იყო დიდი ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კარგი მწვრთნელი იქნები. ამის კარგი მაგალითი დიეგო მარადონაა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია.
თუმცა, დღესდღეობით, მოქმედ ფეხბურთელებში ისეთი თვისებების დანახვაა შესაძლებელი, რომლებიც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ შეიძლება, ისინი კარგი მწვრთნელები გამოვიდნენ. ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ ასეთი ფეხბურთელებისაგან ხუთეული შეადგინა.
ჩაბი ალონსო
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 34 წლის
ჩაბი ალონსოს ისეთ დიდ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორები პეპ გვარდიოლა, რაფა ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო და ვისენტე დელ ბოსკე არიან. როცა ალონსო მოედანზეა, ის მთელ თამაშს აკონტროლებს. ბევრს უთქვამს, რომ ჩაბი უკვე მწვრთნელივით აზროვნებს.
ფილიპ ლამი
პოზიცია: ფლანგის მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 32 წლის
ფილიპ ლამი რომ მწვრთნელი გახდება, ეს ყველამ იცის. ზოგადად, რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც მწვრთნელის როლს ისე ითვისებს, როგორც ლამი. ვეტერანი გერმანელი მწვრთნელების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. გვარდიოლამ “ბაიერნში” წარმატებას მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ლამს მიუძღვის.
ჯანლუიჯი ბუფონი
პოზიცია: მეკარე
ასაკი: 37 წლის
მეკარეები მწვრთნელები იშვიათად ხდებიან, თუმცა მოქმედი კარის დარაჯებიდან თუ რომელიმეზე იფიქრებ, რომ ის მწვრთნელი გახდება, უპირველესად ჯიჯი ბუფონი უნდა გაგახსენდეს. ბუფონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის იქნება, რომ მას ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია. გავიხსენოთ დინო ძოფი – მეკარე, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად იმუშავა, 2000 წელს კი იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.
ხავიერ მასკერანო
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 31 წლის
ხავიერ მასკერანოს ლიდერის თვისებები გააჩნია. ხშირად, როცა “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურს არ ატარებს, ის თანაგუნდელებს რჩევებს აძლევს და ცდილობს, ისინი დამუხტოს. თუ მასკერანო მწვრთნელი გახდება, უნდა იცოდეთ, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.
ჯორჯო კიელინი
პოზიცია: ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი
ასაკი: 31 წლის
დღესდღეობით, ფეხბურთში აღარაა ბევრი ისეთი მწვრთნელი, რომელიც ტაქტიკაშიც ძალიან კარგია და ფეხბურთელების მოტივირებაც უმაღლეს დონეზე შეუძლია. ჯორჯო კიელინი კი სწორედ ასეთია. ის ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და მოედანზე სულსა და გულს დებს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯოს ძლიერ იტალიელ სპეციალისტთან უმუშავია, რომელთაგანაც ის ბევრ ტაქტიკურ დეტალს ისწავლიდა.