16-წლამდელმა გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიგო!

პირველად ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, უეფას განვითარების ტურნირი 16-წლამდე გოგონათა შორის, ჩვენი ნაკრების უპირობო გამარჯვებით დასრულდა. სამივე თამაში ქართველმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლევან ბაჯელიძის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ნათია წოწერიას ანგარიშზეა. საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო და გათამაშება 9 ქულით დაასრულა.

საქართველო – ბელარუსი 1:0

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, რაუხი, აკობიძე, ცაავა, დანელია, ბებია, მწყერაშვილი, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გურიელიძე, ეჯიბია, გოცირიძე, ხუნაშვილი, გოროზია, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოლი: 1:0 წოწერია

Gff.Ge

პოლონეთის თასზე “კორონამ” “არკა” 2:1 დაამარცხა: სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს

პოლონეთის თასის ნახევარფინალის მატჩი ერთმანეთს კიელცეს “კორონა” და გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა. საგულისხმოა, რომ სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს.

“კორონას” შემადგენლობაში იმყოფებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც დუბლი შეასრულა: მან მე-14 და 69-ე წუთებზე აიღო გდინიელების კარი. ხოლო, “არკადან” ერთი ბურთი ასევე ქართველმა შემტევმა, ლუკა ზარანდიამ 81-ე წუთზე გაქვითა.

გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს უკვე ბალტიის ზღვისპირა ქალაქ, გდინიაში გაიმართება.

ჩაკვეტაძე: “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” ლიტვას დაუპირისპირდა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით, 4-0 მოიგო. გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის დებიუტანტი, გიორგი ჩაკვეტაძე ესაუბრა. გეტყვით, რომ 18 წლის სპორტსმენმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

“პირველი ტაიმი ჩვენ მიგყვავდა. მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეორე ტაიმთან შედარებით, აქ უფრო კარგად ვითამაშეთ. შემდეგ ნახევარში ცოტა მოვდუნდით: 4-0-ს რომ იგებ, აღარ ფიქრობ გოლის გატანაზე და უფრო ბურთის დაჭერაზე ამახვილებ ყურადღებას. ჩემს გოლზე და, ზოგადად, დებიუტზე იმას ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. მადლობა, გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის,” – აცხადებს ჩაკვეტაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლიტვა გაანადგურა!

დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და იგი გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. მეათე წუთზე ყაზაიშვილმა ახლოდან დაურტყა მეტოქეს, რომელიც მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ, პაპუნაშვილმა დაამატა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა. თუმცა, მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, პაპუნაშვილმა მიზანს მიაღწა – საჯარიმოში მდგომმა მე-19 ნომერმა მარტივად შეუგდო. 23-ე წუთზე მარჯვენა ფლაგნიდან კაკაბძემ ჩააწოდა ბურთი, ქვილითაიამ თავით დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი მეტოქეს თავზე მოხვდა და ამ რიკოშეტით გავიდა კარში – 2-0. 31-ე წუთზე მარჯვენა მცველმა ისევ ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა ქვილითაია ამ შემთხვევაში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. ის ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა.

მე-40 წუთზე მაყურებელმა 18 წლი გიორგი ჩაკვეტაძის მასტერკლასი იხილა: დებიუტანტმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე ეფექტურად მოატყუა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა!

მეორე ნახევარში ქართველები ცოტა მოდუნდნენ, თუმცა მომენტები მაინც შექმნეს. მათ შორის იყო პაპუნაშვილი-კაკაბაძის კომბინაცია, რის შემდეგაც  ამ უკანასკნელმა დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ასევე, გასახსენებელია 78-ეზე არაბულის დარტყმა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით, 4-0 იმარჯვა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას იმავე მოედანზე, სამშაბათს, 19:00 საათზე გამართავს. დასწრება თავისუფალია!

საქართველოლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია (დვალი, 62 წთ.), კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი, 62 წთ.), გვილია, ანანიძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69 წთ.), ყაზაიშვილი, ქვილითაია (არაბული, 73 წთ.).

ლიტვა: სეტკუსი, კილმავიციუსი, ზულპა, სერნასი, ნოვიკოვასი, გირდვაინისი, ვერბიცკასი, სლავიცკასი, ბოროვსკი, ვალსკისი, ცერნიჩი.

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 34 წლის ნახევარმცველმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელს, რომლის ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია, მისი გამოძახება შეეძლება.

საგულისხმოა, რომ ტურემ 2016 წელს დატოვა ნაკრები. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა. მას უნდა, თავისი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

U17: საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

19 ნოემბერს, საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა და აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე უმვისა ალიევამ გაიტანა.

გუნდებს შორის 17 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

U17 | საქართველო ქ – აზერბაიჯანი ქ 0:1

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო ქ: გაბელაია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, მინაძე, დანელია, ეჯიბია (30’ გოცირიძე), ბებია, წულაია (39’ ბოლქვაძე), წოწერია (60’ ხარბედია), მწყერაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, ცაავა, აკობიძე, მჟავია, გურიელიძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

აზერბაიჯანი ქ: ალიევა, გოზალოვა, გურბანოვა, მირზალიევა, ნიფტალიევა (74’ ალიევა), ერსოი (44’ აჰმადუ), აბდულრაჰმანოვა, ალიევა, რაჰიმოვა, აბულაშვილი (70’ მაჰმადოვა), ნემატოვა

სათადარიგო შემადგენლობა: ასკარზადე, ელდაროვა, ალიზადა, მურადოვა, საფარალიევა

მთავარი მწვრთნელი: სიასატ ასგაროვი

მსაჯები: გიორგი ვარდიძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ხათუნა მაისურაძე

გოლები: 0:1 ალიევა (12)

Gff.Ge

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

ბუფონი: “ვტოვებ იტალიის ნაკრებს, ვეხუტები ჩემს ხალხს!”

დღეს იტალიის ეროვნული ნაკრები პლეი-ოფში, ორი შევხედრის ჯამში შვედეთთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა და მან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს აღელვებული ჯანლუიჯი ბუფონი ესაუბრა.

“ჩემს თავზე არ ვღელავ. განვიცდი ამ ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ, იტალიური ფეხბურთის და იტალიელი ხალხის გამო! იმ ეტაპზე დავმარცხდით, სადაც წარუმატებლობა ჩვენიანებისთვის რთული მისაღებია. ძალიან ვნანობთ ასეთ დასასრულს.”

“ყველა, ვინც დღეს იტალიის ფორმას ატარებდა, იცოდა, როგორი რთულია ასეთი მატჩები. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. ვერ გამოვავლინეთ საკმარისი კრეატივიზმი, რათა სათანადო მომენტი შეგვქემნა და გოლი გაგვეტანა. პლეი-ოფების ბედი ეპიზოდებით წყდება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო.”

“მე ძალიან ამაყი და თან დამწუხრებული ვარ. ვტოვებ იტალიის ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდმა იცის, როგორ გააგრძელოს სამომავლო ცხოვრება. ვეხუტები ჩემს ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი სანაკრებო კარიერის თანამონაწილე იყო,” – აცხადებს ლეგენდა.

 

ასენსიო: “ნორმალურია, რომ ჯერ ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” ლიდერი არ ვარ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარკო ასენსიო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად ემზადება.

21 წლის მოთამაშემ Marca-სთან ისაუბრა.

“ყველაფრისთვის მზად ვარ. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და ნორმალურია, რომ გუნდისა და ნაკრების ლიდერობა მე არ მაწევს კისერზე. ორივეგან ჩემზე გაცილებით გამოციდლი ფეხბურთელები არიან, რომლებიც აღნიშნულ როლს თავად ასრულებენ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ – ვვითარდები.”

“ზიდანი მშვიდია, ლოპეტეგი კი მის ხასიათს მუდამ გაჩვენებს, თუმცა ორივე მათგანი უმაღლესი დონის სპეციალისტია. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და რა სურთ. ისინი მენდობიან და სწორედ ესაა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. მათი დამოკიდებულების გამო, მოედანზე მშვიდად ვარ,” – აცხადებს ასენსიო.

“შტურმმა” და “რაპიდმა” ფრე გააგორეს – ქვილითაია ძირითადშია

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. გრაცში, ადგილობრივი “შტურმი” ვენის “რაპიდს” მასპინძლობდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ, 0-0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ვენელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია. მან 73 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელი ჟოელინტონით შეცვალა.

ამ ფრის შემდეგ გიორგის გუნდი 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

გიორგი მერებაშვილმა “ვისლასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა პლოცკის “ვილსასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ პოლონელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. ახალი ხელშეკრულების თანახმად “მერება” კლუბში 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის სხვა დეტალები არაა საჯარო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 31 წლის მოთამაშე 2016 წლის 12 ივნისს ბერძნული “ლევიადიაკოსიდან” შეუერთდა “ვისლას”. მანამდე კი ის ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიცაა თბილისის “დინამო”, “ვოივოდინა ნოვი სად”, კრეტას “ოფი”, “ვერია”.

გეტყვით, რომ ამ სეზონში მერებაშვილმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

U19: საქართველომ ალბანეთს სძლია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ალბანეთთან და 1:0 დაამარცხა მეტოქე.

გიორგი ყიფიანის გუნდი მეორე ტაიმში დაწინაურდა. 50-ე წუთზე ლევან ხარაბაძის დარტყმული ალბანელ ფეხბურთელს მოხვდა და კარში შევარდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. ბოლო წუთებზე კი ალბანელებს უხეშობისთვის კაციც გაუძევეს.

გიორგი ყიფიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: კერესელიძე, ტაბატაძე, ასათიანი, ფურცელაძე, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, კუხიანიძე, ერგემლიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ნინუა, ოზბეთელაშვილი, ა. ნინუა, მალი, თოლორდავა, ქავთარაძე.

 

Gff.Ge