„ლივერპული“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩ სიტიმ“ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი  „ლივერპული“ მიიღო. ბრენდან როჯერსის გუნდმა დღეს მიჯრით მე-11 გამარჯვება ჩაიწერა.

„წითლებმა“ ანგარიში მე-4 წუთზე, რაჰიმ სტერლინგის შორეული ძლიერი დარტყმით გახსნეს. უკვე მე-11 წუთზე მერსისაიდელები ანგარიშით 2:0 იგებდნენ, გოლი სტერლინგის მახვილგონივრული პასით ლუის სუარესმა გაიტანა. საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ სტერლინგი დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო იყო. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მეკარე სიმონ მინიოლეს შეცდომის შემდეგ გარი ჰუპერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 62-ე წუთზე სტერლინგმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. 77-ე წუთზე მასპინძელთა შოტლანდიელმა ნახევარმცველმა რობერტ სნოდგრასმა შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:3.

ამრიგად, „ლივერპულმა“ ლიდერობა გაიმყარა და სანატრელ ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მერსისაიდულმა გუნდმა მადევარ „ჩელსისთან“ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. „ლივერპულსა“ და ჟოზე მოურინიოს გუნდს შორის მატჩი 27 აპრილს, „ენფილდზე“ შედგება.

ინგლისის პრემიერლიგა
35-ე ტური
„ნორვიჩ სიტი“ — „ლივერპული“ 2:3 (0:2)
გოლები: ჰუპერი 54′, სნოდგრასი 77′ — სტერლინგი 4′, 62′, სუარესი 11′.
გაფრთხილებები: სნოდგრასი 29′, თარნერი 45′, ჰაუსონი 72′ — შკრტელი 65′, ფლანაგანი 79′.
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.

ბექა დოგრაშვილი

იაია ტურეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნორვიჩ სიტისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართულ მატჩში (0:0) მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.

შემთხვევის მთავარი გმირი „ქალაქელთა“ კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე გახლავთ. „სქაი სპორტსის“ ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში მან „ნორვიჩის“ თავდამსხმელ რიკი ვან ვოლფსვინკელს დაარტყა. ამ უკანასკნელმა მთავარი არბიტრისგან შესაბამისი რეაქცია მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ჯონ მოსმა მომენტი ყურადრების გარეშე დატოვა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს.

თუ დადასტურდება, რომ ტურემ ნამდვილად დაარტყა ოპონენტს, მაშინ მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბექა დოგრაშვილი

სუარესმა „ნორვიჩი“ არ დაინდო

ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში „ლივერპულსა“ და „ნორვიჩ სიტის“ შორის გამართული მატჩი ლუის სუარესის ნამდვილ ბენეფისად იქცა. მერსისაიდული გუნდის ურუგვაელმა თავდამსხმელმა პოკერი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. „ლივერპულმა“ მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

სუარესმა ანაგრიში მე-15 წუთზე გახსნა, როცა „ნორვიჩის“ მეკარე კარიდან გამოსული შენიშნა და შორი მანძილიდან დარტყმით გაიტანა. 29-ე წუთზე იმავე სუარესმა „წითლების“ უპირატესობა გაზარდა, ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა. 35-ე წუთზე სუარესმა მესამე გოლი გაიტანა: შეტევაზე მყოფმა ურუგვაელმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველს თავზე ლამაზად გადაატარა ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მეკარესგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა. მომდევნო გოლის ხილვამდე გულშემატკივრებს საკამო ლოდინი მოუწიათ. სუარესმა პოკერი შეხვედრის 74-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით შეასრულა. 83-ე წუთზე ბრედლი ჯონსონსმა ერთი ბურთი კი გაქვითა, თუმცა მატჩს წერტილი მაინც სქაუზერებმა დაუსვეს: სუარესის გადაცემა ახალგაზრდა რაჰიმ სტერლინგმა შეირგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

„ლივერპულმა“ 27 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „ნორვიჩს“, „იადონებს“ 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიცია აქვთ დაკავებული.

ინგლისის პრემიერლიგა
XIV ტური
„ლივერპული“-„ნორვიჩ სიტი“ 5:1
გოლები: სუარესი 15′, 29′, 35′, 74′, სტერლინგი 88′ – ბ. ჯონსონი 83′.
გაფრთხილებები: ალენი 34′, ჯერარდი 43′, ფლანაგანი 69′ – ჯონსონი 20′.

ბექა დოგრაშვილი