“ატლეტიკო” კაგავას აკვირდება

როგორც ცნობილია, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა “მანჩესტერ იუნაიტედის” იაპონელი ნახევარმცველის გადაბირებას ეცდება.

შეგახსენებთ, 24 წლის მოთამაშე “წითელ ეშმაკთა” რიგებს გასულ ზაფხულს, დორტმუნდის “ბორუსიადან” შეუერთდა. თუმცა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მან ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა.

როგორც ბრიტანული და ესპანური გამოცემები იტყობინებიან, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კაგავას დევიდ მოიესის გუნდის დატოვების შესაძლებლობა ექნება.

ამჟამად აზიელი მოთამაშის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” გამოხატავს. ასევე, შესაძლოა,რომ “ბორუსია” ზამთარში მის დაბრუნებას შეეცადოს.

სანდრო საპანაძე

მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედი“ გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მე-16 წუთზე ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი გოლით თავი იაია ტურემ გამოიჩინა. მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში აგუერომ დუბლი გაიფორმა, სამი წუთის შემდეგ კი გოლის გატანა სამირ ნასრიმაც მოახერხა. ერთადერთი რამ, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ შეძლეს, ეს პრესტიჟის გოლის გატანა გახლავთ. 87-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი უეინ რუნიმ გაქვითა – 4:1.

ეს პირველი მანჩესტერული დერბი იყო როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის, ასევე ცალკეული მოთამაშეებისთვის – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“). სათქმელია, რომ ნეგრედომ თავისი პირველი მანჩესტერული დერბი ორი საგოლე პასით აღნიშნა. ხესუს ნავასმა კი ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. საზარდულის ტრავმის გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო რობინ ვან პერსიმ.

5 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ 10 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 7 ქულა დარჩა და მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა.

ინგლისის პრემიერლიგა
V ტური
„მანჩესტერ სიტი“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 (2:0)

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, ნასრი, იაია ტურე, ხესუს ნავასი (მილნერი 71′), ფერნანდინიო, აგუერო (ხავი გარსია 86′), ნეგრედო (ჯეკო 75′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა. სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, იანგი (კლევერლი 51′), ფელაინი, რუნი, უელბეკი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: აგუერო 16′, 47′, ტურე 45+1′, ნასრი 50′ – რუნი 87′.
გაფრთხილებები: ნასტასიჩი 5′ – რუნი 30′, ვალენსია 70′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

ბექა დოგრაშვილი

მანჩესტერული დერბის მოლოდინში

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში მანჩესტერული დერბი შედგება. „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელთაც აქტივში 7-7 ქულა აქვთ, ერთმანეთს „ეტიჰადზე“ დაუპირისპირდებიან.

ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტო მანჩინი მანუელ პელეგრინიმ შეცვალა, პენსიაზე გასული ალექს ფერგიუსონის სავარძელი კი დევიდ მოიესმა მოირგო.

„ეს იქნება მატჩი 6 ქულისათვის. პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს ინგლისის ჩემპიონობისთვის. თქმა არ უნდა იმას, რომ წაგებას ფრე სჯობს, თუმცა ჩვენ პირველივე წუთებიდანვე შევეცდებით გამარჯვებისთვის ბრძოლას. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. რუნი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყურადღება მხოლოდ მის მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ. სხვებიც უნდა გვყავდნენ თვალთახედვის არეალში. ვან პერსი და ვალენსიაც ძალზედ სახიფათონი არიან“, – აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პელეგრინიმ.

„წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. კარგია, რომ გასულ კვირას რუნიმ დუბლი გაიფორმა. ის კარგ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს კიდეც. გვინდა, რომ რუნიმ კიდევ უფრო მოუმატოს. მე მას ყოველთვის ამას ვთხოვ“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

მანჩესტერული დერბისთვის პირველად ემზადებიან როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელები, ასევე ცალკეული მოთამაშეები – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“).

მატჩი დღეს, ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას ჰოვარდ უები განსჯის.

ბექა დოგრაშვილი