალექსანდრე მატევოსოვი