სამპაოლი: “მესის აცილებულ პენალტზე პასუხისმგებელი მე ვარ”

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ გახსნით მატჩს გამოეხმაურა, რომელიც ფრედ დასრულდა (1-1 ისლანდიასთან).

“როდესაც არგენტინელ ფეხბურთელს გოლი გააქვს, ეს თითოეული ჩვენგანის დამსახურებად ითვლება, მაგრამ როცა აგებს – მხოლოდ ლეოს ბრალია. ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, უსამართლო საქციელია ჩვენი მხრიდან.

ერთი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდ ზეწოლას უძლებს ლეო მესი. მინდა ვთქვა, რომ ლეოს გაფუჭებულ პენალტზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ,” – აცხადებს სამპაოლი.

მესი რონალდუსთან მეტოქეობაზე: “არ ვცდილობ, საუკეთესო ვიყო”

საიდუმლო არავისთვის არაა, რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ლეო მესისა და კრიშტიანუს შორის უკეთესის არჩევას გვავალდებულებს. თუმცა საფეხბურთო სამყარო ერთ დასკვნამდე ჯერაც ვერ მისულა.

მესიმ პრესასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა რონალდუსთან მეტოქეობის შესახებ:”არ ვცდილობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო, ეს უბრალოდ არ მაინტერესებს. არასოდეს მითქვამს, რომ პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე ვარ.

ყოველ ჯერზე, როდესაც სეზონი იწყება, ჩემს თავს მიზნად ყველაფრის მოგებასა და გასულ წელთან შედარებით უკეთესი ფეხბურთის თამაშს ვუსახავ.

მოედანზე გასვლისას ყველაფერს უკან ვიტოვებ და ვცდილობ ჩემი თავისა და თანაგუნდელებისათვის ბოლომდე დავიხარჯო. ჩემთვის უმნიშვნელოა, თუ ვინ იქნება ან არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,” – აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელი.

მესი: “მართალია პოზიცია შევიცვალე, მაგრამ მაინც გოლების გატანაზე ვფიქრობ”

“ატლეტიკოსთან” მატჩში გატანილი გამარჯვების ბრწყინვალე გოლის შემდეგ, ლეო მესი აღიარებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობს. ეს, რა თქმა უნდა, ერნესტო ვალვერდეს დავალება გახლავთ.

“შესაძლოა, ბოლო წლის მანძილზე პოზიცია შევიცვალე და ახლა ბურთის მისაღებად უფრო სიღრმეში მიწევს ჩასვლა, მაგრამ ამით ვითარება დიდად არ იცვლება.

ადრე მუდმივად მეტოქის საჯარიმოში ვტრიალებდი, ახლა კი ცენტრისკენ ჩავდივარ. ეს სიმართლეა, მაგრამ ამის მიუხედავად, სულ გოლების გატანაზე ვფიქრობ და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ,” – აცხადებს მესი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ლა ლიგის 29 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას სწორედ ლეო მესი ლიდერობს 24 გატანილი გოლით. არგენტინელს ამავდროულად საგოლე გადაცემების მაქსიმალური ოდენობა (12) უგროვდება ჩემპიონატში.

სიმეონე: “მესის “ატლეტიკოს” მაისურით რომ ეთამაშა, “ბარსელონას” დავამარცხებდით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა ლეო მესის ფაქტორიც გამოყო, რომელიც შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახლავთ.

“ამ მატჩის სცენარი წინა შეხვედრის ანალოგიური იყო. პირველ ტაიმში სწორედ ისინი დომინირებდნენ, ჩვენი თამაშის ჩვენების უფლებას არ გვაძლევდნენ. თუმცაღა შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ და ისე ჩანდა, რომ თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო. შემდეგ კი მინიმალური ანგარიშით ვმარცხდებით.

უსიამოვნო გრძნობაა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი ნამდვილად მუშაობს. მეორე ტაიმში ბრწყინვალე რეაქციები ვიხილეთ ჩვენი მხრიდან. გვქონდა შანსებიც, თუმცა მათი რეალიზება ვერ შევძელით.

