თორნიკე ოქრიაშვილი რობი კინის წინააღმდეგ

7 სექტემბერს, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ქართველების მხრიდან გამორჩეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის კაპიტანი რობი კინი მშვენიერი ფინტით მოატყუა.

ბელგიაში თორნიკე ოქრიაშვილი დააკავეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი შაბათს ბელგიის პოლიციამ დააკავა. როგორც ბელგიური ჟურნალი “სპორტი” იტყობინება, “გენკის” ფეხბურთელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც ირკვევა, ინციდენტი 16 აგვისტოს, “კორტრეიკსა” და “გენკს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოხდა.

ჟურნალის ცნობით, “გენკის” ფეხბურთელები ავტობუსით ლიმბურგში ბრუნდებოდნენ, მგზავრობისას კი რამდენიმე მათგანმა ალკოჰოლური სასმელი დალია. შინ მისვლის შემდეგ, ოქრიაშვილმა საცხოვრებელი ტერიტორია დატოვა და მანქანის მართვა დაიწყო.

დიდი ალბათობით, ოქრიაშვილი კლუბმა უკვე დააჯარიმა, სხვა სანქციების შესახებ კი ცნობილი ჯერ არ არის.

ოქრიაშვილი: “გულშემატკივრებმა თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეს”

ბელგიური “გენკის” მოთამაშემ თორნიკე ოქრიაშვილმა “სერკლ ბრიუგესთან” გამართული შეხვედრის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს კომენტარი გაუკეთა.

“კლუბსა და მწვრთნელს ნდობისათვის მადლობას ვუხდი. ჩემი თამაშით მოხარული ვარ. ვფიქრობ, უპირატესობა ჩვენ გვქონდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მომდევნო დღეებში აუცილებლად მოვუმატებთ და სხვა მატჩებს უკეთესად ჩავატარებთ. ილომბე მბოიო ძალიან კარგი ფეხბურთელია”, – ამბობს ოქრიაშვილი.

საქართველოს ნაკრების შემტევი 89-ე წუთზე შეცვალეს. როგორც თავად ამბობს, მისი მოედნიდან გასვლა მცირე ტრავმამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ როდესაც ოქრიაშვილი სათადარიგოთა სკამისკენ მიდიოდა, “გენკის” გულშემატკივრებმა ის ტაშით გააცილეს.

“დაღლა ნამდვილად არ მიგვრძნია. მცირე ტკივილი მაწუხებდა და ამიტომ მოძრაობა მიჭირდა, მწვრთნელმა კი შემცვალა.

გულშემატკივრები ტაშს მიკრავდნენ და ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ამან ძალიან გამახარა და თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ძალიან მინდა, ისინი მალე გავახარო”, – დაასრულა 22 წლის ფეხბურთელმა.

ოქრიაშვილის დებიუტი გენკში

თორნიკე ოქრიაშვილმა “გენკის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. სადებიუტი შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში “სერკლ ბრიუგეს” წინააღმდეგ იასპარეზა.

ოქრიაშვილმა შეხვედრაში 89 წუთი ითამაშა და ადგილობრივი მედიისგან მაღალი შეფასება მიიღო. თორნიკე დადებითად “გენკის” გულშემატკივრებმაც შეაფასეს.

“გენკისა” და “სერკლ ბრიუგეს” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. “გენკის” მეორე ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა.

ოქრიაშვილი: “მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე”

როგორც იცით, 29 მაისს საქართველოს ნაკრებმა საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრაში პირველი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ხოლო მეორედ საუდის არაბეთის კარი ვლადიმერ დვალიშვილმა აიღო, რომელსაც საგოლე გადაცემა პირველი გოლის ავტორმა გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ის მოპოვებული გამარჯვებით გახარებულია.

“მიხარია,რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. რთული სეზონის მიუხედავად ყველას მიზანია, რომ ეროვნულ გუნდში წარმატებით ითამაშოს. საუდის არაბეთთან იოლი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ეს ჩემი მეორე სანაკრებო გოლი იყო,დარწმუნებული ვარ ამხანაგური თამაშები დაგვეხმარება,რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს,ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. დიდი მოლოდინი მაქვს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპისადმი”, – ამბობს თორნიკე.

