2022 წლის მუნდიალი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ამ ინფორმაციას გამოცემა Sports Illustrated-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში ფიფა ყატარს მუნდიალის შემოდგომა-ზამთრის კვეთაზე ჩატარების რეკომენდაციას მისცემს, უკვე მარტის თვეში კი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

ამრიგად, მუნდიალის გამო ევროპულ ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად სწორედ ნოემბერ-დეკემბერი დაასახელა.

 

The Sunday Times: ყატარმა მუნდიალის მასპინძლობა 5 მილიონ ევროდ იყიდა

„სანდი თაიმსის“ ცნობით, ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონ ევროდ იყიდა. ბრიტანული გაზეთის თანახმად, სწორედ ამ თანხად მოისყიდეს ყატარელებმა ის ოფიციალური პირები, რომლებიც მუნდიალის ჩატარების ადგილს წყვეტენ.

ყველა ოპერაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოჰამედ ბინ ჰამამის მეშვეობით განხორციელდა. ის აქტიურად უჭერდა მხარს ყატარის განაცხადს და „სანდი თაიმსის“ ცნობით, ქრთამის მიცემით სხვა ოფიციალური პირების გადაბირებაც შეძლო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა შეცდომა იყო.

ბექა დოგრაშვილი

ევროპარლამენტარები ფიფას: „თქვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარება არ არის“

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. პარლამენტართა თქმით, მუშათა მაღალმა სიკვდილიანობამ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად ჩაშალოს.

დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ სამუშაო საათების ხანგრძლივობისა და მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. პარლამენტარები აცხადებენ, რომ ყატარელმა დამსაქმებლებმა მიგრანტ მუშებს პასპორტები ჩამოართვეს, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ მუშაობენ და მათ გადავსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას აიძულებენ.

„აუცილებელია, ფიფას შევახსენოთ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება. ფიფას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ყატარს მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, რათა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში მონური შრომა არ დავუშვათ“, – აღნიშნულია დეპუტატთა განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ტენდერებში გამარჯვებულ ევროპულ კომპანიებსაც მოუწოდებენ, რომ ყატარში სპორტული ნაგებობების მშენებლობის პროცესი შრომითი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

ევროპარლამენტართა მიმართვას ფიფა უკვე გამოეხმაურა საგანგებო განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მიესალმება რეზოლუციას და პოლიტიკური ლიდერებისგან ამ საკითხის გადასაჭრელად მხარდაჭერას ითხოვს.

ბექა დოგრაშვილი