მესი? ის განსაკუთრებული მოთამაშეა. მესის რომ ჩვენი მაისურით ეთამაშა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა,” – აცხადებს სიმეონე.

პიკე:”ბარსას” საუკეთესო თაობის ლიდერი მესია და ჩვენ უბრალოდ მივყვებით მას”

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და პარასკევს გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ჟერარ პიკეს გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. ესპანელმა ფეხბურთელმა პრესასთან ლეო მესის ფაქტორზეც ისაუბრა.

“ჩვენი წარმატების, “ბარსელონას” საუკეთესო თაობის გასაღები ლეო მესია. ჩვენ უბრალოდ მივყვებით მას,” – აცხადებს პიკე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

“თუ ვინმე იყო მნიშვნელოვანი ჩვენს წარმატებებში, ეს ლეოა. მან ძალიან ბევრი ტიტული მოგვაგებინა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ მას, რადგანაც ლეოს კონკურენტუნიარიანი გუნდი სჭირდება,” – დაამატა ესპანელმა.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ “ბარსელონაში” გატარებული 14 წლის მანძილზე მესიმ 29 ტიტული მოიგო.

კიელინი: “მესის ერთი ფეხბურთელი ვერ შეაჩერებს”

ტურინის “იუვენტუსის” გამოცდილ მცველს, ჯორჯო კიელინის სჯერა, რომ “ბარსელონას” არგენტინელი გოლეადორის, ლეო მესის შეჩერების ერთადერთი გზა გუნდური მუშაობაა.

“იმ წამსვე ხვდები რომ მკვდარი ხარ, როგორც კი გადაწყვეტ, რომ მის წინააღმდეგ მარტო წახვიდე. ის იმდენად სწრაფად კითხულობს მეტოქის ქმედებებს, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებენ.

ერთადერთი გზა, რასაც მისი ჩარჩოებში მოქცევა შეუძლია გუნდური მუშაობაა. თუნდაც საუკეთესო იყო, მარტო მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდები, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო,” – აცხადებს კიელინი.

ჯორჯომ “სკუადრა აძურადან” ბუფონის წასვლაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:”მალე ის “იუვედანაც” წავა და დიდ სიცარიელეს დატოვებს, რაც ერთგვარ უსიამოვნო, უცნაურ შეგრძნებას შექმნის. იღბლიანი ვარ, მასთან ყოფნის საშუალება რომ მეძლევა.”

ვალვერდე: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესასთან თავისი გუნდის სუპერვარსკვლავზე, ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი გოლეადორი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,” – აცხადებს “ატლეტიკის” ექს-თავკაცი “ოლიმპიაკოსთან”, ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე.

“აუცილებელი არ არის, ამის აღსანიშნავად, ოქროს ბურთი, ან რაიმე სხვა სახის ინდივიდუალური ჯილდო მოიგოს. ეს ჩვენს მოსაზრებას არ ცვლის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით,” – დაამატა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ახალი, 2017/18 წლების სეზონი ბრწყინვალე დაიწყო – ჩატარებულ 12 მატჩში არგენტინელმა ფეხბურთელმა 14 გოლის გატანა შეძლო “ბარსელონას” მაისურით.

ვენგერმა სანჩესი მესისა და ბექჰემს შეადარა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით, ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი გუნდისთვის ისეთივე მნიშველოვანი ფიგურაა, როგორც ლეო მესი არგენტინისთვის.

“ყოველ თაობას ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების ლიდერობას საკუთარ თავზე იღებდნენ და მთელი ზეწოლა სწორედ მათზე ხორციელდებოდა.

საფრანგეტს ზიდანი ჰყავდა, ინგლისს კი ბექჰემი. მართალია, ინგლისს იმ დროს ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც ჰყავდა, მაგრამ ბექჰემი გამორჩეული იყო. რატომ არა ჯერარდი? არ ვიცი, მაგრამ მთავარი მაინც დევიდი იყო.

რაც შეეხება ჩილეს, მათ სანჩესი ჰყავთ. არგენტინელებს – რა თქმა უნდა, მესი. როგორც ჩანს, ნაკრებში ყოველთვის უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე ლიდერობას აიღებს და სხვებს დაიცავს,” – აცხადებს ვენგერი.

ტაბარესი: “მსოფლიო ჩეპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების თავკაცმა, ოსკარ ტაბარესმა არგენტინელთა ლიდერზე, ლეო მესიზე ისაუბრა, რომლის ნაკრებიც შესაძლოა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს.

“ფეხბურთის ისტორიას ბევრი ისეთი ლეგენდა ახსოვს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ აქვს მოპოვებული, თუმცა ამით მათი სახელი არ კნინდება. იგივე მდგომარეობაა მესის შემთხვევაშიც.

განსხვავება ისაა, რომ მესი ჯერ კიდევ თამაშობს და არავინ იცის, რა მოხდება. მათ ჯერ კიდევ აქვთ მუნდიალზე გასვლის შანსი და თუ ეს შეძლეს, რუსეთში ფავორიტების სტატუსით ჩავლენ.

ყოველ შემთხვევაში, ეს გუნდური სპორტია და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ მესი ვერ მოიგებს, მას თანაგუნდელებისგან სათანადო მხარდაჭერა სჭირდება,” – აცხადებს ტაბარესი.

როგორი ბუცები აცვიათ მესის, რონალდუსა და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებს?

ის დრო, როდესაც ყველა ფეხბურთელს ერთნაირი, შავი ბუცები ეცვათ წარსულს კარგა ხანია რაც ჩაბარდა. დღესდღეობით კი ფეხბურთის ყველა ვარსკვლავს სპეციალურად მისთვის შექმნილი ბუცები ამშვენებენ. ვნახოთ, როგორ ბუცებს ატარებენ მსოფლიოს უმაღლესი დონის ვარსკვლავები ბოლო დროს…


კრიშტიანუ რონალდუ


როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ არა საუკეთესო) მთელი კარიერის მანძილზე მეგობრობს სპორტული ეკიპირების გერმანულ გიგანტთან, “ნაიკთან”, კერძოდ კი Mercurial-ის ბუცებთან.

ბოლო დროს წლის საუკეთესო ფეხბურთელს უახლესი გამოშვების ბუცები აცვია, რომლის ღირებულებაც ოფიციალურ მაღაზიაში 260 ფუნტს შეადგენს, რაც დაახლოებით 844 ლარს უდრის.


ლიონელ მესი


ლეო მესი კი “ადიდასთან” მეგობრობს. ამჟამად ის არგენტინის ნაკრების ფერებში გადაწყვეტილ ბუცებს იყენებს, რომელსაც “ოკეანის შტორმსაც” ეძახიან, მისი დასახელება კი Nemeziz 17+ გახლავთ.

ალბათ გახსოვთ, რომ ადრე არგენტინელი გოლეადორი Adidas’ F50-ის ერთგული იყო, თუმცა კარგა ხანია, რაც ის 280 ფუნტად (909 ლარი) შეფასებულ Nemeziz-ს ატარებს.


ნეიმარი


მესისა და რონალდუს მსგავსად ნეიმარის სახელზეც უშვებენ ბუცებს, ამ საქმიანობაზე კი “ნაიკი” ზრუნავს. მოდელს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულს ამშვენებს Mercurial Superfly V Neymar ჰქვია.

იმ ბუცების შეძენა, რომლითაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იწონებს თავს 270 ფუნტად, ანუ დაახლოებით 877 ლარად არის შესაძლებელი.


გარეთ ბეილი


მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი კი Adidas X 17+ Purespeed-ს ატარებს, რომელიც 250 ფუნტად (812 ლარი) ფასობს. 2016/17 წლების სეზონის ბოლოს ის ლურჯ-თეთრ ბუცებს ატარებდა, მაგრამ ზაფხულში ყვითელ ფერზე გადაერთო.


ლუის სუარესი


ბეილის მსგავსად, სუარესიც Adidas X 17+-ზე აკეთებს არჩევანს, რომელიც შემქნელების თქმით განსაკუთრებულად სწრაფ სიჩქარესა და სიძლიერეზეა მორგებული.


