ევრა: „არამგონია, რასიზმის დამარცხება შევძლოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის პატრის ევრას აზრით, ფეხბურთში რასიზმის დამარცხება შეუძლებელია.

„რასიზმის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. მაგრამ ახლა, როგორც თქვა იაია ტურემ, უეფას რაღაცის გაკეთება მოუწევს. ამ თემაზე საუბარი ყოველწლიურად არის. ბევრი ადამიანი იმდენად გაუნათლებელია, რომ შავკანიანი მოთამაშეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებს“, – აცხადებს ევრა.

„მე ადამიანი ვარ და ჩემი კანის ფერს მნიშნელობა არ აქვს. ძალიან ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს. არ ვიცი, თუ რას აპირებს თვითონ იაია. ყველას თავის აზრი გაგვაჩნია, თუმცა, მსურს, დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მიუხედავად ამისა, არამგონია, რასიზმის დამარცხება ვინმემ შეძლოს“ , – დაასრულა „წითელი ეშმაკების“ მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“მონაკოს” ევრას დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან ლიგა 1-ში აღმოჩნდეს.

მოგეხსენებათ, მომდევნო ზაფხულს პატრის ევრას კონტრაქტს “წითელ ეშმაკებთან” ვადა გასდის. მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ, ამიტომაც, მედიამ 32 წლის მოთამაშის სავარაუდო მომავლის განხილვა დაიწყო.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის შეძენით მისი ყოფილი გუნდი, მდიდარი “მონაკოს” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. როგორც ცნობილია, ისინი ევრასთვის “გემრიელი კონტრაქტის” შეთავაზებას აპირებენ.

შეგახსენებთ, ევრა მანჩესტერელთა შემადგენლობას 2006 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სწორედ “მონაკოდან” შეუერთდა. მაშინ “იუნაიტედმა” მის სანაცვლოდ 5.500.000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ამ დროის მანძილზე, ფრანგმა მარცხენა მცველმა 244 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

სანდრო საპანაძე

კონფლიქტი ევრასა და ლიზარაზუს შორის

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი პატრის ევრა ჟურნალისტთა ნაწილს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. 32 წლის ფეხბურთელის უკმაყოფილება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ბიქსენტ ლიზარაზუს სიტყვებმა გამოიწვია. ლიზარაზუმ, რომელიც ტელევიზიაში კონსულტანტად მუშაობს, ევრა გააკრიტიკა.

„ზოგიერთი ფრანგი ჟურნალისტი ნამდვილი პარაზიტია. ისინი ხალხს ატყუებენ, რათა უარყოფითი კუთხით წარმომაჩინონ. 2010 წლის მუნდიალზე ჩემთვის არ დაუსტვენიათ. ამპარტავანი ვარ? ეს არაფერია. ხალხი ქუჩაში თბილად მხვდება, პრობლემა არავისთან მაქვს, მხოლოდ –  რამდენიმე კომენტატორთან. ლიზარაზუს ვგულისხმობ, რომელიც არ ვიცი, რატომ გამოდის ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, რაიმე მიზეზი აქვს. ორჯერ გავხდი მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი, ოთხჯერ კი – პრემიერლიგის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველი. ის ოდესმე დაუსახელებიათ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მარცხენა მცველად? ლიზარაზუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხელი არ ჩამომართვა, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში პირველი მატჩი ჩავატარე“, – აღნიშნა ევრამ ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო გადაცემაში.

ლიზარაზუმ, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ოქროს თაობას მიეკუთვნება, ევრას შესახებ ასეთი რამ თქვა:

„ის ამბობს, რომ იმიჯს უბღალავენ. განა ეს არის ჩვენი ვალდებულება? ევრა საკუთარ თავს თვითონვე უშავებს. მან ერთხელ უკვე შებღალა თავისი იმიჯი სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა იგივეს იმეორებს“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალზე ევრა ნიკოლა ანელკას პროტესტს შეუერთდა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.

ბექა დოგრაშვილი