ლევან ყენია პრაღის “სლავიას” 3 თვის წინ შეუერთდა და ზამთრის პაუზამდე ჩეხეთის ჩემპონატის ორ შეხვედრაშიც მოასწრო თამაში. “სლავია” ამჟამად სლოვაკეთში ემზადება სეზონის განახლებისთვის. პრაღული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მოთამაშეს საინტერესო თემებზე ესაუბრა.
– დაახლოებით სამი თვეა რაც “სლავიაში” ხართ. გუნდთან შეგუების პროცესი დასრულდა?
– აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. რა თქმა უნდა ძალიან მეხმარება მარტინ ლატკა, რომელიც ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში გვერდში მიდგას.
– ჩეხეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარე. როგორ შეაფასებდი ლიგის დონეს?
– ფიზიკურად აქ საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები, თუმცა ტაქიკური თვალსაზრისით გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაშიც თამაში გაცილებით რთულია. ჩეხეთის ლიგა დაახლოებით უკრაინის ჩემპიონატის დონეზეა.
– თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი კლუბი “შალკეა”. როგორ გაიხსენებდით გელზენკირხენში გატარებულ პერიოდს?
– “შალკეში” 17 წლის ასაკში დავიწყე თამაში და ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. 18 წლის ასაკში ჩემი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმების გამო სამი ოპერაცია დამჭირდა და დიდი დროც გამიცდა.
– 14 წლის ასაკში კი “ბარსელონაში” იმყოფებოდით ტესტირებაზე, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშის ოცნებაა…
– შესანიშნავი გამოცდილება იყო, ახდენილ ოცნებას გავდა. იქ ორი კვირა ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე, რასაც დღესასც ვიყენებ მოედანზე.
– გასულ სეზონში დიუსელდორფის “ფორტუნას” შემადგენლობაში თამაშობდით, სადაც მარტინ ლატკა გაიცანით. თქვენი “სლავიაში” გადასვლა მისი დამსახურება ხომ არ არის?
– გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა. ჩეხეთშიც და მის ფარგლებს გარეთ სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუმცა საბოლოო არჩევანის დროს მარტინმაც ითამაშა გარკვეული როლი.
– რა იქნება “სლავიას” მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში?
– რთული სათქმელია… ვფიქრობ, რომ გუნდს ევროთასების ზონაში მოხვედრა შეუძლია.
– ამჟამად სლოვაკეთში მოსამზადებელ შეკრებას გადიხართ. როგორ შეადარებდი სხვა გუნდების შეკრებებს?
– გერმანიაში შეკრებები განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ვარჯიშები გვაქვს. ახლა მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს. შეკრების მომდევნო ეტაპს თურქეთში გავივლით.
– “სლავიას” თავკაცმა მიროსლავ ბერანეკმა განაცხადა, რომ გუნდს თქვენი დახმარებით სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლია. სასიამოვნოა მწვრთნელის ასეთი ნდობა?
– რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელი გენდობა. ასეთ დროს თამაშიც გაცილებით ადვილი ხდება.
– პრაღაზე რას იტყვით?
– აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ორი შვილი გვყავს. მყუდრო ბინა ვიქირავეთ და ქალაქშიც ხშირად ვსეირნობთ. პრაღა ძალიან ლამაზია. ხშირად ვსტუმრობთ ცენტრში მდებარი ქართულ რესტორანს.