ანტუან გრიზმანი


ანტუან გრიზმანი “პუმას” ერთ-ერთი უდიდესი კლიენტია. ფრანგი შემტევის Puma One 17.1 ოფიციალურ მაღაზიაში 160 ფუნტი (520 ლარი) ღირს.


რობერტ ლევანდოვსკი


მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი ვარსკვლავი “ნაიკის” ახალი ხაზის, Hypervenom-ის მთავარი სახეა. ლევანდოვსკის Phantom 3-ის შეძენა კი 260 ფუნტად არის შესაძლებელი (844 ლარი)

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 სექტემბერი

ზიდანმა სანჩესის ტრანსფერი დაბლოკა

Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გუნდის ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი მადრიდის “რეალს” შესთავაზეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ალექსისი ერთ-ერთი საუკეთესო საკუთარ პოზიციაზე, ზიდანმა ბევრი ფიქრის გარეშე დაბლოკა მისი ტრანსფერი. გეტყვით იმასაც, რომ სანჩესის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტი” იყო.


მაჰრეზს “მანჩესტერ იუნაიტედში” უნდოდა გადასვლა

Daily Star-ის ჟურნალისტების ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რიად მაჰრეზი და მისი მრჩევლები ყველანაირად ცდილობდნენ “მანჩესტერ იუნაიტედისკენ” მიმავალი გზისთვის მიეკვლიათ, თუმცა ამაოდ.

როგორც იცით, “ლესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა 31 აგვისტოს ალჟირის ნაკრებიც კი დატოვა, რათა სატრანსფერო მოლაპარაკებებში ჩართულიყო.


გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ნახევრდება

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპული გრანდის ხელმძღვანელებს უფრო ადვილად შეეძლებათ მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი ლიდერის, ანტუან გრიზმანის გადაბირება.

როგორც იცით, გრიზმანმა ახლახან გააფორმა ახალი კონტრაქტი “როხიბლანკოსთან”, სადაც მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევროა მითითებული, რაც მომავალ ზაფხულს 100 მილიონ ევრომდე შემცირდება.


ვიდალისთვის მილანელები იბრძოლებენ

საკმაოდ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport ირწმუნება, რომ “მილანისა” და “ინტერის” უფროსები მომავალ ზაფხულს ყველაფერს გააკეთებენ “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის გადასაბირებლად.

“იუვენტუსის” ექს-ფეხბურთელის კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2019 წელს იწურება, “როსონერი” კი მზადაა ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე 30 მილიონი ევრო გადაუხადოს გერმანულ კლუბს.


მესი არ გაახანგრძლივებს

Onda Cero-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა წლევანდელს ერთი სვლით დაჩრდილავს, რადგანაც საქმეში ჩართვას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი (თუ არა საუკეთესო), ლეო მესი აპირებს.

როგორც იცით, არგენტინელმა გოლეადორმა და “ბარსელონამ” კარგა ხანია, რაც ახალი კონტრაქტი შეათანხმეს, თუმცა ხელშეკრულება ხელმოწერილი ჯერაც არაა. მესის გეგმებში ეს არც შედის, ის მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება და კლუბის გამოცვლას სწორედ ასე აპირებს.


ტოპ-10 პოპულარული ფეხბურთელი ინსტაგრამზე


10. კარიმ ბენზემა (@karimbenzema) – 19,3 მილიონი მიმდევარი


9. ლუის სუარესი (@luissuarez9) – 23 მილიონი მიმდევარი


8. რონალდინიო (ronaldinho) – 24,4 მილიონი მიმდევარი


7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (@iamzlatanibragimovic) – 26,3 მილიონი მიმდევარი


6. გარეტ ბეილი (@garethbale11) – 30,1 მილიონი მიმდევარი


5. ხამეს როდრიგესი (@jamesrodriguez10) – 32 მილიონი მიმდევარი


4. დევიდ ბექჰემი (@davidbeckham) – 38 მილიონი მიმდევარი


3. ლეო მესი (@leomessi) – 75,6 მილიონი მიმდევარი


2. ნეიმარი (@neymarjr) – 77,4 მილიონი მიმდევარი


1. კრიშტიანუ რონალდუ (@cristiano) – 106 მილიონი მიმდევარი