2014 წლის 15 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. თურქულ შეკრებაზე ჩასატარებელ ბოლოსწინა, რიგით მეხუთე სპარინგ-შეხვედრაში მარგველთა მეტოქე დანიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელი ”ორჰუსი” გახლავთ.
ბელეკში დილიდან გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოიდარე და დანიურ-ქართული რანდევუ დათქმულ დროს (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყო … ქართველთაგან ორჰუსელთა სასტარტო შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ და დავით დევდარიანმა იასპარეზეს, რაც შეეხება მათე ვაწაძეს, ის დღევანდელ მატჩს რამდენიმე დღის წინ მიღებული მუხლის ტრავმის გამო ტოვებდა.
მარგველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: მეშველიანი, ღონღაძე (თორ. გრიგალაშვილი, 72), თედ. გრიგალაშვილი (ენდელაძე, 85), ფერეირა, გურული, შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 10), კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 78), გეწაძე (სარდალიშვილი, 81), დოლიძე (ფანცულაია, 72), საბანაძე (კაპანაძე, 60), ტატანაშვილი.
თანაბარ ბრძოლაში წარმართული დღევანდელი მატჩის სადებიუტო ნაწილის შემდეგ, თანდათანობით თამაშის სადავეები ზესტაფონელებმა იგდეს ხელთ და ოპონენტთა კართან შექმნილი სახიფათო მომენტების განიავებას შეუდგნენ. ერთმანეთის მიყოლებით გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ ნიკა საბანაძე, დიმიტრი ტატანაშვილი და გრიგოლ დოლიძე, თუმცა დანიელები ხიფათისაგან ხან მეკარემ იხსნა, ხანაც ცარიელი კარიდან ბურთი “ორჰუსის” მცველებმა გამოიტანეს. შედეგად, 41-ე წუთზე ქართველები დაისაჯნენ კიდეც – ჩვენს კართან ჩამოწოდებული კუთხური კურიოზული გოლით დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იმერლებმა ისევ შეუტიეს ორჰუსელთა კარს და 53-ე წუთზე … მეორე გოლი გაუშვეს – დანიელთა სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დავით დევდარიანმა დააგვირგვინა. ამის შემდეგ თამაშმა მთლიანად ჩრდილოელთა მოედნის ნახევარზე გადაინაცვლა, ზესტაფონელები მეტოქის კარს გამუდმებით უტევდნენ და სახიფათო მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ – ჯერ თეიმურაზ ღონღაძის დარტყმული ოდნავ ასცდა კარს, მალევე გიორგი კუხიანიძემ ააცილა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან, შემდეგ თორნიკე კაპანაძის დარტყმული ხელზე მოხვდა დანიელთა მცველს (მსაჯის სასტვენი ამ ეპიზოდში რატომღაც დუმდა), მერე არაზუსტი ისევ კაპანაძის ახლოდან დარტყმული გამოდგა.
ნავსი იმერლებმა 81-ე წუთზე გატეხეს – დანიელთა საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გოლად აუღებელი დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ აქცია. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ორჰუსელები სწრაფი კონტრაქციების იმედად იყვნენ და რამდენიმე იერიში გამოუვიდათ კიდეც – რომ არა კახა მეშველიანის კარგი თამაში, მატჩის დამთავრებამდე ხუთიოდე წუთით ადრე დანიელები მესამე გოლს გაიტანდნენ. მატჩის დასკვნითი წუთები იმერლებმა შეტევებში გაატარეს – “ზესტაფონს” თამაშის გადარჩენის რამდენიმე შანსიც მიეცა, თუმცა დანიელებს ანგარიშის შენარჩუნებაში გოლკიპერისა და დაცვის ხაზის ფეხბურთელთა თავგანწირულმა თამაშმა უშველა – 1-2.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური