ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-3 დღე წარმატებული გამოდგა ორივე ქართველი სუმოისტისთვის. მე-9 მაეგაშირად განთესილმა გაგამარუმ პირველი გამარჯვება იზეიმა ტურნირზე, ხოლო მაკუშიტას 55-ე ნომერმა, ტოჩინოშინმა მე-2 მოგება ჩაიწერა აქტივში.
გაგა ჯუღელმა საკმაოდ მარტივად დაამარცხა მე-10 მაეგაშირად განთესილი მონღოლი გოლიათი, ტერუნოფუჯი. ჩვენმა დევკაცმა ერთი ამოსუნთქვით, ოშიდაშით განდევნა მონღოლი დოჰიოდან.
როგორც უკვე გითხარით, გაგასთვის ეს პირველი გამარჯვება იყო ბაშოზე, პასივში კი 2 მარცხი აქვს მას.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ეგვიპტელი ამომავალი ვარსკვლავი, მე-11 მაეგაშირას სტატუსით მებრძოლი, ოსუნაარაში იქნება, რომელსაც სამივე ბრძოლა მოგებული აქვს მიმდინარე ტურნირზე. თუმცა, ჩვენი გოლიათი 2-ჯერ შეხვედრია აქამდე ეგვიპტელს და ორივეჯერ დამარცხებული ყავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სერიას არც ხვალ არ შეწყვეტს გაგამარუ.
რიგით მე-2 ორთაბრძოლა ჩაატარა დღეს ბაშოზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლევან გორგაძემ და ამჯერადაც უპრობლემოდ იმარჯვა. ტოჩინოშინმა მაკუშიტა დივიზიონის 57-ე ნომერი, იაპონელი ჰაკუიოძანი კარგად დაიჭირა მავაშით და ძალისმიერი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
ტოჩი ხვალ დაისვენებს და მომდევნო ორთაბრძოლს, სავარაუდოდ, ზეგ ჩაატარებს.
ამასობაში სხვა საინტერესო ამბებიც ხდება უკვე მარტის ბაშოზე. დღეს პირველი მარცხი იწვნია ცუნატორად (იოკოძუნობის კანდიდატი) შერაცხულმა მონღოლმა ოძეკი კაკურიუმ. მისი ძლევა იაპონელმა მე-2 მაეგაშირა, ოკინოუმიმ შეძლო (სხვათა შორის, უკვე ზედიზედ მესამედ). კაკურიუს მიზანი, იმისთვის რომ იოკოძუნას საპატიო ტიტული მიიღოს, ამ ბაშოს მოგებაა. თანაც ისე, რომ მინიმუმ 13 გამარჯვება უნდა ქონდეს აქტივში. ამიტომ, დღევანდელი მარცხი არანაირად არ იჯდა მის გეგმებში.
უდანაკარგოდ აგრძელებენ ტურნირზე ასპარეზობას კაკურიუს თანამემამულე იოკოძუნები, ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო. ამ უკანასკნელს დღეს 29 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს საჩუქარი იაპონელთა ახალი იმედის, ენდოს ძლევით გაუკეთა.
ჰარუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 23 მარტს დასრულდება.
ამირან ურუშაძე