ლუჩანო სპალეტი:”მოდრიჩს “ინტერში” ძალიან უნდოდა, მაგრამ “რეალი” კვლავაც მის იმედზეა”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მადრიდის “რეალის” ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩზე საუბრისას აღიარებს, რომ მისი ტრანსფერის შანსები ძალიან დაბალია.

“არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ბედნიერებისთვის ისიც მყოფნის, რომ მოდრიჩის დონის ფეხბურთლს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია, ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა.

ის ფაქტი, რომ მოდრიჩს “ინტერის” მაისურით სურდა თამაში, სიამოვნებას მგვრის. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების დამატება ძალიან რთულია. კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

არა მგონია, მოდრიჩი გადმოვიდეს, რადგანაც “რეალში” კვლავ სურთ, რომ ასეთ ძლიერ ფეხბურთელს დაეყრდნონ. ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ მოდრიჩი დაგვემატება, წარმოუდგენლად რთული იქნება ჩვენი შეჩერება,” – აცხადებს სპალეტი.

აქვე იხილეთ: როგორ შეხვდნენ “რეალის” ფანები ლუკა მოდრიჩის დაბრუნებას

“რეალი” ლუკა მოდრიჩს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ გუნდის ხორვატი ლიდერის, ლუკა მოდრიჩის შესანარჩუნებლად.

როგორც ცნობილი ხდება, “ნერაძურიმ” ლუკა მოდრიჩთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა ჯერი მადრიდის “რეალზეა”. თუმცაღა, მადრიდელებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მოდრიჩს მხოლოდ 750 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში დათმობდნენ.

Sport Mediaset ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხორვატ ფეხბურთელს “რეალი” გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს, რაც 13 მილიონ ევროს უდრის.

თავის მხრივ, “ნერაძური” მოდრიჩს თანამემამულეებთან თამაშის შანსის გარდა 10 მილიონ ევროსა და კარიერის ჩინურ კლუბში დასრულების შესაძლებლობას სთავაზობს.

ლუკას ვასკესი: “მოდრიჩს თავში ვერ შევუძვრები, მაგრამ მჯერა, რომ დარჩება”

მართალია იტალიური ჟურნალ-გაზეთები ლუკა მოდრიჩს მილანურ “ინტერში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ლუკას ვასკესი დარწმუნებულია, რომ ხორვატი ნახევარმცველი კვლავ მადრიდულ გრანდში ითამაშებს.

“ამაზე არ ვდარდობ, მის დაბრუნებას ველით. მალე ლუკა ვარჯიშს განაახლებს და კვლავ გვექნება მისი ფეხბურთის ყურებით დატკბობის შანსი. დარწმუნებული ვარ, რომ მოდრიჩი დარჩება. მაგრამ ფეხბურთში დარწმუნებით რამის თქმა ძალიან რთულია.

მოდრიჩი “რეალის” ფეხბურთელია და მომავალშიც ასე იქნება, ამას ვგრძნობ. მოდრიჩს თავში ვერ შევუძვრები, თუმცა მჯერა, რომ ის “რეალში” დარჩება,” – აცხადებს მადრიდელთა ესპანელი გარემარბი.

მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.

ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.

შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

“ინტერი” ლუკა მოდრიჩის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური სერია ა მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს. ამჯერად არა “იუვენტუსი”, არამედ მილანური “ინტერი” ცდილობს “ბლანკოსის” ვარსკვლავის მოწყვეტას.

Sky Sport Italia-ს აგენტის, ჯანლუკა დი მარციოს, ცნობით, “ნერაძურიმ” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ესპანურ გრანდთან. მისივე ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩიც მზად არის მოუსმინოს იტალიურ მხარეს.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” ღირსებას მოდრიჩის სამი თანამემამულე ივან პერიშიჩი, მარცელო ბროზოვიჩი და შიმე ვრსალკო იცავენ. აქიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ მოდრიჩი კარიერის “სან სიროზე” გაგრძელებას გადაწყვეტს.

მოდრიჩთან ერთად, მილანელები არტურო ვიდალთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

ლუკა მოდრიჩმა ხუთი წლის გოგონას წერილს უპასუხა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ხუთი წლის გულშემატკივრისგან თბილი წერილი მიიღო, რაც უპასუხოდ ვერ დატოვა. წერილის ავტორი სელენა ბუნიაი გახლავთ, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.

“საყვარელო ლუკა, ამ წერილის წერაში ჩემი და მეხმარება, რადგანაც მე ჯერ პატარა ვარ და წერა არ ვიცი. მხოლოდ ხუთი წლის ვარ. როდის გვესტუმრები? მინდა პიკნიკზე დაგპატიჟო და შემდეგ ჩვენ გვეწვიო. ძალიან მიყვარხართ ყველანი, თუმცა შენ განსაკუთრებულად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ძალიან მიყვარს შენი თამაშის ყურება, მომწონს ბინძურად რომ არ თამაშობ, როგორც ბევრი სხვა. ყვავილს გაჩუქებ. ჩემს დას სუბა და ვრსალკო უყვარს, დედას – ვიდა. მე კი ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ. შენი სელენა” – ვკითხულობთ წერილში.

ლუკას საპასუხო წერილში კი ვკითხულობთ: “ძვირფასო სელენა, მივიღე შენი ლამაზი წერილი, რომელმაც ძალიან გამაბედნიერა. შენ ჩემსა და ნაკრების გამო ძალიან ღელავდი, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ შენნაირი კეთილი ფანებისთვის. სწორედ თქვენნაირი გულშემატკივრებისთვის ვიბრძვით ბოლომდე. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ, რომ თქვენ ჩვენს გვერდით ხართ! სუბამ და შიმემ შენს დას მოკითხვა შემოუთვალეს, ვიდამ – ედას. მე კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობები. შენი ლუკა მოდრიჩი.”

