ხვალ “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 30-ე ტურში “ლას პალმასს” ესტუმრება. საგულისხმოა, რომ ზინედინ ზიდანმა განაცხადში, ტრავმების გამო, ორი მოთამაშე ვერ შეიყვანა. პირველი მათგანი სერხიო რამოსია, რომელმაც არგენტინასთან დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება. რაც შეეხება ისკოს, მანაც სამხრეთამერიკელებთან ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, იგრძნო დისკომფორტი.
გარდა ესპანელებისა, “რეალს” კრიშტიანუ რონალდუ, მარსელო და ტონი კროოსი დააკლდებიან. “ზიზუმ” გადაწყვიტა, ბიჭები დაასვენოს. ეს რომ “იუვენტუსთან” გასამართი მატჩისთვის ხდება, გასაგებია. ხოლო, დანი კარვახალს დისკვალიფიკაცია აქვს და ისიც ვერ გაჰყვება გუნდს.