აგენტი: „მინალა ნამდვილად 17 წლისაა, უბრალოდ მას რთული ბავშვობა ჰქონდა“

რომის „ლაციოს“ ახალწვეულ ჯოზეფ მინალას წარმომადგენელმა ფეხბურთელის ასაკთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხა. პასპორტში კამერუნელ მოთამაშეს დაბადების თარიღად 1996 წლის 24 აგვისტო უწერია, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ მინალა მართლაც 17 წლისაა.

„მისი მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა დიეგო ტავანომ.

ჯოზეფ მინალა „ლაციოში“ გასული წლის დეკემბრის თვეში გადავიდა.

ბექა დოგრაშვილი

„ლაციოს“ კლოზეს შენარჩუნება სურს

რომის „ლაციოს“ გერმანელ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ იუწყება, რომ „ლაციოს“ ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი აქვს. წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენელი მომდევნო კვირაში კლოზეს აგენტს შეხვდება და ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს გაუმართავს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესს გერმანული და ამერიკული კლუბები იჩენენ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კლოზემ 20 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ტრაპატონიმ „ლაციო“ იუარა

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ რომის „ლაციოს“ ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ვარაუდობენ, რომ „არწივების“ ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი დაკავებულ პოსტს საშობაო არდადეგების შემდეგ დატოვებს, ამიტომ რომაელები ახალი მწვრთნელის კანდიდატურას არჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ლაციოს“ ხელმძღვანელობამ კლუბში 74 წლის ტრაპატონი მიიწვია, თუმცა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ წინადადებაზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ტრაპატონის საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება არ სურს და ისევ რომელიმე ნაკრების ჩაბარებით არიას დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ტრაპატონის მწვრთნელის რანგში შვიდჯერ აქვს მოგებული სერია A: აქედან ექვსჯერ „იუვენტუსთან“, ერთხელ კი მილანის „ინტერთან“ ერთად.

იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით კი, „ლაციოს“ ედოარდო რეია ჩაიბარებს, რომელიც რომაულ კლუბს 2010-2012 წლებში თავკაცობდა. იმავე წყაროს თანახმად, რეიას თანაშემწე „ლაციოს“ ყოფილი თავდამსხმელი სიმონე ინძაგი იქნება.

ბექა დოგრაშვილი

„ლაციოს“ ქომაგთა პროტესტი

რომის „ლაციოს“ ქომაგებმა იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „კიევოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისს, პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, „ლაციოს“ ტიფოზები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მონაგარით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ამიტომაც გაატარეს შეხვედრის პირველი 15 წუთი სტადიონის გარეთ, ტრიბუნაზე კი ბანერი გამოკიდეს, რომელზეც ეწერა: „მორიგი სატრანსფერო ფანჯარა – მორიგი კრახი“.

„ქომაგები კლუბთან ერთად უნდა იყვნენ. პროტესტანტი გულშემატკივრები უმცირესობას წარმოადგენენ. მე მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას მივიღებ“, – განაცხადა „ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ.

ცნობისთვის, „ლაციოსა“ და „კიევოს“ შორის გამართული მატჩი რომაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი