ინიესტა: “ელ კლასიკომდე” სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ”

23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.

“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”

“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო.  ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.

მაიკლ ოუენმა “ელ კლასიკოს” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” საფეხბურთო ზეიმის მომსწრენი გავხდებით. ბოლო პერიოდის მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის მე-17 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, აღნიშნული მატჩის ირგვლივს ინტერესი საკმაოდ დიდია. ესპანურმა გამოცემა Marca-მ, მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, მაიკლ ოუენს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ვეტერანმა ფეხბურთელმა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელთაც “ელ კლასიკოში” მიუღიათ მონაწილეობა.

მეკარე: კასილასი;
მცველები: პუიოლი, რამოსი, კარლოსი;
ნახევარმცველები: მ. ლაუდრუპი, ზიდანი, კრუიფი, ინიესტა;
თავდამსხმელები: მესი, რონალდუ, მარადონა.

“ატლეტიკო”: გრიზმანი და საული ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელები, ანტუან გრიზმანი და საულ ნიგესი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ. დღეს, როგორც ფრანგმა, ასევე ესპანელმა დიეგო სიმეონეს განკარგულებაში, სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა გასულ უიქენდზე ლა ლიგა სანტანდერის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გამოტოვა. მას დაზიანება ჰქონდა დაა ვარჯიში ამ კვირის დასაწყისში უნდა დაეწყო. თუმცა, ეს მხოლოდ დღეს მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ მადრიდელთა ლაზარეთში მხოლოდ ხოსე მარია ხიმენესია. ის ამჟამად დარბაზში ირჯება და ჯერ ბურთთან ერთად წვრთნას ვერ ახერხებს.

“ატლეტიკო” 16 დეკემბერს, ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ალავესს” დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

შეიხის ფორმაში გამოწყობილი ლუკას ვასკესი აბუ დაბის ათვალიერებს (ფოტო)

მადრიდის “რეალი” აბუ დაბიშია და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. “ბლანკოსმა” ნახევარფინალში უკვე დაამარცხა “ალ ჯაზირა”. მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მთავარი თავისი ბიჭებისთვის, დასვენება იყო.

ლუკას ვასკესმა გადაწყვიტა, რომ ქალაქი, შეიხის ფორმაში გამოწყობილს, დაეთვალიერებინა. მან სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: “ამ ბიჭებთან ერთად გამარჯვებით ვტკბები.”

 

ისკო: “რეალს” ისეთივე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, როგორც – შარშან”

გუშინ ლა ლიგა სანტდანერის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესაუბრა.

“როცა შედეგი აგვიანებს, მაშინვე იტყვიან, რომ შემადგენლობა შესუსტდა. თუმცა, ჩვენი გუნდი წინა სეზონის მსგავსად, წელსაც ძალიან ძლიერია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრავმების გამო, სრული კოლექტივის გამოყენება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. შეგვიძლა, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.”

“დღევანდელი დღე იყო იმის მაგალითი, რომ გოლების ნაკლებობას განვიცდით. მომენტებს ვქმნით, თუმცა ბოლო ფაზა გვიჭირს. შარშან, რამდენიმე შეხვედრაში ბოლო წუთებზე გავიტანეთ და წელს იღბალი არ გვწყალობს. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია. ნურც მსოფლიო ჩემპიონატი დაგვავიწყდება, რომელზე წარმატების მიღწევაც თავდაჯერებულობის განმტკიცებაში დაგვეხმარება,” – ამბობს ისკო.

ლა ლიგის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გასულ უქმეებზე ლა ლიგა სანტანდერში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს ტურის სიმბოლურ გუნდს.

რობერტო, ჯონი, სავიჩი, კაბრალი, ფილიპე ლუისი, ევერ ბანეგა, კაზემირო, პორტუ, ადნან იანუზაი, კევინ გამეირო, ანტუან გრიზმანი.

მესის არჩათვლილი გოლი ტებასს ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების დანერგვისაკენ უბიძგებს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების სისტემა დაინერგება, რითიც საბოლოოდ აღმოიფრხვება არჩათვლილი, ან არასწორად ჩათვლილი გოლების პრობლემები.

ხავიერ ტებასმა მსგავსი განცხადება “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა, როდესაც მსაჯებმა ლეო მესის 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

“ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო, მთელმა ესპანეთმა შენიშნა როგორ გადაკვეთა ხაზი ბურთმა. ბრმა ვიქნები, საწინააღმდეგო რამ რომ ვთქვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონიდან ვიდეოგამეორებების დახმარებით მსგავსი ტიპის პრობლემებს თავიდან ავიცილებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალ სეზონში ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ,” – აცხადებს ტებასი.