ლუკა მოდრიჩი: “ვფიქრობ, რონალდუ “რეალში” დარჩება”

მადრიდის “რეალის” ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა.

“არა მგონია, რონალდუმ “რეალი” დატოვოს. ძალიან გამიხარდება, თუ კვლავ ერთად ვითამაშებთ. ვფიქრობ, რომ დარჩება – რონალდუ სხვა კლუბში ვერ წარმომიდგენია,” – აცხადებს მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ.

როგორც იცით, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებასთან ყველაზე ახლოს ტურინის “იუვენტუსია”. პორტუგალიელი კლუბის დატოვებაზე მას შემდეგ ფიქრობს, რაც მადრიდული კლუბისგან ხელფასის გაზრდაზე უარი მიიღო.

მოდრიჩი: “მთელი დილა იმას ვსწავლობდი, როგორ გამეტანა შმეიხელისთვის პენალტი”

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიამ დანიას სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 116-ე წუთზე, მაშინ, როცა ანგარიში 1-1 იყო, ლუკა მოდრიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – მას კასპერ შმეიხელმა კუთხე გამოუცნო. ამის შემდეგ, მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა და ხორვატთა გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალისტი გუნდის კაპიტანმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ურთულესი მატჩი გამოვიდა. დიდი ბარიერის გადალახვა მოგვიწია, რომ მეტოქე დაგვემარცხებინა. ჩემთვის მტკივნეული იყო ტერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა, რადგან მთელი დილა იმას ვსწავლობდი, როგორ გამეტანა შმეიხელისთვის პენალტი,” – ამბობს მოდრიჩი.

 

ხორვატია – დანია: საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ხორვატია დანიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით, 1-1 დასრულდა. დამატებით ტაიმებშიც ანგარიში არ შეცვლილა. ხოლო, თერთმეტმეტრიანების სერიაში ხორვატიამ იმარჯვა და მეოთხედფინალში რუსეთს დაუპირისპრიდება.

მიუხედავად ხორვატების წარმატებისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დანიელთა მეკარე, კასპერ შმეიხელი დასახელდა. მან დასამახსოვრებელი ასპარეზობის შემდეგ, 116-ე წუთზე ლუკა მოდრიჩს თერთმეტმეტრიანი აუღო. ხოლო, პენალტების სერიაში შმეიხელმა პივარიჩისა და ბადელის დარტყმების მოგერიება შეძლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩდნა.

 

“არსენალი” სერიოზულად არის დაინტერესებული მოდრიჩის ტრანსფერით

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის გადაბირებით სერიოზულად არიან დაინტერესებულები ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები. “მეთოფეები” მზად არიან ამ ტრანსფერში 60 მილიონი გადაიხადონ.

Don Balon-ის ცნობით, მადრიდელთა ერთ-ერთ ლიდერს ზაფხულში პრემიერ ლიგაში დაბრუნება აქვს განზრახული და მის მიმართ ინტერესს ყოფილი კლუბი, ლონდონის “ტოტენჰემიც” იჩენს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის სახელი “ლივერპულსა” და “იუვენტუსსაც” დაუკავშირეს. ასე რომ, მადრიდის დატოვების შემთხვევაში, 32 წლის ხორვატ ფეხბურთელს ძალიან რთული არჩევნის გაკეთება მოუწევს.

მოდრიჩი “რეალში” 2012 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ ნაწილად იქცა.

მოდრიჩი: “რეალი” ყოველთვის უფრო ძლიერი ბრუნდება”

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი, აღიარებს კლუბში კრიზისში არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის ძალებში ბოლომდეა დარწმუნებული.

“რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში ისეთ შედეგებს არ ვაჩვენებთ, როგორსაც ველოდით, მაგრამ ეს ფეხბურთია. გასულ სეზონში ყველაფერი კარგად მიდიოდა და თამაშებს დამატებით დროშიც ვიგებდით.

ვერ ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენი თამაშის ხარისხი ცუდია, უბრალოდ ეს საკმარისი აღარ არის. არ უარვყოფ, რომ დროებითი კრიზისია კლუბში, მაგრამ ამას გადავლახავთ და სეზონსაც წარმატებულად დავასრულებთ.

ჩვენ “რეალს” წარმოვადგენთ, ეს კლუბი კი ყოველთვის უფრო ძლიერი ბრუნდება,” – აცხადებს მოდრიჩი.

პროსინეჩკი: “მოდრიჩი ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”

რობერტ პროსინეჩკი წლების მანძლზე გამოდიოდა მადრიდის “რეალში”.  ხორვატი ფეხბურთელი 1991-1994 წლებში თამაშობდა მადრიდულ გუნდში.

რობერტმა თავის თანამემამულეზე, ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.

“არ არსებობს იმის თქმის საბაბი, რომ მოდრიჩი ყველა დროის საუკეთესო ხორვატი მოთამაშის ჯილდოს არ იმსახურებს. მას ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტული აქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სამივე სეზონში ის “რეალის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მეტიც, სამივე შემთხვევაში ის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში შევიდა. ტიტულებიც კი რომ დავივიწყოთ, ის სტილი, რითაც ის თამაშობს და როლი, რომელიც მას თავის გუნდში აქვს, ჩემს ნათქვამს დაამტკიცებს,” – აცხადებს 48 წლის ვეტერანი.