მასიმილიანო ალეგრიმ „მილანი“ გააკრიტიკა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდის გაკრიტიკებას არ მოერიდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. „როსონერიმ“ ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის უკანასკნელ წუთზე მოახერხა.

„მილანი“ ვერ ვიცანი. „ტორინომ“ სრულად გვაჯობა, მეტოქე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ტურინელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, ძალიან გავიხსენით და მათაც კონტრშეტევების წამოწყების საშუალება მიეცათ. კარგად ითამაშეს მათმა თავდამსხმელებმა – ჩერჩიმ და იმობილემ, რომელთაც თავიანთი ტექნიკა და სისწრაფე გამოავლინეს. მადლობა ღმერთს, მატჩის ფრედ დასრულება მოვახერხეთ.
რობინიო ბალოტელისთან შეთამაშებული არ არის. კაკა თავისი იდეალური ფორმისგან შორს არის. გუნდის სათამაშო სისტემაში რაღაც უნდა შევცვალო. დრო მჭირდება, რათა ჩვენს თამაშში ბალანსი დავაბრუნო. ვერც დაცვაში ვთამაშობთ საიმედოდ. ეს მთელ გუნდს ეხება, რომელიც დაცვით ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს. რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ ბალანსი, რადგან ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გლაზგოს „სელტიკს“ ვეთამაშებით“, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს იტალიური პრესა.

ბექა დოგრაშვილი