GFF.GE

ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცს” “დნიპროსთან” მოაგებინა

20 აპრილს, უკრაინის პრემიერ ლიგაში თორნიკე ოქრიაშვილის “ჩერნომორეცმა” საკუთარ მოედანზე ჯაბა კანკავას “დნიპრო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე, მასპინძელთა გუნდის ქართველმა თავდამსხმელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

კანკავა და ოქრიაშვილი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში იყვნენ. ოქრიაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კანკავა 34-ე წუთზე.

ოქრიაშვილმა “ჩერნომორეცში” სადებიუტო გოლი გაიტანა

30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “ილიჩევეცმა” საკუთარ მოედანზე “ჩერნომორეცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. 22 წლის შემტევმა ყოფილი გუნდი 87-ე წუთზე დაამწუხრა, ეს გოლი კი მისთვის “ჩერნომორეცის” რიგებში სადებიუტო იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა “ჩერნომორეცის” მთავარ მწვრთნელ რომან გრიგორჩუკს ოქრიაშვილის შესახებ ჰკითხეს, მან კი თქვა: “ოქრიაშვილმა გოლის გატანა მოახერხა. როცა თავდამსხმელს გოლი გააქვს, ეს ნამდვილად კარგია.”

ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” გადავიდა, სადაც 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს – ეს ინფორმაცია ახალგაზრდა შემტევმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

“ჩემი ბავშვობი ნომერი დამიბრუნდა – 7”, – წერს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მოთამაშე 2011 წლიდან დონეცკის “შახტარის” კუთვნილებაა. თორნიკე გასულ სეზონებში “ილიჩევეცში” იჯარით ირიცხებოდა.

ცნობისთვის, ოქრიაშვილმა თავის გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

ოქრიაშვილმა დებიუტი გოლით აღნიშნა

თორნიკე ოქრიაშვილა “ჩერნომორეცის” რიგებში სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა. ანთალიაში, ალბანურ “კუკესისთან” გამართული მატჩი ოდესელებმა 4-1 მოიგეს.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 65-ე წუთზე შევდა და გოლი 77-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარის” საკუთრებაშია და “ჩერნომორეცში” იჯარის წესით მარიუპოლის “ილიჩივეციდან” გადავიდა.

ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” გადავიდა

საქართველოს ნაკრებისა ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაშია კარიერას იჯარის წესით ოდესის „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი ორი სეზონის განმავლობაში მარიუპოლის „ილიჩივეცის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 60 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. ყოფილი კლუბიდან ოქრიაშვილი მწვრთნელთან უთანხმოების გამო წამოვიდა.

ოდესის „ჩერნომორეცი“ შეკრებაზე ანტალიაში იმყოფება. ოქრიაშვილი გუნდს თურქეთში შუერთდება.

ბესო ჩიხრაძე: “ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას “შახტარში” გაივლის”

საფეხბურთო კლუბ “გაგრას” პრეზიდენტი, ბესო ჩიხრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ოქრიაშვილი ზამთრის შეკრებას დონეცკის “შახტარში” გაივლის.

“ოქრიაშვილი ახალბედა ფეხბურთელია, ამავე დროს ფანტასტიურად ნიჭიერი. მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ხმებს ყოველთვის გაიგებთ, მის იმართ ინტერესს მუდამ იჩენენ რუსული და ესპანური კლუბები. მაგრამ ახლა მისთვის უმთავრესი „შახტარში“ მოხვედრაა. მას კარგად ესმის თუ რამდენად დიდი კონკურენციაა გუნდში, მაგრამ საბრძოლველად მზადაა. თორნიკე ზამთრის შეკრებას “შახტარში” გაივლის, მას დონეცკელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს”, – ციტირებს ჩიხრაძის სიტყვებს “გაგრას” ოფიციალური ვებ-გვერდი FCGagra.GE.

*FCGagra.GE-ს ფოტო

ოქრიაშვილი და თარგამაძე “ილიჩივეციდან” მიდიან

მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელი, ნიკოლაი პავლოვი აცხადებს, რომ გუნდის ქართველი ლეგიონერები, თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე კლუბის ღირსებას აღარ დაიცავენ.

“ოქრიაშვილი და თარგამაძე ჩვენს გუნდს დატოვებენ. ისინი ამბობენ, რომ “ილიჩივეცზე” უკეთესს გუნდში თამაშს იმსახურებენ, ამიტომ ვაძლევ საშუალებას, თავიანთი ძალები სხვაგან მოსინჯონ”, – უთხრა პავლომა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე და ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარის” კუთვნილებაა. ორივე მოთამაშე მარიუპოლურ კლუბში იჯარით იმყოფებოდა.

დიტო ჭიჭინაძე