“ლივერპულელებმა” ოქტომბრის თვის საუკეთესოები დაასახელეს

მერსესაიდის “ლივერპულის” გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებად დეიან ლოვრენი და მუჰამედ სალაჰი დასახელდნენ, რომლებმაც კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების 33-33 პროცენტი დააგროვეს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ხორვატი მცველი ოქტომბრის თვეში უშეცდომოდ გამოიყურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ტოტენჰემთან” მატჩი, სადაც მას 31-ე წუთისთვის ორი მნიშვნელოვანი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. გულშემატკივრებმა კი ლოვრენს მხარდაჭერა სწორედ საუკეთესოდ დასახელების გზით გამოუცხადეს.

რაც შეეხება ეგვიპტელ მუჰამედ სალაჰს, ოქტომბერში ის 5 მატჩში გატანილი 3 გოლით გამოირჩა. ამ პერიოდში “ლივერპული” ფრედ ეთამაშა “ნიუკასლსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, მოუგო “მარიბორსა” და “ჰადერსფილდს” და დამარცხდა “ტოტენჰემთან”.

კოუტინიოსთვის ბრძოლა გრძელდება

ბრაზილიისა და “ლივერპულის” შემტევი ფილიპე კოუტინიო შესანიშნავ თამაშს სთავაზობს გულშემატკივარს, ამიტომაც მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კოუტუნოს შესაძენად ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონა” აქტიურობდა და თითქოს ყვეალფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ საბოლოოდ ბრაზილიელი “ენფილდზე” დარჩა და მიმდინარე სეზონში ისევ წითლების მაისურით გამოდის. დიდი ალბათობით ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან 25 წლის ფეხბურთელის შეძენით ესპანელების გარდა “პარი სენ-ჟერმენიც” აქტიურად არიას დაინტერესებული.

ესპანური გამოცემა MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა დირექტორი ანტერო ენრიკე ლონდონში კოუტინიოს აგენტს შეხვდა და შესაძლო ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრეს. არ არის გამორიცხული, რომ ფილიპეს გადმობირებაში დიდი წვლილი, მისმა თანამემამულემ და კარგმა მეგობარმა, ნეიმარმაც შეიტანოს.

კლოპი: “ყველას აქვს პრობლემები, “მანჩესტერ სიტის” გარდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც არანაირი დიდი პრობლემა არ გააჩნია, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტია”.

“მართალია, მიმდინარე სეზონში იღბალი ჩვენს მხარეს არ არის, მაგრამ ეს გამართლება ვერ იქნება. იღბალს ვერ მოითხოვ, ამისთვის მხოლოდ თავდაუზოგავი შრომაა საჭირო,” – აცხადებს კლოპი Sky Sports-თან საუბრისას.

გერმანელმა სპეციალისტმა პოჩეტინოს გუნდზეც ისაუბრა, რომელმაც “ლივერპულის” 4:1 დამარცხების შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი დათმო (“ვესტ ჰემთან” თასზე (2:3) და “მანჩესტერ იუნაიტედთან” ლიგაში (0:1).

“არ ვიცი, რამდენად ბევრს საუბრობს პოჩეტინო ამ თემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჰარი კეინის არყოფნის პერიოდში მათ ზედიზედ ორი მატჩი დათმეს. ისინი ბოლო ორი კვირის მანძილზე “ჰარი კეინის გუნდი” არ ყოფილან, მომავალში კი იქნებიან. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველას აქვს პრობლემები “მანჩესტერ სიტის” გარდა,” – აღნიშნა “კლოპომ”.

“ლივერპულის” ხელმძღვანელებმა 1,5-მილიარდიანი შეთავაზება მიიღეს

The National-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” ამერიკელმა მფლობელებმა კლუბის გაყიდვის სანაცვლოდ 1,5-მილიარდ ფუნტიანი შეთავაზება მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, Fenway Sports Group-მა მაშინვე უარყო აღნიშნული წინადადება, რომლის ავტორიც დუბაიში დაფუძნებული კომპანია გახლდათ. რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სატელევიზიო უფლებების გაყიდვის ხარჯზე ინგლისური კლუბების შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდაა.

უფრო კონკრეტულად, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, “ენფილდელები” 1,2 მილიარდ ფუნტს მაშინვე მიიღებდნენ, დარჩენილი 300 მილიონი კი ბონუსების სახით იქნებოდა გაწერილი. ეს თანხა კი გაცილებით უფრო მეტია, ამერიკული კომპანიის მიერ 2010 წელს “ლივერპულის” აქციების შესაძენად გადახდილ 300 მილიონს.

ბეგოვიჩი “ლივერპულის” დაცვაზე: “მგონი, საერთოდ არ იციან, რას ნიშნავს, იყო მცველი”

“ბორნმუთის” კარის დარაჯმა, ასმირ ბეგოვიჩმა “ლივერპულის” დაცვის ხაზზე საუბრისას ირონიას გვერდი ვერ აუარა და აღნიშნა, რომ მათ დაცვის ელემენტარული მეთოდების გამოყენებაც კი არ შეუძლიათ.

“მათ ელემენტარული რაღაცების გაკეთებაც კი არ შეუძლიათ დაცვის დროს. მგონი, საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს, იყო მცველი.