ფრე “მესტალიაზე” – “ვალენსიას” გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

დღეს ლა ლიგა-ში მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა “მესტალიაზე”, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში კიპერები თამაშობდნენ ზუსტად, ზოგჯერ კი ფეხბურთელებს იღბალი ღალატობდათ. აღნიშვნის ღირსია 30-ე წუთზე ლიონელ მესის მომენტი, როდესაც არგენტინელმა ძლირად დაარტყა, რა დროსაც “ვალენსიას” მეკარემ არაზუსტად ითამაშა და ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რამაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მე-60 წუთზე მაპინძელთა სწრაფ შეტევას როდრიგოს გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ “ვალენსია” თავს კარგად იცავდა, თუმცა 82-ე წუთზე მესის საოცარ გადაცემას, ზუსტად ჟორდი ალბა გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ ცხრილის სათავეში ისევ კატალონიის “ბარსელონაა” 35 ქულით, მეორე ადგილს კი “ვალენსია” იკავებს 31 ქულით.

ზიდანი: “ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემზე”, ან “ხირონაზე”, თუმცა დღეს კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა”

დღეს ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში “ატლეტიკომ” “რეალი” მიიღო და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.

მადრიდული დერბის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვთვლი, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ჩვენსა და “ბარსელონას” შორის დიდი დაშორებაა, თუმცა ეს შეიცვლება. კატალონიელები ყველა თამაშს ვერ მოიგებენ. ხოლო, “რეალი” კი ამის გამოყენებას ეცდება და ჩამორჩენას აღმოფხვრის. კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლი დაგვაკლდა.”

“ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან მათ მეტი დაიმსახურეს. მათ ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ. სიმშვიდე – ეს სწორი გზაა. დღეს მართლა მშვენივრად ვითამაშეთ და, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემსა” თუ “ხირონაზე”, თუმცა “ატლეტიკოს” კართან რამდენიმე რეალური მომეტი შევქმენით.”

“არ ვიცი, რამოსის ცხვირთან დაკავშირებით, რა ხდება. მგონი, ის გატეხილია. ის მომენტი და, ასევე, სხვა რამდენიმე შეჯახება კარგად ვერ დავინახე, ამიტომ ვერ შევაფასებ არბიტრებს. მათ უბრალოდ თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, გამოვიდნენ მოედანზე და იმსაჯეს,” – აცხადებს “ზიზუ”.

ზიდანი: “მიყვარს, როცა რთულ სიტუაციაში ვვარდებით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ესტუმრება და “უემბლიზე” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

პრინციპული შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“წინ დიდი გამოწვევაა. თუმცა, ენთუზიასმით და ვნებით ვართ აღვსილები. ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონში ბევრი რთული მომენტი გვქონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონს წაგების შეგრძნება. ახლა კიდევ ერთი დიდი დაბრკოლება გვაქვს წინ – შესაბამისად, არსებობს დიდი გამარჯვების მოპოვების შანსიც. როცა საქმე რთულად მიდის, უფრო მეტად გვინდა, რომ მოვიგოთ.”

“არ ვფიქრობ, რომ “ჟირონასთან” გამართული შეხვედრა “რეალში” ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ცუდი იყო. ეს ფეხბურთია და, როცა აგებ, აანალიზებ ამ შედეგის გამომწვევ ფაქტორებს. ჩენ ნამდვილად არ ვითამაშეთ კარგად და ამ ხარვეზებს აუცილებლად აღმოვფხვრით. კატალონიელებთან დაპირისპირებაზე მეტს აღარ ვფიქრობთ. ახლა წინ ახალი შეხვედრაა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

“რეალი” კატალონიაში “ჟირონასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც კატალონიის ქალაქ ჟირონაში ამავე სახელწოდების გუნდს შეხვდა. დაძაბულ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ისკო ალარკონი დამატებაზე ზუსტი იყო – 0-1.

მეორე ნახევარში, 54-ე და 58-ე წუთებზე, შესაბამისად, კრისტიან სტუანიმ და პორტუმ შეძლეს კიკო კასილიას კარის ბადის შერხევა. “ჟირონას” წინ გასვლის შემდეგ, “ბლანკოსი” ბევრს ცდილობდა, მინიმუმ, გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა უშედეგოდ. ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი შემოიყვანა, რომლებიც ისკოსთან, რონალდუსა და ბენზემასთან ერთად უტევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა მადრიდელებს არაფერი არ მისცა.

საბოლოოდ, “ჟირონამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო. “ბლანკოსმა” კი, 27 წლის შემდეგ პირველად წააგო ლა ლიგის დებიუტანტ გუნდთან. კატალონიელები 12 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ. დედაქალაქურ გუნდს 20 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

 

ზიდანს “ეიბართან” ხუთი ფეხბურთელი არ ეყოლება

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსი” აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, დანი კარვახალი, კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი – ეს იმ მოთამაშეთა ხუთეულია, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ ვარჯიშზე 20 სპორტსმენი ირჯებოდა. მათ შორის იყო 17 წლის მეკარე, მოჰა, რომელიც წინა რამდენიმე თამაშის მსგავსად, დღესაც განაცხადშია.