ამ პოზიციაზე თამაში ბევრ უნარს მოითხოვს: კომუნიკაციას, პოზიციის სწორად არჩევასა და რაც მთავარია, მოტივაციას. რაც როგორც წესი, “ლივერპულს” აკლია ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ორგანიზებულობისგან შორს არიან.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთთან ერთად “ლივერპულის” ფეხბურთელები მაინც კარგად მოქმედებენ, ფლანგის მცველებიც ხშირად ერთვებიან შეტევაში, თუმცა დაცვა მაინც გამოსასწორებელია,” – აცხადებს ბეგოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპული” ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს 13 ქულით.

“ბარსელონა” ზამთარში “ლივერპულისთვის” 80 მილიონის შეთავაზებას გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები “ლივერპულის” რიგებში მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, იანვარშიც შეეცდებიან.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” იანვრის თვეში 80-მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებენ “წითლების” ხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და კოუტინიოს ტრანსფერზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ ზაფხულშიც და “კამპ ნოუზე” გადასვლა თავად კოუტინიოსაც არანაკლებ უნდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 5 მატჩში გატანილი ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

“ტოტენჰემმა” “ლივერპული” გაანადგურა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩს “უემბლიმ” უმასპინძლა, სადაც ლონდონის “ტოტენჰემმა” იურგენ კლოპის “ლივერპულის” განადგურება შეძლო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მალევე გაიხსნა – მეოთხე წუთზე ჰარი კეინმა ტრიპიერი გადაცემა გოლად აქცია, მეთორმეტეზე კი სონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 24 წუთზე სალაჰმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა ტაიმის მიწურულს დელე ალიმ სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა. საბოლოო ანგარიში კი კეინმა, 54-ე წუთზე დააფიქსირა – 4:1.

მომდევნო ტურში “სპურსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” ეწვევა, “ლივერპული” კი პრემიერ ლიგაში ახლადგადმოსული “ჰადერსფილდის” დამარცხებას შეეცდება.


“ტოტენჰემი” – “ლივერპული”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

22 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონის “ტოტენჰემი” “უემბლიზე” მერსესაიდის “ლივერპულს” მიიღებს.

Goal.Com-ი აღნიშნული გუნდების სიმბოლურ შერეულ შემადგენლობას გვთავაზობს.

ლორისი, დევისი, ვერტონგენი, სანჩესი, გომესი, კოუნტინიო, ვინკსი, სისოკო, სალაჰი, კეინი, ერიკსენი.

 

ოქსლეიდ-ჩემბერლენი: “რაც დავიმსახურეთ, ყველაფერი მივიღეთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მარიბორის” წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა და მეტოქეს ანგარიშით, 7-0 გადაუარა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ესაუბრა.

“თამაში აქტიურად დავიწყეთ. ეს სწორი ტემპი იყო. მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით. პირველი ტაიმი შვენივრად ჩავატარეთ და ეს ტემპი მეორე ნახევარშიც შევინარჩუნეთ. რაც დავიმსახურეთ, ყველაფერი მივიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითქმის ყველა ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. შესანიშნავად ვითამშეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ვიმედოვნებ, სასურველ მიზნებს მივაღწევთ,” – აცხადებს ინგლისელი.

კარიკატურა: კლოპმა “მანჩესტერის” აგურის კედელი ვერ დაანგრია

პრემიერ ლიგის მერვე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” შეერკინა და მეტოქესთან უგოლო ფრე, 0-0 დაასრულა. მიუხედავად დარტყმებისა და ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობისა, იურგენ კლოპის ბიჭებმა გოლი ვერ გაიტანეს.

ომარ მომანი ამ ფაქტს ასე ეხმაურება

 

კლოპი: “მანჩესტერ იუნაიტედი” აქ ერთი ქულისთვის ჩამოვიდა და მიიღო კიდეც”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართული მატჩი (0-0) შეაფასა, რომელშიც “წითლებმა” მეტოქე აშკარად დაჯაბნეს.

“ლივერპულთან” ასე თამაში არ შეიძლება, მაგრამ ეს მათთვის უმნიშვნელოა. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ენფილდზე” ერთი ქულისთვის ჩამოვიდა და მიიღო კიდეც.

ძალიან კარგი პერფრომანსი იყო ჩვენი მხრიდან, ვიტყოდი, რომ სამ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ რამდენიმე სიტუაციაში უბრალოდ იღბალმა არ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია დე ხეას სეივებიც.

რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ინდივინდუალიზმის ხარჯზე ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშები არც ისე კარგად ჩავატარეთ, დღეს დიდებულად ვიბრძოლეთ.

ჩემი აზრით, მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, შეეძლო ლუკაკუსა და ლოვრენის ეპიზოდში წითელი ბარათიც ეჩვენებინა. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, სხვა შედეგს მოგვცემდა. ასეთ დროს გაცილებით მეტი კრეატიულობა გვმართებს,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

“ლივერპულმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტური მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო დაპირისპირებამ, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ჯახმა გახსნა, რომელმაც ჩვენდა სამწუხაროდ, გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

მართალია, რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მხარეებმა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს და მატცი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მომდევნო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჰადერსფილდს” ეწვევა, “ლივერპული” კი კიდევ ერთ დიდ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და “უემბლიზე” შეეცდება “ტოტენჰემთან” ურთიერთობის გარკვევას.


“ლივერპული”: სიმონ მინოლე; მორენო, ლოვრენი, მატიპი, გომესი; ემრე ჯანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; კოუტინიო (სტარიჯი 79′), ფირმინო, მუჰამედ სალაჰი (ჩემბერლინი 79′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, დარმიანი; ანდერ ერერა, მატიჩი; იანგი, მხითარიანი (ლინგარდი 67′), მარსიალი (რეშფორდი 65′); რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო